მანჩესტერში მიმდინარე 20-წლამდელთა მსოფლიო ჩემპიონატის მეორე რაუნდში, B ჯგუფში ფავორიტებმა დაგეგმილი 5-5 ქულა ჩაიწერეს, თუმცა მეტოქეები იოლად არ დანებდნენ და პირველ ტაიმებში დიდი ბრძოლები გამართეს.
ავსტრალია პირველ რაუნდში შოტლანდიასთან დამარცხდა და თასის ნახევარფინალში გასვლის შანსის შესანარჩუნებლად, იტალიასთან მხოლოდ პრემიალური გამარჯვება უნდოდა. მაგრამ ევროპელები იოლად დანებებას არ აპირებდნენ, მით უმეტეს, რომ მეტოქემ პირველ ტაიმში შეცდომები მრავლად დაუშვა. იტალია ჯარიმით დაწინაურდა, 27-ე წუთზე მინოძიმ ფეხით გადაკიდებული ბურთი თავადვე მოიგო, ძენონმა კარგად იარა და მინოძიმ თავისივე დაწყებული იერიში ლელოთი დაასრულა, ხოლო მანტელიმ გარდასახა - 10:0.
ამის შემდეგ ავსტრალიამ შეცდომები გამოასწორა და შესვენებამდე ერთი ლელო გაქვითა, ხოლო მეორე ტაიმში 31 უპასუხო ქულა აიღო. 35-ე წუთზე ფორვარდებმა ფლანგზე მეტობა შექმნეს, სიმონ კენეველმაც გრძელი გადაცემა შეირგო და მეისონის გარდასახვის შემდეგ ტაიმი იტალიამ 10:7 მოიგო. თამაშის განახლებისთანავე მეისონმა ჯარიმით წონასწორობა აღადგინა, ხოლო 53-ე წუთზე ავსტრალია პირველად დაწინაურდა.
მათი წარმატება დიდწილად სათადარიგოთა სკამმა განაპირობა და შეცვლაზე შესულმა მორაგბეებმა - ლეალაიაულოლო-ტუიმ და ლიამ ჯერდიმ 61-ე წუთამდე ორი ლელო დადეს. პირველმა თანაგუნდელის დახმარებით ახლოდან დაარტყა, ხოლო ჯერდის ლელო თერნოვერს მოყვა, რომლის შემდეგაც ორივე გუნდის მორაგბეებმა შეცდომები დაუშვეს და სიტუაციაში ყველაზე კარგად ლიამი გაერკვა. საფინალო სასტვენამდე 3 წუთით ადრე, ასევე შეცვლაზე შესულმა ბურჯმა ვუიმ 50-მეტრიანი რეიდი განახორციელა, გზად სამი მბოჭავი ჩამოიცილა და „კენგურუებს“ პრემიალური ქულა მოუტანა, ხოლო საბოლოო წერტილი გაწითლებულ დროზე მეისონმა დასვა - 38:10.
„იტალიას ახალგაზრდული გუნდი ყავს, რომელიც მომავალი წლისთვის ემზადება და მათ პირველი ტაიმი ძალიან კარგად ჩაატარეს. ჩემს შეგირდებს კარგად ესმოდათ ამ თამაშის შედეგის მნიშვნელობა და ნერვიულობდნენ“ - განაცხადა ნამატჩევს ავსტრალიის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ადრიან ტომპსონმა.
მასპინძელმა ინგლისმა შოტლანდიას ასევე ხუთი ლელო დაუდო, ოღონდ მეტოქე უქულოდ დატოვა და 44:0 დაამარცხა. აღსანიშნავია, რომ რამდენიმე თვის წინ სქოთებს ინგლისელები ექვს ერზე ჰყავდათ დამარცხებული, თუმცა ამჯერად როლები შეიცვალა.
სტუმრებს წარმატებაზე ფიქრის შანსიც კი არ ჰქონდათ. ინგლისი სრულად ფლობდა უპირატესობას და შესვენებამდე გარი მელინდერმა ორი ჯარიმა და ერთი გარდასახვა გაიტანა. ლელო მოლს მოყვა და ბურთი ჯეკ უოკერმა დაამიწა - 13:0. მეორე ტაიმში, 53-ე და 55-ე წუთებზე ინგლისმა ორი წუთის ინტერვალში ორი ლელო დადო. მათ სანერვიულო მაინც ჰქონდა და მხოლოდ 75-ე წუთზე დამშვიდდნენ, როდესაც მოლით პრემიალური ლელოც გაიტანეს, სანოლოოდ კი, მეხუთე ლელოც მიითვალეს და თასის ნახევარფინალს მიუახლოვდნენ. ინგლისი ერთადერთია, რომელმაც პირველი რაუნდის შემდეგ ქულათა მაქსიმუმი აიღო.
15 ივნისს შოტლანდია იტალიას ეთამაშება, ხოლო ავსტრალია და ინგლისი პირველი ადგილის ბედს გაარკვევენ.
2016 წლის 20-წლამდელთა მსოფლიოს ჩემპიონატი
ინგლისი. მანჩესტერი. B ჯგუფი. II რაუნდი
ავსტრალია - იტალია 38:10
ინგლისი - შოტლანდია 44:0
1. | ინგლისი | 2 | 2 | 0 | 0 | 92:10 | 10 | 2 |
2. | ავსტრალია | 2 | 1 | 0 | 1 | 48:25 | 6 | 2 |
3. | შოტლანდია | 2 | 1 | 0 | 1 | 15:54 | 4 | 0 |
4. | იტალია | 2 | 0 | 0 | 2 | 20:86 | 0 | 0 |
ზურა ქსოვრელი
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია