გუშინ თსუ-ის პირველ კორპუსში „დიდი 10“-ის ფინალში მონაწილე გუნდების მორაგბეები სტუდენტებს შეხვდნენ და მათთან ერთად ეროვნული პირველობის წლევანდელი ფინალი განიხილეს.
სტუდენტებთან შეხვედრაზე „ლოკომოტივიდან“ ვაჟა ხუციშვილი და ფარნავაზ გასვიანი, ხოლო ჩემპიონ „ლელო-სარასენსიდან“ ლექსო იორდანიშვილი და სანდრო მინდიაშვილი იყვნენ წარმოდგენილნი. შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა, სტუდენტებმა მორაგბეებს კითხვები ფინალის მსვლელობაზე, ეროვნულ ჩემპიონატზე, რაგბის განვითარებასა და სხვა თემებზე დაუსვეს.
ვაჟა ხუციშვილი („ლოკომოტივის“ მორაგბე): „თსუ-ის სტუდენტებთან სასიამოვნო შეხვედრა შედგა. აუდიტორიიდან საინტერესო კითხვები დაგვისვეს, ჩვენის მხრივ, ვეცადეთ ამომწურავი პასუხები გაგვეცა. კარგი იქნება თუ მსგავსი შეხვედრები სხვა უნივერსიტეტებში და სკოლებშიც მოეწყობა, ეს ხელს შეუწყობს რაგბის პოპულარობის გაზრდას ჩვენს ახალგაზრდებში“.
გუჯუ ალავიძე (სტუდენტი): „ძალიან საინტერესო შეხვედრა გამოვიდა. მას მომავალი მორაგბეებიც ესწრებოდნენ და მათთვის აუცილებელია წარმატებული მორაგბეებისგან თეორიული ცოდნის მიღება გამარჯვების, თუნდაც მარცხის შესახებ. მათ ეს ცოდნა შემდგომში პრაქტიკაში გამოადგებათ. საჭიროა ქომაგმა გაიგოს რაოდენ დიდ შრომას დებენ მორაგბეები შედეგის მისაღწევად, რამდენს აკეთებენ, რათა ქართული რაგბი წინ წავიდეს და განვითარდეს. თავის მხრივ, ქომაგიც უნდა განვითარდეს და ისწავლოს რაგბის გულშემატკივრობა“.
შეგახსენებთ, რომ „დიდი 10“-ის ფინალი გასულ კვირას გაიმართა და დაძაბულ ბრძოლაში გამარჯვება „ლელო-სარასენსმა“ მოიპოვა - 17:15. ის ჯამში მეექვსედ და ზედიზედ მეოთხედ გახდა საქართველოს ჩემპიონი, რაც ქვეყნის რეკორდია.
უჩა გოგიძე
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია