დიდი 10

10:32 | 7.06.2016 | ნანახია 2620 - ჯერ

„ყოჩების“ აკადემია მუშაობას იწყებს

ბოლნისის „ყოჩებს“ უფროსი საფესტივალო ასაკის, „ბ“ ლიგისა და „ა“ ლიგის საწყისი ასაკის ახალგაზრდებისთვის საკუთარი აკადემია ექნება.

ამ პროექტზე კლუბში დიდი ხანია მუშაობა მიდის. ის ეროვნული აკადემიის მსგავსი იქნება და მოთამაშეებს პოზიციების მიხედვით ადრეული ასაკიდან შეეძლებათ უნარ-ჩვევების დახვეწა. ახალგაზრდებთან იმუშავებენ როგორც კლუბში დასაქმებული, ასევე მოწვეული სპეციალისტები. აღსანიშნავია, რომ აკადემია არ იქნება დახურული და მასში უნარ-ჩვევების დახვეწის შესაძლებლობა სხვა კლუბების მოთამაშეებსაც შეეძლებათ, მათ, ვინც ეროვნულ აკადემიაში ვერ მოხვდებიან.

„ასე ვთქვათ მეორე და მესამე ეშელონის ახალგაზრდებთან, რომლებიც ეროვნულ აკადემიაში ვერ მოხვდებიან, ჩვენ ვიმუშავებთ. გვეყოლებიან სპეციალისტები არა მხოლოდ „ყოჩების“ რესურსით, არამედ მოწვეული, კომპეტენტური სპეციალისტები. არაა გამორიცხული მოვიწვიოთ სპეციალისტები ეროვნული გუნდის სამწვრთნელო შტაბიდან და მათ ჩაატარონ სემინარები. გარდა მოთამაშეებისა, იქნება მწვრთნელთა გადამზადების კურსებიც. მწვრთნელები გაივლიან რთულ საკითხებს და მერე მათ საქართველოს რაგბის კავშირში ლიცენზირების ეტაპის გავლა გაუადვილდებათ.

ამ ყველაფერის საფუძველი ჩაყრილია, 2-3 საცდელი ვარჯიში უკვე ჩატარდა და გადავდივართ სრულ კურსზე. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა პრობლემურ პოზიციებს, მაგალითისთვის 9, 10, 15, 8, 2 და სხვა. საწყის ეტაპზე აკადემიაში დაახლოებით 30-40 ბავშვი იქნება. მერე თუ ჩვენი რესურსი გაიზრდება, შესაძლოა ბავშვთა რაოდენობამ იმატოს. ჩვენ აქცენტს ხარისხზე ვაკეთებთ და ასეთ დროს სჯობს ერთ სპეციალისტს განსაზღვრული რაოდენობის ბავშვებთან უწევდეს მუშაობა. საწყის ეტაპზე აკადემიის ფარგლებში ვარჯიშები კვირაში ორჯერ ჩატარდება. ვარჯიშები „ავჭალის“ სარაგბო მოედანზე გაიმართება, მერე კი, როდესაც ნუცუბიძეზე ჩვენი ბაზა გვექნება, ამ პროექტის განხორციელება ბევრად გაადვილდება და უფრო ეფექტური იქნება. სტრუქტურა უკვე ჩამოყალიბებულია, თუმცა არაა გამორიცხული მუშაობის პროცესში რაღაცეები შეიცვალოს.

აკადემიაზე მიბმული იქნება „ოქროს ყოჩები“. ესაა ასე ვთქვათ შიდა ნაკრები, რაც ბავშვების მოტივაციას გაზრდის. ჩვენ ჭაბუკთა „ბ“ ლიგაში ოთხი გუნდი გამოგვყავს. „ოქროს ყოჩების“ ბირთვი აკადემიის ახალგაზრდები იქნებიან და ასაკის მიხედვით, მას ამ ოთხი გუნდიდან შევავსებთ. „ოქროს ყოჩები“ ვერ მიიღებს მონაწილეობას საქართველოს ჩემპიონატში, თუმცა ის ითამაშებს სხვადასხვა ტურნირებში, როგორც საქართველოში, ასევე მის ფარგლებს გარეთ.

აკადემიაში დიდი ყურადღება მიექცევა 7-კაცა რაგბის განვითარებას, რომლისთვისაც ცალკე სტრუქტურა იქნება და ცალკე ხელმძღვანელი ეყოლება. რა თქმა უნდა, მასში ჩართული ახალგაზრდების მომზადების სისტემა განსხვავებული იქნება“ - გვიყვება აკადემიის შესახებ „ყოჩების“ დირექტორი თემურ გაფრინდაშვილი.


კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
0.080112