საერთაშორისო

19:36 | 12.05.2016 | ნანახია 3680 - ჯერ

პიშოტი ნატურალიზაციის წინააღმდეგ - „მორაგბე ჰიმნს უნდა მღეროდეს!“

„მსოფლიო რაგბის“ ახლადარჩეული ვიცე-პრეზიდენტი აგუსტინ პიშოტი, ეროვნულ ნაკრებებში მორაგბეთა დღევანდელი წესით ნატურალიზაციის წინააღმდეგია.

მოქმედი წესის მიხედვით, უცხო ქვეყნის ნაკრებში მოხვედრის ერთ-ერთი მთავარი პირობა 3 წლის განმავლობაში ამ ქვეყანაში ცხოვრება გახლავთ.

პიშოტმა თავისი პოზიცია „მსოფლიო რაგბის“ ასევე ახლადარჩეულ პრეზიდენტთან, ბილ ბომონტთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე დააფიქსირა. იმ შემთხვევაში თუ ნატურალიზაციის წესი შეიცვლება, ეს მეტწილად მეორე ეშელონის ნაკრებებს დააზარალებს, რომლებიც პიშოტის თქმით „არასპორტული მეთოდებით ცდილობენ პირველი ეშელონის გუნდებს გაუთანაბრდნენ“.

„ამ განცხადების შემდეგ, შესაძლოა, ვინმეს ჩემი მოკვლაც მოუნდეს, თუმცა ნატურალიზაციის არსებული წესი უნდა შეიცვალოს. ასეთი წესი სხვა სპორტში შესაძლოა იყოს, მაგრამ არა რაგბიში. მე გავიგებდი ნატურალიზაციის პერიოდი ხუთი წლით რომ იყოს განსაზღვრული, თუმცა სამი წელი ძალიან ცოტაა. აუცილებელია ნაკრებებმა ეროვნული იდენტობა შეინარჩუნონ. მორაგბე ჰიმნს უნდა მღეროდეს, როცა საწინააღმდეგოს ვხედავ ეს ჩემთვის უცხოა“ - აცხადებს აგუსტინ პიშოტი.

აღსანიშნავია, რომ მსგავსი წესით ნატურალიზირებული მორაგბეები მსოფლიო რაგბის წამყვან ნაკრებებშიც მრავლადაა: სამესა როკოდუგუნი, მარლენდ იარდი, მაკო და ბილი ვუნიპოლები ინგლისის ნაკრებში; სიჯეი სტენდერი, რიჩარდ შტრაუსი ირლანდიის ნაკრებში და ბევრი სხვა მსგავსი.

უცნობია, კონკრეტულად როდის დაიწყებს რაგბის მმართველი ორგანიზაცია პიშოტის ინიციატივაზე მუშაობას, თუმცა ვიცე-პრეზიდენტის თქმით, ამ მხრივ ცვლილებები აუცილებლად იქნება.

უჩა გოგიძე


კომენტარები (1)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
11:07 | 13.05.2016
BEERTRANCE (1073)

ნამდვილად მივესალმები

0.078735