კელტების ლიგა

11:18 | 22.05.2016 | ნანახია 1591 - ჯერ

„კონახტის“ ისტორიული ფინალი

ირლანდიურმა „კონახტმა“, რომელიც აქამდე ირლანდიელების, უელსელების, შოტლანდიელების და იტალიელების გაერთიანებულ ჩემპიონატში ლიდერებში არასდროს ყოფილა, მიმდინარე სეზონის რეგულარული პირველობის უმეტესი ნაწილი ლიდერის პოზიციაზე გაატარა და ლოგიკურია, ფინალში რომ ითამაშებს.

კელტების ლიგის, იგივე პრო 12-ის ნახევარფინალში „კონახტმა“ იმ მომენტისთვის მოქმედი ჩემპიონი, შოტლანდიური „გლაზგო“ 16:11 დაამარცხა და ფინალში პირველად ითამაშებს. ის 28 მაისს ასევე ირლანდიურ „ლენსტერს“ შეხვდება, რომელიც ფინალში მეცხრედ გავიდა და წინა 8 შემთხვევიდან 4-ჯერ გახდა თასის მფლობელი, რაც ტურნირის რეკორდია.

შალვა მამუკაშვილის ხათრით, სეზონის მსვლელობისას რაგბის ქართველი ქომაგი „გლაზგოს“ გულშემატკივარი იყო, თუმცა ბოლო დროს ის შემადგენლობაში ვეღარ ხვდებოდა, მერე კლუბმა განაცხადა, ქართველ კვაჭთან ხელშეკრულებას აღარ გავახანგრძლივებთო და „უორიორსი“ ჩვენთვის ერთ ჩვეულებრივ გუნდად იქცა. აღსანიშნავია, რომ „მეომრებს“ 9-მატჩიანი მოგებების სერია მაისის დასაწყისში, პრო 12-ის დასკვნით ტურში სწორედ „სპორტსგრაუნდზე“ შეუწყდათ, როდესაც „კონახტთან“ 7:14 დამარცხდნენ და 21 მაისს ამავე გუნდთან, ამავე სტადიონზე მოუწიათ თამაში.

„გლაზგოს“ რევანშის წყურვილი ჰქონდა, თანაც ტიტულის შესანარჩუნებლად მოგება აუცილებელი იყო, მაგრამ პრობლემები მატჩის დებიუტშივე შეექმნა, როდესაც მათი მგეზავი ფინ რასელი დაშავდა და ის მოედნიდან საკაცით გაიყვანეს. ტაიმის შუაში „კონახტის“ ლელო ვიდეო-რეფერიმ გააუქმა და ამერიკელმა ალან მაკგინტიმ ჯარიმით ანგარიში გახსნა. დანკან ვეიერმა წონასწორობა ჯარიმითვე ორიოდე წუთში აღადგინა, ხოლო შესვენებამდე რამდენიმე წუთით ადრე პირველი ლელო გავიდა - აკის დარტყმული ბურთი მასპინძელთა ნიგერიელმა გარემარბმა ნიუი ადეოლოკუნიმ აიტაცა, ბოჭვისგან თავის დასაღწევად ძალაც ეყო და სისწრაფეც და ბურთი ძელებსშუა დაამიწა. მაკგინტმა გარდასახა და ტაიმი 10:3 დასრულდა.

თამაშის განახლებიდან 8 წუთში, შოტლანდიელთა გიგანტმა მეორეხაზელმა ლეონ ნაკარავამ საპასუხო ლელო გაიტანა. ფიჯელმა, რომელიც ახალ სეზონს ტოპ 14-ის რასინგში დაიწყებს, ახლოდან მძლავრად დაარტყა და როგორც შემდგომში აღმოჩნდა, „გლაზგოსთან“ გამოსამშვიდობებელ მატჩში ლელო გაიტანა, მაგრამ გარდასახვა არაზუსტი იყო და „კონახტი“ ლიდერად დარჩა.

მაკგინტმა ჯარიმით ირლანდიელთა უპირატესობა 5 ქულამდე გაზარდა, ვეიწიმ ჯარიმით 4 წუთში უპასუხა, ხოლო 64-ეზე მაკგინტიმ იმ საღამოს მესამე ჯარიმა გაიტანა - 16:11. საფინალო სასტვენამდე 10 წუთზე ოდნავ მეტი რჩებოდა, როდესაც ადეოლოკუნიმ დუბლი შეასრულა, თუმცა საქმეში კვლავ ვიდეო-რეფერი ჩაერია და შემთხვევითი ბლოკისთვის ლელო გააუქმა. მერე „კონახტი“ მოედანზე კაცნაკლული დარჩა და სიტუაცია დაიძაბა, თუმცა „გლაზგომ“ მეტობის გამოყენება ვერ შეძლო, 11:16 დამარცხდა და ჩემპიონობას დაემშვიდობა, ხოლო 7800-მა ქომაგმა „კონახტი“ „მარიფილდზე“ გასამართ ფინალზე მხურვალე ტაშით გააცილა.

ზურა ქსოვრელი


კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
0.105227