20-წლამდელები

12:49 | 6.06.2016 | ნანახია 3748 - ჯერ

U20: ახალი ზელანდია - 8-იდან ხუთჯერ ჩემპიონი

ხვალიდან ქართული რაგბის ისტორიაში ახალი ფურცელი ჩაიწერება - 20-წლამდელთა ნაკრები ასაკობრივ მსოფლიოს ჩემპიონატში ჩაერთვება.

ეს ტურნირი ყოველწლიურია და „მსოფლიო რაგბიმ“ 2008 წლიდან დაარსა. მანამდე მსოფლიოს ჩემპიონატი 19 და 21-წლამდე მორაგბეებს შორის იმართებოდა და ერთგვარად მათი გაერთიანება მოხდა. თავდაპირველად ელიტურ დივიზიონში მონაწილე ნაკრებების რაოდენობა 16-ით განისაზღვრა და სადებიუტო ტურნირს უელსმა უმასპინძლა. თავიდანვე განისაზღვრა, რომ გუნდები ყველა ადგილს გაითამაშებდნენ და ბოლოადგილოსანს მომავალი წლისთვის „ალაფის“ გამარჯვებული ჩაანაცვლებდა, სადაც 8 გუნდი თამაშობდა. პირველ წელს ახალმა ზელანდიამ ყველა მეტოქეს დიდი სხვაობით აჯობა და ჩემპიონის ტიტული მოიპოვა.

2009 წელს 20-წლამდელთა მსოფლიოს ჩემპიონატს იაპონიამ უმასპინძლა. მართალია ახალ ზელანდიას ამჯერად ყველა თამაში დიდი სხვაობით არ მოუგია, მაგრამ ტურნირი დაუმარცხებლად განვლო, პირველი გათამაშების დარად, ფინალში კვლავ ინგლისს სძლია და მეორედ შემართა 20-წლამდელთა მსოფლიოს ჩემპიონის თასი.

ფინანსური პრობლემების გამო, 2010 წლიდან მსოფლიოს ჩემპიონატის მონაწილეთა რაოდენობა 12-მდე შემცირდა. შედეგად, უფრო კონკურენტუნარიანი გახდა მეორე დონის „ალაფა“, რომელიც 8-გუნდიანი დარჩა. მსოფლიოს ჩემპიონატზე კვლავ ყველა ადგილი თამაშდება, ოღონდ ჯგუფების რაოდენობა 3-მდე შემცირდა, თასის ნახევარფინალში სამ გამარჯვებულთან ერთად ერთი საუკეთესო მეორეადგილოსანი გადის, ორი მეორეადგილოსანი და ორიც უკეთესი მესამე, V-VIII ადგილებისთვის იბრძვიან, ხოლო დანარჩენები IX-XII ადგილისთვის. აქ უმთავრესია ბოლო ადგილიდან თავის დაღწევა, რადგან ის მომავალ წელს „ალაფაზე“ ქვეითდება.

შეკვეცილ მსოფლიოს ჩემპიონატზე ახალმა ზელანდიამ კვლავ იმარჯვა. „ახალგაზრდა ოლ ბლექსმა“ ჯგუფურ ეტაპზე ყველა გუნდს დიდი სხვაობით აჯობა, ინგლისს ამჯერად ნახევარფინალურ ეტაპზე გადაეყარა და 28:16 მოუგო, ხოლო ფინალში ავსტრალია 62:17 გაანადგურა. 2011 წელს ინგლისი ფინალში დაბრუნდა, თუმცა იქ მეოთხე წელიწადში მესამედ ახალ ზელანდიასთან დამარცხდა - 22:33.

ამრიგად, პირველი ოთხი ტურნირი ახალმა ზელანდიამ მოიგო, ზედიზედ 20 თამაში და ფინალში სამჯერ ინგლისს, ხოლო ერთხელ ავსტრალიას აჯობა. 2012 წელს ახალგაზრდა „ოლ ბლექსის“ ჰეგემონია მასპინძელმა, სამხრეთ აფრიკამ დაამხო, რომელმაც მანამდე სამჯერ დაიკავა მესამე ადგილი. ზელანდიამ 20-წლამდელთა მსოფლიოს ჩემპიონატზე პირველი მარცხი სწორედ 2012 წელს, ჯგუფურ ეტაპზე განიცადა. მისი 21-მატჩიანი მოგებების სერია უელსმა შეწყვიტა - 9:6, თუმცა „ოლ ბლექსი“ საუკეთესო მეორეადგილოსნის სტატუსით ნახევარფინალში მაინც გავიდა და უელსთან რევანში აიღო - 30:6. სამაგიეროდ, მასპინძელ სამხრეთ აფრიკას ვერაფერი მოუხერხა და ფინალი 16:22 დათმო.

