ავსტრალიის ნაკრებისა და „ბრამბისის“ მესამეხაზელმა დევიდ პოქოქმა იაპონიის ტოპ ლიგის გუნდ „პანასონიკ ვაილდ ნაითსთან“ სამწლიანი კონტრაქტი გააფორმა და ის დეკემბრიდან შევა ძალაში.
28 წლის ავსტრალიის საუკეთესო მორაგბე, იაპონელთა რიგებს მას შემდეგ შეუერთდება, რაც „ვოლაბებთან“ ერთად ნოემბრის ტესტ-მატჩებს ითამაშებს. აღსანიშნავია, რომ „ვაილდ ნაითს“ ამჟამად ავსტრალიელთა ყოფილი მწვრთნელი, პოქოქისთვის კარგად ნაცნობი რობი დინსი თავკაცობს. „რაინდები“ იაპონიაში პირველობას მესამე წელია არავის უთმობენ.
დევიდის მტკიცე მოთხოვნით, კონტრაქტში შევიდა პუნქტი, რომლის მიხედვითაც მას საშუალება აქვს 2018 წლის მარტში „ბრამბისს“ დაუბრუნდეს და სუპერ რაგბიში ორი სეზონი ჩაატაროს, რათა 2019 წლის მსოფლიო თასისთვის ნაკრების შემადგენლობაში ადგილი დაიბევოს, რის შემდეგაც კვლავ იაპონურ კლუბში დაბრუნდება.
„აღფრთოვანებული ვარ ისეთ გუნდში გადასვლით, როგორიც „ვაილდ ნაითსია“. მას დიდი ისტორია აქვს. მოუთმენლად ველი რობი დინსთან მუშაობის დაწყებას. როდესაც 2012 წელს ჯორჯ სმიტი იაპონიიდან დაბრუნდა, მას ბევრი ახალი სათამაშო თვისება ჰქონდა შეძენილი. იმედია, მეც ბევრ რამეს შევიძენ“ - აცხადებს დევიდ პოქოქი.
„ბედნიერები ვართ, რომ პოქოქმა არჩევანი ჩვენი კლუბის სასრგებლოდ გააკეთა. მე ეჭვიც არ მეპარება - იგი შეძლებს ახალ გუნდელებთან შეთამაშებას და წარმატებით ასპარეზობას“ - ამბობს „პანასონკ ვაილდ ნაითსის“ მთავარი მწვრთნელი რობი დინსი.
აღსანიშნავია, რომ ცოტა ხნის წინ პოქოქმა ერთი წლით ინგლისში სასწავლებლად წასვლის სურვილი გამოთქვა, მაგრამ როგორც ჩანს გადაიფიქრა.
უჩა გოგიძე
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია