სხვა

22:36 | 9.05.2016 | ნანახია 1962 - ჯერ

არჩუაშვილს ქულა მოპარეს

ბოლნისის „ყოჩებიდან“ ბუქარესტის „სტიაუაში“ ცოტა ხნის წინ გადასულმა მეორეხაზელმა მიხეილ არჩუაშვილმა, რუმინეთში თავისი პირველი ლელო დადო, მაგრამ მსაჯმა ვიდეორეფერის მოუხმო და გაურკვეველი მიზეზით ეს ლელო გააუქმა.

ამბავი ქვეყნის თასის მეოთხედფინალში მოხდა, რომელშიც „სტიაუამ“ იაშის „უნირეას“ უმასპინძლა და 43:3 გაანადგურა. მატჩის დებიუტში, 0:0-ზე, ბუქარესტელებმა დერეფანი მოიგეს, კარგი მოლი დააყენეს და ქართველმა ბურთი დაამიწა. მასპინძლები გარდასახვისთვის ემზადებოდნენ, როდესაც რეფერიმ ბრძანა, ლელო არ ითვლებაო... მოგვიანებით, მან „სტიაუას“ კიდევ ერთი ლელო გაუუქმა, მაგრამ იაშელებს ამან არ უშველა, 7 ჩათვლილი ლელო მიიღეს და დიდი სხვაობით დამარცხდნენ.

მეორე ქართველის, ბიძინა სამხარაძის „ბაია მარე“ ამავე ეტაპზე მეორელიგელ „ბუზაუს“ უნდა დახვედროდა. თავიდანვე ცხადი იყო შედეგი როგორიც დადგებოდა, ჰოდა მეორელიგელებმა ტრავმები მოიმიზეზეს და ბაია მარეში სათამაშოდ არ ჩავიდნენ. შედეგად, სამხარაძის გუნდი უბრძოლველად გავიდა ნახევარფინალში.

აი აქედან უკვე ნამდვილი ჯახები იწყება. „სტიაუას“ ქვეყნის ჩემპიონთან, „ტიმიშოარა-სარასენსთან“ უწევს სტუმრობა, ხოლო „ბაია მარე“ ბუქარესტის „დინამოს“ ელოდება. თამაშები მომავალ უქმეებზეა.

ზურა ქსოვრელი


კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
0.082871