2013 წელს 20-წლამდელთა მსოფლიოს ჩემპიონი პირველად გახდა ევროპული გუნდი. ტურნირი საფრანგეთში გაიმართა და ყველაზე დაძაბული გამოდგა. ჯგუფურ ეტაპზე დიდი სხვაობები აღარ დაფიქსირდა, ჯგუფები სამხრეთ აფრიკამ, ახალმა ზელანდიამ და უელსმა მოიგეს, ხოლო ინგლისი ნახევარფინალში სამხრეთ აფრიკის ჯგუფიდან გავიდა. ნახევარფინალში მან ახალ ზელანდიას 33:21, ხოლო უელსმა სამხრეთ აფრიკას 18:17 მოუგო. ფინალში ინგლისმა 23:15 იმარჯვა, ხოლო მესამე ადგილი აფრიკელებს ერგოთ, რომლებმაც ზელანდიელებს 41:34 მოუგეს.

2014 წელს ჩემპიონი კვლავ ინგლისი გახდა, თანაც ტურნირი ახალ ზელანდიაში მოიგო. „ოლ ბლექსი“ ვერც ამჯერად იყო ფორმაში და სამხრეთ აფრიკასთან ჯერ ჯგუფში, მერე ნახევარფინალში დამარცხდა. ინგლისმა ფინალამდე გზა იოლად განვლო, იქ სამხრეთ აფრიკასთან დიდი ბრძოლა გამართა და 21:20 იმარჯვა.

სამწლიანი პაუზის შემდეგ ზელანდიელებმა 20-წლამდელთა მსოფლიოს ჩემპიონის ტიტულის შარშან დაიბრუნეს. ტურნირს რვა წელიწადში მეორედ უმასპინძლა იტალიამ. ინგლისი ჯგუფურ ეტაპზე საფრანგეთთან დამარცხდა, მაგრამ ნახევარფინალში საუკეთესო მეორეადგილოსნის სტატუსით გავიდა და იქ სამხრეთ აფრიკას 28:20 სძლია. „ოლ ბლექსს“ ჯგუფურ ეტაპზე მხოლოდ არგენტინასთან გაუჭირდა - 32:29, შოტლანდიას და ირლანდიას დამაჯერებლად აჯობა, ნახევარფინალში საფრანგეთს 45:7 სძლია, ხოლო ფინალში ინგლისი 21:16 დაამარცხა.

ამრიგად, გასული 8 ტურნირიდან ხუთი ახალმა ზელანდიამ მოიგო, ორჯერ ჩემპიონი ინგლისი გახდა და ერთხელ სამხრეთ აფრიკა. წელს მსოფლიოს ჩემპიონატს ინგლისი, მანჩესტერი მასპინძლობს და ის 7-25 ივნისს გაიმართება. ტურნირი 18:15 საათზე ორი პარალელური მატჩით გაიხსნება - საფრანგეთი არგენტინას და სამხრეთ აფრიკა იაპონიას ეთამაშება; 20:30 საათზე უელსი ირლანდიას, ხოლო ავსტრალია შოტლანდიას ეთამაშება; დღის ბოლო წყვილები ინგლისი-იტალიამ და ახალი ზელანდია - საქართველომ შეადგინა. ეს მატჩები 22:45 საათზე იწყება.

საქართველოს ნაკრებს მსოფლიოს ჩემპიონების შემდეგ 11 ივნისს, 18:45 საათზე 20-წლამდელთა ექვსი ერის დიდი სლემით მომგები უელსი ელის, ხოლო ჯგუფურ ეტაპს 15 ივნის ირლანდიასთან მატჩით ასრულებს, რის შემდეგ პლეი ოფების ბადე გაირკვევა. საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებელი საქართველოს 20-წლამდელთა ნაკრების ხუთივე მატჩის, ასევე ფინალური შეხვედრის პირდაპირ ტელე-რეპორტაჟს შემოგვთავაზებს.

განვლილ 8 წელიწადში საქართველოს 20-წლამდელთა ნაკრებმა მეორე დონის, მსოფლიოს ჩემპიონატის 8-გუნდა „ალაფაზე“ ხუთჯერ ითამაშა. 2008 წელს ჩილეში და 2011 წელს თბილისში, გუნდმა მესამე ადგილები დაიკავა, 2012 წელს აშშ-ში მეოთხე იყო, 2014 წელს ჰონკონგში მხოლოდ მეხუთე ადგილს შეწვდა, შარშან კი, პორტუგალიაში შეუდარებელი იყო და „ალაფის“ მოგებით 12-გუნდა ელიტაში დაწინაურდა.

წელს, მანჩესტერში, „უმცროსმა ბორჯღალოსნებმა“ რა ედეგიც არ უნდა აჩვენონ, გაისად ელიტაში მაინც იქნებიან. ეს იმიტომ, რომ 2017 წელს მსოფლიოს ჩემპიონატს საქართველო მასპინძლობს, თუმცა გუნდი არ აპირებს მხოლოდ ამით სარგებლობას და თამაშების მოგებას ინგლისშიც გეგმავს, ოღონდ ამას უფრო მესამე-მეხუთე შეხვედრებში უნდა ველოდოთ.

ზურა ქსოვრელი


კომენტარები (2)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
23:24 | 06.06.2016
ogafa (407)

წარმატებები

16:52 | 06.06.2016
shakooo7 (17)

ვაა, ეს არ ვიცოდი თუ გაისადაც დაბევებული გვაქ. აბა ალაფის გამარჯვებული არ ამოვა ზემოთ?

0.091729