დიდი 10

11:25 | 10.05.2016 | ნანახია 1774 - ჯერ

15 მაისს - მოდი ფინალზე (+ ვიდეო)

2015 წლის მსოფლიო თასის შემდეგ, ქართული რაგბის განვითარება ახალ ეტაპზე, უფრო მაღალ საფეხურზე რომ გადავიდა ბოლო სანაკრებო მატჩებისას გამოჩნდა.

თუ ცოტა ხნის წინ პორტუგალიასთან შეხვედრისას და „თბილისის თასის“ მსვლელობისას „ავჭალის“ სარაგბო სტადიონი არც კი ივსებოდა, წელს გერმანიასთან მატჩზე დასწრების მსურველი სტადიონის ტევადობაზე რამდენჯერმე მეტი იყო; ესპანეთთან შეხვედრას „მიხეილ მესხზე“ 15 ათასამდე ქომაგი დაესწრო; ამ ყველაფრის კულმინაცია კი, არაოფიციალური ფინალი და რუმინელთა მასპინძლობა იყო, როდესაც „ბორის პაიჭაძის“ 55-ათასიანი ტრიბუნა ლამის პირთამდე აივსო.

ახლა შიდა რაგბის ჯერია, რომლის განვითარებაზეც ძალიან ბევრია დამოკიდებული. ამ კუთხით მნიშვნელოვანია, ქართული კლუბები ევროტურნირებში ჩაებან და ეს დღე შორს სულაც არაა. მაგრამ შიდა რაგბის პროგრესისთვის ისეთივე ქომაგი სჭირდება, როგორიც „ბორჯღალოსნებს“ ყავს და ქართული რაგბისადმი ერთგულების დასამტკიცებლად 15 მაისს შესანიშნავი შესაძლებლობა გვექნება.

„დიდი 10“-ის წლევანდელი სეზონის გადამწყვეტ მატჩში, ფინალში, ერთმანეთის წინაშე ტრადიციული მეტოქეები - „ლელო-სარასენსი“ და „ლოკომოტივი“ წარსდგებიან. შარშანდელი გამოცდილება გვკარნახობს, რომ თამაში სანახაობრივი და ლაღი იქნება. შარშანდელ ფინალს „მიხეილ მესხზე“ 7-8 ათასი ქომაგი ყავდა, შევძლებთ წელს ახალი რეკორდის დამყარებას? ეს 15 მაისს გამოჩნდება.

თამაში წელსაც „მიხეილ მესხზეა“ და 17 საათზე დაიწყება. მასზე დასწრება უფასოა და ქომაგს მხოლოდ მისვლა, საყვარელი გუნდის არჩევა და რაგბით ტკბობა ევალება. სურვილის შემთხვევაში ლუდის მირთმევაც შეიძლება და „მიხეილ მესხზე“ მისი გაყიდვა თამაშამდე 2 საათით ადრე დაიწყება, როგორც კი სტადიონის შესასვლელი გაიხსნება.

რაგბი, ზოგადად სპორტი, გულშემატკივრის გარეშე არ არსებობს. არასარაგბო ქვეყნები მაქსიმუმს აკეთებენ სტადიონზე მაყურებლის მისაყვანად - სოჭში რუსეთის ნაკრების თამაშებზე სასწავლებლებიდან მიყავდათ ახალგაზრდები, ესპანეთს ხელოვნური ჩარევა არ დასჭირდა და ხალხმა ჯერ სანაკრებო სანაკრებო თამაშებზე დაიწყო სიარული, ესპანეთის თასის ფინალს კი, 26 100 მაყურებელი დაესწრო! ახლა ჩვენი ჯერია, ქომაგებმა შიდა ასპარეზზეც უნდა დავამტკიცოთ, რომ „რაგბი ჩვენი თამაშია“!

ზურა ქსოვრელი


კომენტარები (1)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
13:40 | 10.05.2016
BEERTRANCE (1073)

მაგის დაანონსება მართლა კარგია რო ლუდის გაყიდვა იქნება. იქნებ მოვიდეს ხალხი

0.087842