ტესტ-მატჩები

21:37 | 13.06.2016 | ნანახია 3659 - ჯერ

ნამიბიამ ბრძოლაში მოიგო

ქართველ მსაჯ შოთა თევზაძეს „ბუქარესტის ერთა თასის“ მეორე ტურში განსასჯელად ურთულესი შეხვედრა ერგო. ესპანეთისა და ნამიბიის ეროვნულ ნაკრებებს პირველი თამაშები წაგებული ჰქონდათ, თანაც ეს მატჩი სარეიტინგო იყო და „არკულზე“ დიდი ბრძოლა გაჩაღდა.

შეხვედრის პირველი ლელო ესპანელთა შეცდომას მოყვა, გრეილინგმა გადაცემა ჩაჭრა და და ლელომდე ირბინა, ხოლო კოცემ გარდასახა - 8:0. ევროპელი „ლომები“ მეტოქეს შერკინებასა და მოლში სჯაბნიდნენ და წონასწორობაც მალევე აღადგინეს. მოლის შემდეგ ბურთი დელ ვალემ დაამიწა და ობანელ სევილამ გარდასახა. 25-ე წუთზე ესპანეთმა მეორე ლელო გაიტანა და ისიც დერეფანს მოყვა, ამჯერად ბურთი დე ხუან როლდენმა დაამიწა და გარდასახვაც კვლავ ზუსტი იყო.

შესვენების წინ მოედანზე სიტუაცია დაიძაბა. ესპანეთმა ლელოდან 5 მეტრში სიტუაციის განმუხტვა შეძლო, მაგრამ აქ საქმეში ნერვები ჩაერთო და წაკინკლავება ჩხუბში რომ არ გადაიზარდა, თევზაძის დამსახურებაცაა. მან დაძაბულობა განმუხტა და გუნდები დასასვენებლად გაუშვა - 16:8.

თ ამაში რომ განახლდა ვილსონმა ესპანელი ჰაერში შებოჭა და შოთამ ის სინბინში გაუშვა. ესპანელებმა რიცხობრივი უპირატესობა მალევე გამოიყენეს და ოთხსვლიანი კომბინაცია ლელოთი მუნილა ლო დუკამ დაასრულა, ხოლო სევილამ გარდასახა და უპირატესობა 16 ქულამდე გაზარდა. მეორე ტაიმი კიდევ უფრო რთული სამსაჯო გამოდგა და 51-ე წუთზე უხეში ბოჭვისთვის მსაჯმა სინბინში ესპანელი ბურჯი ლოპეს პერესი გაუშვა.

ახლა აფრიკელებმა მოინდომეს მეტობის გამოყენება და ესპანეთმა მათი მიძალება რამდენჯერმე ჯარიმით შეაჩერა, მაგრამ 58-ე წუთზე მაინც გატყდა, კონტარდის ვენტერიზე ბოჭვა გაუცუდდა და კოცემ ლელო გარდასახა. ნამიბიამ ტემპს კიდევ უფრო მოუმატა და 62-ე წუთზე მესამე ლელო დადო. ესპანეთი დაცვაში დროულად ვერ გადაეწყო, მარჯვენა ფლანგზე სამი ნამიბიელი მარტო დარჩა და ლელო კოცემ დადო. მანვე გარდასახვით ანგარიში გაათანაბრა - 24:24.

სიტუაციიდან გამომდინარე 71-ე წუთზე კოცემ ახლოდან ჯარიმა კარში დაარტყა და აფრიკელები დააწინაურა. ახლა ესპანელები გამოცოცხლდნენ და ლელო ქართულ სტილში გაიტანეს. მათ მოკლე დარტყმებით დაახლოებით 20 მეტრი დაფარეს და ზუსტი გარდასახვის შემდეგ საფინალო სასტვენამდე 5 წუთით ადრე 6 ქულით დაწინაურდნენ. და მაინც, მეორე ტაიმში ნამიბია უკეთ თამაშობდა და მათი მონდომება ბოლო წუთზე დაფასდა. ფეხით გადაკდებული ვან ვიკმა აიღო, ბოლო მბოჭავს დაუსხლტა და ლელო ისეთ ადგილას დადო, რომ კოცეს გარდასახვის გატანა აღარ გაჭირვებია და ნამიბიამ ესპანეთი 34:32 დაამარცხა.

ზურა ქსოვრელი


კომენტარები (3)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
18:30 | 14.06.2016
shakooo7 (17)

ლელო 6 ქულა გახდა თუ როგორაა? თუ იცით

13:15 | 14.06.2016
orioni (88)

კარგია, შოთას ავტორიტეტი ნელ-ნელა იზრდება, აუცილებლად გვჭირდება მაღალი კატეგორიის ქართველი მსაჯი...

10:26 | 14.06.2016
BEERTRANCE (1073)

წარმატებები შოთAს.

0.080004