დიდი 10

22:17 | 15.05.2016 | ნანახია 3085 - ჯერ

„ყველაზე დაძაბული ფინალი“ - მატჩისშემდგომი შეფასებები

საქართველოს 2016 წლის ჩემპიონი ზედიზედ მეოთხედ „ლელო-სარასენსი“ გახდა. დიდ დიღმელებმა ფინალში „ლოკომოტივი“ 17:15 დაამარცხეს.

„ლელო-სარასენსის“ თავკაცმა ლევან მაისაშვილმა და კაპიტანმა ლაშა ხმალაძემ მატჩის შემდეგ პრესკონფერენცია გამართეს. მაისაშვილის თქმით, მისი გუნდის ისტორიაში ეს ყველაზე მძიმე ფინალი გამოდგა:

„ძნელი სათქმელია სანახაობრივად მატჩი რამდენად კარგი გამოდგა, თუმცა ძალიან დაძაბული იყო. პირველ ნახევარში საკმაოდ ბევრი შეცდომა დავუშვით, რის გამოსწორებასაც მეორე ტაიმში მაქსიმალურად ვეცადეთ. ჩვენმა მეტოქემ დიდი ბრძოლა გაგვიმართა, მადლობა მინდა ვუთხრა „ლოკომოტივს“ ღირსეული ბრძოლისთვის. არც ერთ აქამდელ ფინალში, თამაში ასე არ გაგვძნელებია“.

„ლოკომოტივს“ თამაში ჩემპიონთა კაპიტანმა ლაშა ხმალაძემაც შეუქო:

„ჩვენი მეტოქე თავგანწირვით იბრძოდა, მათ ნამდვილად კარგი რაგბი დაგვიპირისპირეს. დავუშვით ბევრი შეცდომა, თუმცა გავაცნობიერეთ, რომ მაქსიმალურად უნდა მოგვეკრიბა ყურადღება და მოვბილიზებულიყავით. ზოგადად, ფინალებს დაძაბულობა უხდება. ასე რომ, დღევანდელ მატჩს უფრო შეეფერებოდა ფინალის სტატუსი, ვიდრე წინა ფინალებს“.

„ლოკომოტივის“ მხრიდან პრესკონფერენციაზე გამოცხადდნენ გუნდის მთავრი მწვრთნელი თემურ ბენდიაშვილი და ვიცე-კაპიტანი ვაჟა ხუციშვილი. „ლოკომოტივის“ დამრიგებელმა საკუთარი გუნდის შეცდომებზე გაამახვილა ყურადღება:

„ისეთი და იმდენი შეცდომა დავუშვით, რისი დაშვებაც არ შეიძლებოდა. ამან, რა თქმა უნდა მატჩის საბოლოო შედეგი განაპირობა. მარცხში თავისი როლი იმანაც ითამაშა, რომ ჩვენ ტრავმის გამო რამდენიმე მორაგბე გვაკლდა. მთლიანობაში კარგი რაგბი გამოვიდა, ვულოცავ „ლელოს“ ამ გამარჯვებას“.

ვაჟა ხუციშვილი: „ცხელ გულზე ძნელია საუბარი და ანალიზის გაკეთება. სამწუხაროდ, დავალებების ზუსტად შესრულება ვერ მოხერხდა. მე პირველად ვითამაშე ჩემპიონატის ფინალში, მაგრამ მინახავს სხვა ფინალები და დღევანდელი მატჩი მათ შორის ყველაზე დაძაბული იყო“.

უჩა გოგიძე


კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
0.090514