სხვა

18:50 | 28.05.2016 | ნანახია 3703 - ჯერ

კაჭარავას მეშვიდე [+ვიდეო]

საქართველოს ნაკრების შუამარბი დავით კაჭარავა ივნისის ტესტ-მატჩებს ბრწყინვალე ფორმაში ხვდება. მან რუსეთის პრემიერლიგის მიმდინარე სეზონში მესამე თამაში ჩაატარა და მეშვიდე ლელო გაიტანა.

31 წლის მორაგბემ პირველ ტურში დუბლი, ხოლო გასულ მატჩში პოკერი შეასრულა და ულელოოდ მოედანი არც პრემიერლიგის მთავარ, კრასნოიარსკულ დერბიში დატოვა. მისი „ენისეი“ ქვეყნის ჩემპიონს, თასისა და სუპერთასის მფლობელს, ლაშა მალაღურაძისა და ვალერი ცნობილაძის „კრასნი იარს“ ეთამაშებოდა.

შეხვედრამ გულშემატკივრის მოლოდინი გაამართლა. იყო დაძაბულობა, სანახაობა, ბრძოლა და ყველაფერი ის, რაც მაყურებელს ახარებს. „კრასნი იარი“ ნომინალური მასპინძელი იყო და ცნობილაძემ თამაში სასტარტო შემადგენლობაში დაიწყო, ხოლო მალაღურაძე შეცვლაზე მეორე ტაიმში შევიდა. სტუმართა შორის ტრადიციულად სრულად ითამაშა კაჭარავამ.

„ენისეი“ თავიდანვე ფლობდა სათამაშო უპირატესობას, მაგრამ ლელოს დადება მხოლოდ ერთხელ მოახერხა. იური კუშნარიოვმა გარდასხვა და ორი ჯარიმა გაიტანა. ჩემპიონს სალელოვე შანსი არ ჰქონია, თუმცა ანტონ რიაბოვმა ექვსი მცდელობიდან ოთხი ჯარიმა გამოიყენა და ტაიმი 12:13 დასრულდა.

შესვენების შემდეგ „ენისეი“ უკეთ ათამაშდა და კიდევ ოთხი ლელო გაიტანა. 50-ე და 63-ე წუთებზე თავი კუშნარიოვმა და რუდოიმ გამოიჩინეს, 65-ეზე მასპინძლებმა თავიანთი ერთადერთი ლელო გაიტანეს და მატჩის გადარჩენის იმედიც გაუჩნდათ. მაგრამ „ენისეიმ“ 71-ე წუთზე გადაცემა ჩაჭრა, სწრაფი კონტრშეტევა წამოიწყო, ბოლო პასი კაჭარავამ მიიღო და მცველის ბოჭვის მიუხედავად ბურთი ლელოში დაამიწა. ტაიმის ბოლოს სტუმრებმა მეხუთედაც აიღეს „კრასნი იარის“ ჩათვლის მოედანი და 39:17 იმარჯვეს.

ზურა ქსოვრელი


კომენტარები (1)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
19:23 | 28.05.2016
→ LELOS← (98)

მატჩების განრიგი საქართველო დროით:
11/06/16, 06:00 სთ. აპია, სამოა
სამოა - საქართველო

18/06/16, 04:45 სთ. სუვა, ფიჯი
საქართველო - ტონგა

24/06/16, 07:00 სთ. სუვა, ფიჯი
ფიჯი - საქართველო

19:32 | 28.05.2016
DataN24 (215)

ვა შუაღამე რაგბი ასწორებს

22:19 | 28.05.2016
→ LELOS← (98)

კი ასწორებს მაგრამ მთავარია ყურების საშვალება მოგვცენ . იქნება ვითომ პირდაპირები?

02:48 | 29.05.2016
DataN24 (215)

თუარ მეშლება სადღაც მოვკარი ყური საზმაუ ჩალიჩობს რო იყოსო მარა ზუსტად არ მახსოვს მაგ თამასებზე იყო თუარა

0.075132