ინგლისი

11:28 | 7.06.2016 | ნანახია 1891 - ჯერ

„სარასენსი“ კიდევ უფრო ძლიერდება

ევროპის ჩემპიონთა თასისა და ინგლისის პრემიერშიპის გამარჯვებული, ჩვენებური „ლელოს“ მეგობარი კლუბი ლონდონის „სარასენსი“ მომავალ სეზონს კიდევ უფრო გაძლიერებული ხვდება.

„სტორმერსიდან“ სამხრეთ აფრიკელი სხალკ ბურგერის, „ბედფორდიდან“ მარკ ფლანაგანისა და „უოსპსისგან“ ალექს ლოზოვსკის დამატების შემდეგ, გუნდმა კიდევ სამი ისეთი მორაგბე დაიმატა, რომელთაც საერთაშორისო თამაშების გამოცდილება აქვთ.

24 წლის სავე რავაკა ფიჯის 7-კაცა ნაკრების წევრია და გასულ სეზონში მსოფლიო სერიის ორი ეტაპის გამარჯვებული გახდა; „სტორმერსის“ 26 წლის ბურჯ ვენსან კოხს სამხრეთ აფრიკის ნაკრების შემადგენლობაში ორჯერ უთამაშია და წელს „ბოკეს“ მეორე გუნდშია გამოძახებული; 27 წლის შონ მეიტლენდი „ლონდონ აირიშში“ თამაშობდა, რომელიც წელს პრემიერშიპს დაემშვიდობა. მის ანგარიშზე „მაორი ოლ ბლექსის“ შემადგენლობაში 3 თამაშია, თუმცა მერე შოტლანდიის მოქალაქეობა მიიღო და ამ ქვეყნის უპირველესი გუნდის კვართი 21-ჯერ მოირგო. მან მეიტლენდმა 2015 წლის მსოფლიო თასზეც ითამაშა.

„ჩემთვის უდიდესი პატივია ვიყო ჩემპიონი გუნდის ნაწილი. როგორც კი „სარასენსში“ ჩამოვედი ეგრევე მივხვდი, რომ ეს იდეალური კლუბია. მოუთმენლად ველი თანაგუნდელებთან ერთად ვარჯიშის და 2016/2017 წლების სეზონის დაწყებას“ - თქვა კოხმა, რომელიც ამჟამად „ანგლო საქსებთან“ თამაშისთვის ემზადება.

„სარასენსში“ გადასვლის შანსი რომ გამიჩნდა, წამითაც არ მიყოყმანია. შედეგები, რომელსაც ამ კლუბმა გასულ სეზონში მიაღწია, ყველაფერზე თავის თავად მეტყველებს. „ლონდონ აირიშში“ გატარებული პერიოდი ყოველთვის ტკბილად მომაგონდება. იქ არიან ისეთი ბიჭები, რომ დარწმუნებული ვარ, ეს გუნდი პრემიერშიპს მალევე დაუბრუნდება“ - ეს სიტყვები მეიტლენდს ეკუთვნის, რომელიც ვერნ კოტერმა შოტლანდიის ნაკრებთან ერთად იაპონურ ტურნეზე წაიყვანა და ახალ გუნდს იქიდან დაბრუნების შემდეგ შეუერთდება.

ზურა ქსოვრელი


კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
0.081077