სხვა

16:39 | 16.05.2016 | ნანახია 1834 - ჯერ

სამხარაძემ „დინამო“ დაალელოვა და ფინალში ითამაშებს

საქართველოს ნაკრების ყოფილმა 9 ნომერმა ბიძინა სამხარაძემ, რომელიც რუმინული „ბაია მარეს“ კაპიტანია, ამ ქვეყნის თასის გათამაშების ნახევარფინალში ლელო გაიტანა და თავისი გუნდის წარმატებას საფუძველი ჩაუყარა.

„ბაია მარემ“ ბუქარესტის „დინამოს“ უმასპინძლა და ჯარიმით ჩამორჩა, მე-14 წუთზე კი, ქართველმა ლეგიონერმა ლელო დადო და ზუსტი გარდასახვის შემდეგ მასპინძლები 7:3 დაწინაურდნენ. სტუმართა მორიგ ჯარიმას ლუკ სამოამ სამი ზუსტი დარტყმით უპასუხა, ხოლო ტაიმის ბოლოს „ბაია მარემ“ მეორე ლელო დადო და 23:6 დაწინაურდა. „დინამომ“ თამაშის განახლებიდან 5 წუთში ერთი საპასუხო ლელო გაიტანა, მაგრამ დასკვნით მეოთხედში ორი გარდასახული ლელო და ჯარიმა გაუშვა და სამხარაძის გუნდმა 40:13 იმარჯვა.

რუმინეთის თასის ფინალში ქართული დერბი არ შედგება, რადგან მეორე ნახევარფინალში მიხეილ არჩუაშვილის ბუქარესტის „სტიაუა“ რუმინული რაგბის ფლაგმანს, „ტიმიშოარა-სარასენსს“ სტუმრად შეხვდა და 7:36 დამარცხდა. სტუმრებმა ერთი ლელო გაიტანეს, მაგრამ თავად 4 მიიღეს, ორი გარდასახვა ზუსტი იყო და კიდევ 4 ჯარიმა გაუშვეს. არჩუაშვილი სასტარტო შემადგენლობაში იყო.

ამრიგად, რუმინეთის თასის ფინალში ბოლო წლების ტრადიციული მეტოქეები, „ბაია მარე“ და „ტიმიშოარა-სარასენსი“ ითამაშებენ. ქვეყნის ჩემპიონატში, თასზე და სუპერ თასზე, ამ გუნდებმა ბოლო ოთხ ფინალში ითამაშეს და სამხარაძის გუნდი ყველა ჯერზე დამარცხდა. იმედია, წელს ეს ტრადიცია დაირღვევა.

ზურა ქსოვრელი


კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
0.080136