დიდი 10

17:55 | 14.05.2016 | ნანახია 2190 - ჯერ

ფინალამდე ერთი დღით ადრე

მსოფლიო თასის წინ, 5 სექტემბერს, ქუთაისში დაწყებული სეზონი 8 თვის თავზე, 15 მაისს, ვაკეში, „მიხეილ მესხის“ (ლოკომოტივის) სტადიონზე სრულდება „დიდ ფინალით“: შარშანდლის დარად, ბოლო სამი წლის ჩემპიონი „ლელო-სარასენსი“ და საქართველოს 9-გზის ჩემპიონი „ლოკომოტივი“ შეიბმებიან.

კვირას „მესხზე“ რაგბი 17 საათზე დაიწყება. დასწრება თავისუფალია, ხოლო ვინც რაიმე მიზეზებით ვერ ახერხებს მატჩზე მოსვლას „საზოგადოებრივი მაუწყებელი“ ტრადიციულად აწყობს პირდაპირ ტელერეპორტაჟს. დიდი 10-ის წლევანდელი, 6-გუნდა პლეი ოფიც „ავსტრალიური“ სისტემით ჩატარდა:

ზედიზედ გავარდნენ „ბათუმი“, „აია“ და „ყოჩები“, „ჯიქმა“ კი ისტორიაში პირველად მოიპოვა ბრინჯაო. ტიტულს ორი მოცილეღა შემორჩა - ძველი მეტოქეები: „ლელო“ და „ლოკომოტივი“.

ლელო -

1969 წელს აღდგენილი „სპარტაკის“ მემკვიდრეა. კლუბს ბლომად აღუზრდია ბორჯღალოსანი - მარტო მამუკა გორგოძისა და მეკო კვირიკაშვილის ხსენებაც კმარა დიდ დიღმელთა წვლილის დასაფასებლად. „ლელო“ ამ საუკუნეში ჩემპიონი უკვე 5-ჯერ - 2004, 2009, 2013, 2014 და 2015 წლებში ყოფილა, ზედიზედ სამჯერ პირველობა კი, ჩვენი რაგბის რეკორდია. ყველა ეს წარმატება ბათუ კევლიშვილისა და მისი მოწაფის - ლევან მაისაშვილის სახელებთანაა დაკავშირებული.

ლოკომოტივი -

რკინიგზასთან 1964 წლიდან უწყვეტად არსებობს. საბჭოთა პერიოდში მოგებული ტიტულები იქეთ იყოს და დამოუკიდებლობის ხანაში კლუბს 9-ჯერ უპირველია შინაურ ასპარეზზე: 1992, 1994, 2000, 2001, 2003, 2005, 2006, 2008 და 2010 წლებში. მეტოქისა არ იყოს, „ლოკოსაც“ ამ ხნის განმავლობაში უცვლელი ტანდემი მოძღვრავს: თემურ ბენდიაშვილი და მისი შეგირდი, დავით ჩავლეიშვილი.

პირისპირ * ფინალებში

ფინალისტები სეზონის გადამწყვეტ მატჩში მეოთხედ შეერკინებიან და ისევ „მესხზე“. აქამდელი ბალანსი „ლოკომოტივის“ სასარგებლოდაა 2-1: 19:9 (2008) და 16:11 (2010) - 30:21 (2015).

წლეულს

ამ სეზონის ურთიერთ’შეხვედრებში სამივეჯერ „ლელომ“ იმარჯვა: 15 ნოემბერს, ავჭალაში 18:17; 2 აპრილს, დიდ დიღომში 34:31; 24 აპრილს, იქვე, შესარჩევ ფინალში 14:3.

რა მოხდება ფრეზე?

0) დაინიშნება დამატებითი დრო - ორი 10 წუთიანი ტაიმი

თუ მის შემდეგაც ფრე იქნა, შედარდება დიდი ფინალის 100+ წუთში

1) გატანილი ლელოები (საჯარიმო ლელოებიანად)

2) მიღებული წითელი ბარათები (ბოლომდე გაძევება)

3) მიღებული ყვითელი ბარათები (სინბინი)

4) ჩემპიონად გამოცხადდება მასპინძელი - ლელო, რადგან უკეთესი "განთესვის (დინამიური) ნომერი" აქვს.

საქართველოს რაგბის კავშირი


კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
0.081551