დიდი 10-ის ფინალამდე ექსპერტის ამბავში ინტერვიუ ჩავწერე. ვიდექი „შევარდენის“ ბაზაზე და მომავალ თამაშს „ლელო“-„ლოკომოტივს“ ვარჩევდი, მეთქი ესე და ესე: ფინალია, ორივე გუნდს გამოცდილი მწვრთვნელები ჰყავს, ბევრის მომგები და ბევრის წამგები, ბიჭებიც დაძაბულები იქნებიან, შეიძლება თამაში ლაღი არ გამოვიდეს, არც არის გასაკვრი, საქართველოს ჩემპიონატს ხომ ყველაზე მეტად შეტევის კრეატიულობა აკლია და კიდე ათასი რამე.
საერთოდ პროგნოზებში სუსტი ვარ და რახან სუსტი ვარ, დიდად არ მიყვარს მათი კეთება, მაგრამ ესე საამაყოდ არასოდეს შევმცდარვარ. იმიტომ, რომ ნამდვილად არ მოველოდი იმას, რაც „ლოკომოტივის“ სტადიონზე მოხდა.
მგონი ეს იყო საქართველოს ჩემპიონატის საუკეთესო ფინალი, რომელიც მინახავს, უცნაური ფინალი - ლაღი, ლამაზი და დაძაბული, ეგ კი ძაან იშვიათი რამეა.
იმიტომ რომ სეზონი სხვაა და ფინალი სულ სხვა. პირველი გრძელი და მომქანცველი გზაა, სადაც უნდა გეგმო, შეინახო, მოუმატო, დააგდო, მაღლა ახვიდე, ჩამოხვიდე, ისევ შეინახო, ისევ მოუმატო და ეგრე მეტნაკლებად მთელი გახვიდე ბოლოში, მეორე კი ოთხმოცი წუთია, რომლის იქითაც აღარაფერია დარჩენილი ხსოვნისა და დავიწყების გარდა. აი ზუსტად ამიტომ არის ძალიან დიდი განსხვავება კარგ მწვრთვნელსა და ფინალის მომგებ მწვრთვნელს შორის (და ვინც არ იცის დაიმახსოვროს - იმიტომ რომ ეგ კიდე სხვა რამეა).
მაგრამ ეს სხვა ფინალი გამოდგა, ფინალი სადაც „ლოკომოტივმა“ თამაში გაშალა, (თან როგორ!) სადაც „ლელო“ შერკინებაში მიაწვა „ლოკომოტივს“, ისე რომ „ლოკომოტივმა“ აუტით თამაშიც კი არჩია, სადაც ასეთი ლამაზი და ნიჭიერი შეტევები მიება ერთმანეთს, სადაც ყველა გულშემატკივრი გიტარის სტრუნასავით დაძაბული მისჩერებოდა თამაშს და სადაც ასე მაგარად ითამაშა „ლოკომოტივმა“ და მაინც წააგო!
მე არ მიყვარს „ლოკომოტივი“ (რატომ ეს სხვა თემაა), არასოდეს ვყოფილვარ და არც არასოდეს ვიქნები მისი გულშემატკივარი, მაგრამ დღეს თამაშის ბოლოს ვგრძნობდი, რომ ვგულშემატკივრობდი, ვგულშემატივობდი იმ თავგანწირვას, იმ ვაბანკს, რომელზეც ეს გუნდი წავიდა, როდესაც ქვეყნის უკვე 4 გზის ჩემპიონს და ალბათ, შეტევაში ერთ-ერთ ყველაზე ლაღ და კრეატიულ გუნდს (თუ ქუთაისის “აია”-ს არ ჩავთვლით, ოღონდ იქ ეს კრეატიულობა ვულკანივითაა, თვითონ რომ არ იცის სად და როდის ამოხეთქავს) თამაში გაუხსნა, თან კი არ აჰყვა, არა, შეგნებულად გაუშალა და ვიტყვი, რომ აჯობა, ოღონდ სადღაც სამოცდახუთი წუთი, ფინალი კი ოთხმოცია!
მე კარგ დგილას მომიწია ჯდომა, მოედნის ცენტრში - აქეთ „ლელოს“ გულშემატკივრები, იქით „ლოკომოტივის“ და თამაშის ბოლოს, „მაუსას“ გადამწყვეტი ლელოს შემდეგ, როდესაც ყიასაშვილი რეალიზაციას ურტყამდა (გაიტანდა „ლელო“ ორი ქულით გადიოდა წინ, ააცილებდა და ფრე ჯდებოდა), „ლელოს“ ერთ-ერთმა გულშემატკივარმა ძალიან მაგარი რამე თქვა: თუ რაგბის ღმერთები ეხლა იყურებიან, უნდა ააცილოს, იმიტომ რომ იმ გუნდმა ნაღდად დაიმსახურა დამატებითი დროო.
ყიასაშვილმა კი დაარტყა და გაიტანა, რას იზამ ეგეთი უცნაური ხალხია ღმერთები.
„ლელო“ ზედიზედ მეოთხედ გახდა საქართველოს ჩემპიონი. გუნდს თასი საქართველოს რაგბის კავშირის ახალმა პრეზიდენტმა გოჩა სვანიძემ გადასცა, მერე იყო სარეკლამო ბანერების ჩარჩოში გამომწყვდეული სიხარული, ჩაკუზული ფოტოგრაფები, მაყურებლის ტაში და ახალი ჩემპიონის თავზე ავარდნილი ლაპლაპა ფურცლის ნაგლეჯების ფეერვერკი, მაგრამ მე რატომღაც ყველაფერი ამის უკან, თავის სათადარიგო სკამთან შექუჩული „ლოკომოტიველებისკენ“ გამირბოდა თვალი, მარტოები, გაოფლილები, დალეწილები რომ იდგნენ ერთად, ასე ახლოს და მაინც ასე შორს ამ დიდი სიხარულისგან და ჩუმად უყურებდნენ ჰაერში მოფრიალე ლაპლაპა ნაგლეჯებს. ეგ იშვიათი სურათია: გამარჯვებულების უკან ის დამარცხებული რომ დგას, რომელსაც არაფერი წაუგია, იცის ცხოვრებამ ეგეთი რამეები, კინომაც, ლიტერატურამაც, სპორტმა ხომ საერთოდ!
ლადო კილასონიას სხვა სპორტული ზღაპრები იხილეთ აქ:
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია
გმადლობთ ბატონო ლადო, სტატიაც ძალიან კარგია და დამწერიც შესანიშნავი ადამიანი ჩანს: იშვიათად მინახავს ადამიანი, რომელიც ასე ალალად და სიამოვნებით აღიარებს - შევცდიო. მხოლოდ ერთი მცირე მეგობრული შენიშვნა მექნება, თუ არ მიწყენთ: ასეთ მშვენიერ, კარგი ქართულით დაწერილ სტატიას სიტყვა "სტრუნა" ნამდვილად არ უხდება, მითუმეტეს, როცა შესანიშნავი და ლამაზი სიტყვა "სიმი" გვაქვს.
ახალი რეგისტრაციაა საჭირო
კარგია :ცერა: