ინდოეთის რაგბის კავშირის გენერალური დირექტორი ნასერ ჰუსეინი პროექტ ,,შემოუერდი რაგბის’’ ფარგლებში რაგბის პოპულარიზაციას ეწევა და ეს საკმაოდ წარმატებით გამოსდის.
ბოლო 12 თვის განმავლობაში, ინდოეთის 24 შტატში მორაგბეთა რაოდენობა 125 000-მდე გაიზარდა. ყურადსაღებია,რომ მათ შორის 10 000 მდედრობითი სქესისაა.
Worldrugby.org ნასერ ჰუსეინთან ინტერვიუს აქვეყნებს:
- როგორ მიმდინარეობს რაგბის პოპულარიზაცია ინდოეთში?
პროგრამის ფარგლებში რაგბის პოპულარიზაცია საკმაოდ კარგად მიმდინარეობს. ძალიან ბევრი მსურველი გამოჩნდა, განსაკუთრებით მინდა აღვნიშნო მანდილოსანთა აქტიურობა. ჩვენ ამ საფეხურზე გაჩერებას არ ვაპირებთ, საკმაოდ კარგი გეზი გვაქვს აღებული და შევეცდებით საქმე ბოლომდე მივიყვანოთ.
- სტატისტიკური მონაცემებით, რაგბის პოპულარიზაცია 24 შტატში მიმდინარეობს. რატომ არ მუშაობს აღნიშნული პროგრამა 36-ვე რეგიონში?
რეალურად შევხედოთ სიტუაციას, ამ ეტაპზე, ვფიქრობ, ცუდი შედეგი არ უნდა იყოს 24 შტატში მიღწეული წარმატება. გავაგრძელებთ აქტიურობას და ძალიან მალე 36-ვე რეგიონი მაქსიმალურად იქნება ჩართული ამ პროექტში.
- რას სთავაზობთ დამწყებ მორაგბეებს ?
ინდოეთის რაგბის კავშირის სურვილია რაც შეიძლება მეტი ადამიანი გაეცნოს სპორტის ამ სახეობას, ჩვენ კი სანაცვლოდ ვთავაზობთ მტკიცე გამოცდილებასა და მეგობრულ სულისკვეთებას. უახლოეს მომავალში, რაგბი ინდოეთში ყველაზე სასურველი სპორტის სახეობა გახდება.
- რამდენად აქცევთ ყურადღებას 7-კაცას?
7-კაცა ძალიან კარგი საშუალებაა რაგბიში მოთამაშეების მოსაზიდად და სასიამოვნო საყურებელია, ამიტომ მას დიდ ყურადღებას ვაქცევთ. რაც შეეხება დაფინანსებას, ძალიან ბევრი ორგანიზაციაა ჩართული და ვცდილობთ, უზრუნველვყოთ სხვადასხვა გუნდის პირობები.
- ამჟამად რამდენი ასაკობრივი გუნდი გყავთ და არიან თუ არა ჩართულნი მანდილოსნები შიდა ჩემპიონატში?
დღესდღეობით საკმაოდ ბევრი გუნდი დაკომპლექტდა. განაცხადშია U20, U19, U18, U17 და U15 ასაკობრივი კატეგორიები, როგორც ბიჭებისთვის, ისე გოგოებისთვის. თხუთმეტწლამდელები „თაჩ რაგბის“ გასულ წლებშიც თამაშობდნენ, მაგრამ აღსანიშნავია, რომ ამჟამად ძალიან ბევრი მდედრობითი სქესის წარმომადგენელი შემოგვიერთდა. მიხარია, რომ მათი მხრიდან დაინტერესება საკმაოდ დიდია. ვიმედოვნებ, ასე წარმატებულად გაგრძელდება ამ პროექტში მათი ჩართულობა.
- რას გეგმავთ სამომავლოდ?
ჩვენი გრძელვადიანი მიზანია ინდოეთში რაგბი ყველაზე კონკურენტუნარიან სპორტის სახეობად ვაქციოთ. გვსურს, მივაღწიოთ რაც შეიძლება მაღალ საფეხურს და წარმატებულად ვიასპარეზოთ მსოფლიო სარბიელზე.
- რას გვპირდება გულშემატკივრებს ინდოეთი?
ჩვენი მთავარი მიზანია, რაც შეიძლება ბევრი მონდომებული მორაგბე აღვზარდოთ. გულშემატკივრებს გპირდებით სანახაობრივ თამაშსა და სანაქებო მეგობრობას მოედანზე და მის გარეთ. დამწყებ მოთამაშეებს კარგად გავაცნობთ რაგბის ფასეულობებს და ახლო მომავალში მსოფლიო სარბიელზე ძალიან ბევრი წარმატებული მორაგბით წარვსდგებით.
ელენე ლომსაძე
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია
ძალიან კარგი წამოწყებაა.რაც მეტი ადამიანი გაეცნობა რაგბს მით უკეთესი..წარმატებები
ინდოეთი რას იქაჩება ?!