საერთაშორისო

11:19 | 20.05.2016 | ნანახია 2895 - ჯერ

ორი „ქართული გუნდი“ რაგბი 10-ის საკლუბო მსოფლიო ჩემპიონატზე

ცნობილი გახდა იმ რვა გუნდის ვინაობა, რომლებიც წელს რაგბი 10 საკლუბო მსოფლიო ჩემპიონატში მიიღებენ მონაწილეობას.

ეს ტურნირი პირველად 2014 წელს სინგაპურში ჩატარდა და ჩემპიონობა ახალზელანდიურმა „ბლუზმა“ მოიპოვა. წელს მას 18-19 ივნისს აღმოსავლეთ აფრიკაში, ინდოეთის ოკეანის სამხრეთ-დასავლეთ ნაწილში მდებარე კუნძულ-სახელმწიფო მავრიკი უმასპინძელს. თამაშები მის დედაქალქ პორტ-ლუიში მდებარე 16-ათასიან სტადიონ „ენჟალეიზე“ ჩატარდება.

World Club 10s-ის მონაწილე გუნდები ორ ჯგუფში არიან განაწილებული - A ჯგუფში მამუკა გორგოძის, ლევან ჩილაჩავას, კოტე მიქაუტაძისა და ბადრი ალხაზაშვილის ფრანგული „ტულონი“, ავსტრალიური „ვესტერნ ფორსი“ და „ბრამბისი“, ასევე იტალიის ნაკრები ითამაშებენ; B ჯგუფში მოხვდნენ ზურაბ ჟვანიას და გიორგი მელიქიძის ფრანგული კლუბი „სტად ფრანსე“, ევროპის ჩემპიონთა თასის მფლობელი ლონდონის „სარასენსი“, სამხრეთ აფრიკული „შარქსი“ და „აზიისა და წყნარი ოკეანის დრაკონები“.

რაგბი 10-ში გუნდები ორ 10-10 წუთიან ტაიმს თამაშობენ. ცხადია, თითოეული გუნდის შემადგენლობაში მოედანზე 10-10 მოთამაშე გადის, საიდანაც 5 მორკინალია და ამდენივე უკანახაზელი. წავლენ თუ არა მავრიკში ქართველი ლეგიონერები ჯერჯერობით უცნობია, თუმცა ტურნირის ორგანიზატორები გუნდების წარდგენისას და მათი ვარსკვლავური შემადგენლობების დახასიათებისას აღნიშნავენ, რომ „ტულონისა“ და „სტად ფრანსეს“ შემადგენლობაში ახალ ზელანდიელი, სამხრეთ აფრიკელი, ავსტრალიელი, სამოელი, ფიჯელი და ქართველი ვარსკვლავები თამაშობენ.

დასახელებულია რამდენიმე ვარსკვლავის გვარიც - მსოფლიოს ორგზის ჩემპიონი მაა ნონუ, „ვოლაბები“ მეთ გიტო, დრიუ მიჩელი და ჯეიმს ოკონორი, აფრიკელები ბრაიან ჰაბანა, მორნი სტეინი და ვილემ ალბერტსი, ირლანდიელი პოლ ოკონელი, უელსელი ლეიგ ჰალფპენი და რა თქმა უნდა საქართველოს ნაკრების კაპიტენი მამუკა გორგოძე.

ზურა ქსოვრელი


კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
0.08432