საერთაშორისო

1:46 | 8.06.2016 | ნანახია 2984 - ჯერ

მოულოდნელი შოტლანდია და ირლანდია

20-წლამდელთა მომდევნო ორი თამაში მოულოდნელი შედეგებით დასრულდა. შოტლანდიასთან და ირლანდიასთან ფავორიტებად ავსტრალია და უელსი ითვლებოდნენ, თუმცა მათ მხოლოდ პრემიალური ქულებით მოუწიათ დაკმაყოფილება.

B ჯგუფში სადებიუტო შეხვედრის 20 წუთი უქულოდ მიილია, მერე კი ადამ ჰასტინგსმა ჯარიმით შოტლანდია დააწინაურა. ავსტრალიელებმა 4 წუთში უპასუხეს, მეტოქის დაცვის ცენტრში სივრცე როდამ შენიშნა და ბურთი ძელებსშუა დაამიწა, ხოლო მეისონმა გარდასახა. მერე ამ უკანასკნელს ჯარიმა გაუცუდდა და ტაიმი 7:3 დასრულდა.

თამაში რომ განახლდა ავსტრალიელთა ცენტრმა მაგნასიმ მეორე ყვითელი ბარათი მიიღო, მოედანი დატოვა და სქოთები თითქმის მთელი მეორე ტაიმი მეტობაში დარჩნენ. მათ დიდხანს ლოდინი არ დაჭირვებიათ და ფაგერსონმა ორიოდე წუთში ლელოთი თავისიანები 8:7 დააწინაურა. გარდასახვა არაზუსტი იყო და მეისონმა ავსტრალიას 55-ე წუთზე ჯარიმით ლიდერობა დაუბრუნა, თუმცა შოტლანდიამ მეტობით 64-ე წუთზეც ისარგებლა, გარემარბმა დარსი გრემმა ლელო დადო, გარდასახვაც ზუსტი იყო და მას შემდეგ ანგარიში აღარ შეცვლილა - 15:10.

A ჯგუფში ჩვენი მომავალი მეტოქეების თამაში სანახაობრივი და დრამატული აღმოჩნდა. ექვსი ერის დიდი სლემით მომგები უელსი ამ თამაშში კი არა, ტურნირის მოგების ერთ-ერთ მთავარ ფავორიტად ითვლებოდა და საუცხოო დასაწყისი ჰქონდა. 20 წუთში ევანსმა, გილმა და მორგან-უილიამსმა სამი ლელო დადეს, თუმცა დამრტყმელებმა ვერ ივარგეს და ორი გარდასახვის გარდა ერთი ჯარიმაც გააცუდეს - 17:0.

სხვაობა სოლიდური იყო, მაგრამ ირლანდია მებრძოლი ხასიათით გამოირჩევა და არ დანებდა. მართალია მათ ორჯერ ხელსაყრელი პოზიციიდან ჯარიმა არ დაარტყეს, მაგრამ 24-ე წუთზე ჯონსტონმა არეკნი დაკრა და ჩამორჩენა შეამცირა. მერე ირლანდია კიდევ უფრო ათამაშდა, სისწრაფეებს უმატა, უელსელთა დაცვაში სივრცეები გაჩნდა და შესვენებამდე მაკბერნიმ და სტოკდელმა ორი საპასუხო ლელო დადეს, ხოლო ჯონსტონმა ერთი გარდასახა - 17:15 უელსის სასარგებლოდ.

თამაში რომ განახლდა ჯონსმა ჯარიმით უპირატესობა გაზარდა, მაგრამ ჯონსტონმა მას ორი ზუსტი დარტყმით უპასუხა და 51-ე წუთზე ირლანდია პირველად დაწინაურდა - 21:20. აქ დაძაბულობამ პიკს უწია, მაგრამ ნერვები უკეთ კვლავ ირლანდიამ მოთოკა და 67-ე წუთზე სტოკდელმა თავისი მეორე და გუნდის მესამე ლელო გაიტანა. თამაშში განგება ჩაერთო და გარდასახვა არაზუსტი იყო, შედეგად სხვაობა 6 ქულა დარჩა და უელსელთა მონდომება 77-ე წუთზე გილის დუბლით დასრულდა. ახლა უკვე ევანსის გარდასახვა იყო გადამწყვეტი, თუმცა მიზანმა მასაც უმტყუნა, დარჩენილი 3 წუთი ირლანდიამ მეტოქის ნახევარზე გაატარა და 26:25 მოგებით გაიხარა.

ვახტანგ აბდალაძე განაცხადში იყო, თუმცა თამაშში არ ჩართულა. მისი ირლანდია 11 ივნისს ახალ ზელანდიას ეთამაშება, ხოლო გაწბილებულ უელსს საქართველო ელოდება.

ზურა ქსოვრელი


კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
0.08541