სხვა

19:27 | 16.05.2016 | ნანახია 4307 - ჯერ

„ბორჯღალოსნების“ კაპიტანი ელიტაში ბრუნდება

საქართველოს ნაკრების კაპიტანის, შალვა სუთიაშვილის „ანგულემმა“, ფედერალ 1-ის ნახევარფინალური ეტაპის განმეორებითი მატჩიც მოიგო და ახალ სეზონს მეორე ელიტარულ დივიზიონ პრო დ2-ში დაიწყებს.

პირველი მატჩი „ანგულემმა“ სწორედ ქართველი მესამეხაზელის ლელოს წყალობით სტუმრად 22:17 მოიგო. განმეორებით შეხვედრას 6 ათასი გულშემატკივარი დაესწრო და საწყისი ნახევარი საათის შემდეგ, გვარიანად ინერვიულეს. „ბურგ-ან-ბრესმა“ უპირატესობის მოპოვება მოახერხა, სამი ჯარიმა გაიტანა, 9:0 დაწინაურდა და 5-ქულიანი მარცხი გადაწონა. მაგრამ დასკვნით 10 წუთში მასპინძლებმა მაგრად მოინდომეს, ჯერ ლელო დადეს, მერე ორი ჯარიმა გაიტანეს და 11:9 დაწინაურდნენ.

მეორე ტაიმში „ანგულემმა“ ჯარიმით უპირატესობა გაზარდა, ხოლო 62-ე წუთზე მეორე ლელო გაიტანა - 19:9 და ზეიმი ნაადრევად დაიწყო. სტუმრებმა გაიბრძოლეს და ეიფორიაში მყოფ მასპინძლებს 70-ე წუთზე საპასუხო ლელო დაუდეს, გარდასახვაც ზუსტი იყო და 76-ე წუთზე გატანილი ჯარიმის შემდეგ ანგარიში გათანაბრდა - 19:19. სიტუაცია ისევ დაიძაბა, „ანგულემმა“ ძალები მოიკრიბა და 79-ე წუთზე ჯარიმა გაიტანა, რითაც 22:19 იმარჯვა და სტადიონზე დაწყებული ზეიმი მთელს ქალაქს მოედო. მხიარულება გვიან ღამემდე გაგრძელდა - ამ სეზონში ფედერალ 2-იდან ფედერალ 1-ში დაწინაურებულმა გუნდმა, ერთ წელიწადში ელიტას უწია.

სუთიაშვილი სასტარტო შემადგენლობაში იყო და 54-ე წუთზე შეცვალეს, ხოლო საბა ქართველიშვილი და ლაშა თავბერიძე განაცხადში არ იყვნენ.

სამწუხაროდ, მიზანს ვერ შეწვდა სუთიაშვილის ყოფილი გუნდი, ვიქტორ დიდებულიძის გაწვრთნილი „მასი“, რომელიც პრო დ2-იდან შარშან დაქვეითდა. ვახტანგ ახობაძის, დავით აშვეთიას, დავით დადუნაშვილისა და ხვიჩა ბუჯიაშვილის გუნდი, ნახევარფინალის პირველ მატჩში „ვანთან“ საკუთარ მოედანზე 31:32 დამარცხდა.

სტუმრებმა განმეორებითი შეხვედრის პირველი ტაიმი კარგად ჩაატარეს და 13:6 დაწინაურდნენ, „ვანმა“ 51-ე წუთზე ჯარიმა გაიტანა, ორიოდე წუთში ლელო დადო და გარდასახვა გამოიყენა, ხოლო დარჩენილ დროში სამი არეკნით 9 ქულა მოაგროვა და 25:13 იმარჯვა. „მასის“ სასტარტო შემადგენლობაში იყვნენ დადუნაშვილი და აშვეთია. ეს უკანასკნელი 34-ე წუთზე ახობაძემ შეცვალა, ხოლო დადუნაშვილმა მოედანზე 49 წუთი გაატარა.

ზურა ქსოვრელი


კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
0.080533