20-წლამდელები

19:44 | 25.05.2016 | ნანახია 2726 - ჯერ

შეკრება დასრულდა, წინ ინგლისია

საქართველოს 20-წლამდელთა ნაკრებმა „შევარდენის“ სანაკრებო ბაზაზე მსოფლიოს ჩემპიონატის წინა დასკვნითი, 6-კვირიანი შეკრება დაასრულა. ბიჭები 4-5 დღეს დაისვენებენ, ხოლო 30 მაისს გეზს ლონდონისკენ აიღებენ.

მას შემდეგ, რაც 20-წლამდელთა მსოფლიოს ჩემპიონატი 12-გუნდა გახდა, „უმცროსი ბორჯღალოსნები“ მასში პირველად იღებენ მონაწილეობას. ქართველები ტურნირის პირველ მატჩს 7 ივნისს, მოქმედ ჩემპიონ ახალ ზელანდიასთან გამართავენ, 11-ში 20-წლამდელთა ექვსი ერის დიდი სლემით მომგებ უელსს დაუპირისპირდებიან, ხოლო ჯგუფურ ეტაპს 15 ივნისს ირლანდიასთან მატჩით დაასრულებენ.

ამით არაფერი მთავრდება, რადგან 20-წლამდელთა მსოფლიოს ჩემპიონატზე ყველა ადგილი თამაშდება. მომდევნო 8 დღეში საქართველოს ნაკრებს კიდევ ორი თამაში ელის და მომავალი მეტოქეები ჯგუფური ეტაპის დასრულების შემდეგ გაირკვევა.

შეკრების ბოლო დღეს ვარჯიში ჟურნალისტებისთვის ღია იყო და მწვრთნელებთან და მორაგბეებთან გასაუბრების საშუალება მოგვეცა:

ლადო კილასონია (20-წლამდელთა ნაკრების მწვრთნელი): „დიდი ხანია ჩვენს 20-წლამდელთა ნაკრებს ამ დონის ტურნირში არ უთამაშია. პირველი თამაში მსოფლიოს მოქმედ ჩემპიონ ახალ ზელანდიასთან გვაქვს. მსოფლიოს მასშტაბით თუ რამე ახალი ინერგება შეტევაში, სწრაფი და დინამიური, ეს სწორედ ზელანდიიდან მოდის. მეორე თამაში ექვსი ერის დიდი სლემით მომგებ უელსთან გვიწევს და ის არაფრითაა ნაკლები ახალ ზელანდიაზე. ეს თავად უელსელებმაც იციან და ყველა თამაშისთვის განსაკუთრებულად ემზადებიან და ჯგუფურ ეტაპს ირლანდიით ვასრულებთ.

ეს უკანასკნელი განსაკუთრებით და ზოგადად ყველა ჩვენი მოწინააღმდეგე, სათამაშო სტილით ძალიან გვანან თავიანთი ქვეყნის ეროვნულ ნაკრებებს. უელსი ფიზიკური და აგრესიულია, ირლანდია სწრაფი და დინამიური. ვცდილობთ ამას რაღაც დავუპირისპიროთ და ბიჭებს შესაბამისად ვამზადებთ. მათ კარგად იციან რა დონის ტურნირზე მივდივართ.

გვაქვს რაღაც გათვლები, ამის შესახებ გუნდი ინფორმირებულია, თუმცა, ამ ეტაპზე მისი გახმოვანებისგან თავს შევიკავებ და პროგნოზების კეთებასაც არ დავიწყებ. ვფიქრობ, ყოველ მეოთხე დღეს ხუთი თამაშის ჩასატარებლად მზად ვართ. ახალგაზრდულ ნაკრებს ასეთი რთული შეკრება აქამდე არასდროს გაუვლია. 20-წლამდელებში ეროვნულის მოსამზადებელი მოდელი გადმოვიტანეთ. ვარჯიშები მორგებული იყო იმ დეტალებზე, რასაც მომავალ თამაშებში მეტოქეებისგან ველით. დიდი სიურპრიზი არ უნდა იყოს, რომ საქართველოს ახლოში არავინ შემოუტევს და პირიქით, მისგან სწორედ ახლოში დაიცავენ თავს. ამიტომ, ვარჯიშები იყო დინამიური და მაქსიმალურად აჩქარებული. ბიჭები კარგ ფიზიკურ ფორმაში არიან. ინგლისში შემოგვიერთდებიან ბექა გორგაძე და გიორგი ჯავახია.

დიახ, ევროპის წამყვან გუნდებთან ჩვენი 18-წლამდელები ბოლო პერიოდში ტოლსწორად თამაშობდნენ, თუმცა სწორედ ამ ორ წელიწადში ეს გუნდები ყველაზე მეტად გვშორდებიან. ჩვენი მოთამაშეების განვითარების დონე ჩვენი ეროვნული ჩემპიონატია, ხოლო მათი პროფესიული კლუბები ჩემპიონთა თასზე და კელტების ლიგაზე. თუ გადავხედავთ, 15-წლამდელთა ნაკრები ბევრ მეტოქეს უგებს, მერე ეს ტენდენცია ნელ-ნელა კლებულობს და როდესაც 20-წლამდელებამდე მიდიოდა საქმე, იქ ყველაფერი სხვაგვარად იყო. ეს სწორედ იმის შედეგია, რომ ამ ასაკში უკვე ეთამაშები არა სკოლების გუნდების ნაკრებს, არამედ მათი პროფესიული კლუბების მოთამაშეებისგან შემდგარ ნაკრებს“.

ვასილ ლობჟანიძე (20-წლამდელთა ნაკრების კაპიტანი): „ურთულეს ჯგუფში მოვხვდით და პირველი თამაში გვაქვს ახალ ზელანდიასთან, რომელმაც 2015 წლის 20-წლამდელთა მსოფლიოს ჩემპიონატი მოიგო. ყველანაირად უნდა ვეცადოთ, რომ არ შევრცხვეთ, რადგან ისინი მართლა განსაკუთრებულად ძლიერები არიან. სირთულეებს შეგვიქმნის ტურნირის კალენდარიც. ჩვენი ნაკრების წევრებიდან არცერთს, აქამდე ოთხ კვირაში ხუთი თამაში არ ჩაუტარებია, მით უმეტეს ასეთი დონის ტურნირზე“.

დავით მესხი (მორაგბე): „ჩვენი უმთავრესი მიზანია მეოთხე და მეხუთე თამაშის წარმატებით დასრულება, თუმცა, თუ სასწაულებსაც მოვახდენთ, არც ეს იქნება ურიგო. პირველსავე თამაშში ზელანდიასთან ამის გაკეთებაზე ნაკლებად ვფიქრობთ, უელსთან და ირლანდიასთან კი, ვნახოთ თამაში როგორ აეწყობა. საქართველოს 20-წლამდელთა ნაკრების უპირატესობა, ისევე, როგორც ეროვნულ გუნდში, შერკინებაა. თუმცა, მეტოქეებს ხაზით გაშლილ თამაშსაც შევთავაზებთ და ვნახოთ რა გამოვა“.

საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებელი 20-წლამდელთა მსოფლიოს ჩემპიონატიდან საქართველოს ნაკრების ხუთივე მატჩის და ფინალური შეხვედრის პირდაპირ ტელეტრანსლიაციას გეგმავს.

ზურა ქსოვრელი


კომენტარები (1)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
20:24 | 25.05.2016
tamasho (88)

მელიტონ შენ რაღას უყურებ მოვიდა ივნისი

0.092976