დიდი 10

15:05 | 14.05.2016 | ნანახია 2047 - ჯერ

„ღირსეული გაიმარჯვებს“ - ხვალ ფინალია

დღეს „დიდი10“-ის ფინალის მონაწილე გუნდების - „ლოკომოტივისა“ და „ლელო-სარასენსის“ მწვრთნელებმა და კაპიტნებმა წინასამატჩო პრესკონფერენცია „მიხეილ მესხის“ სახელობის სტადიონზე გამართეს. მწვრთნელებმა მეტოქე გუნდები შეაქეს და წინასამატჩოდ არსებულ ვითარებაზე ისაუბრეს:

თემურ ბენდიაშვილი („ლოკომოტივის“ მთავარი მწვრთნელი): „წელს ძალიან დაძაბული ჩემპიონატი გამოვიდა. ყველა პირობა იყო შექმნილი, რათა კარგად მომზადებულიყო გუნდი. რაც შეეხება ხვალინდელ მატჩს, რაგბიში ის გუნდი იმარჯვებს, რომელიც აგრესიულ და ტექნიკურ თამაშს აჩვენებს, ამავდროულად, აუცილებელია ფსიქოლოგიური მზადყოფნაც. სამწუხაროდ, ჩვენს რამდენიმე მოთამაშეს ტრავმა აქვს და ისინი ვერ დაგვეხმარებიან“.

ლევან მაისაშვილი („ლელო სარასენსის“ მთავარი მწვრთნელი): „ერთმანეთის წინაშე რეგულარული სეზონის პირველ-მეორე ადგილოსნები წარსდგებიან, რაც თამაშს მეტ ინტრიგას სძენს. დარწმუნებული ვარ ხვალინდელ მატჩში ღირსეული გაიმარჯვებს“.

კაპიტნები სტადიონზე მისულ ქომაგს ლამაზი რაგბის ნახვას დაპირდნენ:

ლაშა ხმალაძე („ლელო-სარასენსის“ კაპიტანი): „ხვალ წლის ბოლო, გადამწვეტი მატჩია. ბიჭები მაქსიმუმს გავიღებთ, რათა საწადელს მივაღწიოთ. ვეცდებით სანახაობრივი თამაში ვაჩვენოთ და მაყურებელი სტადიონიდან კმაყოფილი წავიდეს“.

ბექა წიკლაური („ლოკომოტივის კაპიტანი): „ვფიქრობ, გუნდიი საკმაოდ კარგ ფორმაშია და მოსაგებად მზადაა. არის ტრავმები, მაგრამ იმედია, ეს ფაქტი ხვალ დიდ როლს არ ითამაშებს. ბოლო მატჩი ერთი კვირის წინ ვითამაშეთ და მას შემდეგ ძალები აღვიდგინეთ. ხვალ ღირსეული გაიმარჯვებს“.

შეგახსენებთ, რომ „დიდი10“-ის ფინალი ხვალ 17 საათზე „მიხეილ მესხის“ სახელობის სტადიონზე გაიმართება, დასწრება უფასოა.

უჩა გოგიძე


კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
0.17026