დიდი 10

23:39 | 6.05.2016 | ნანახია 1785 - ჯერ

დიდ ფინალში გასასვლელად [+ვიდეო]

დიდი 10-ის 2015/2016 წლების სეზონის კულმინაციამდე, ანუ საქართველოს ჩემპიონის გამოვლენამდე 2 მატჩი დარჩა. ერთი ფინალისტის ვინაობა უკვე გარკვეულია - წინასწარ ფინალში, მოქმედმა ჩემპიონმა „ლელო-სარასენსმა“, დიდ დიღომში „ლოკომოტივს“ 14:3 აჯობა და პირდაპირ დიდ ფინალში გავიდა.

მეორე ფინალისტის გამოსავლენად, დღეს, „ავჭალის“ სარაგბო სტადიონზე, 16:30 საათიდან, შესარჩევ ფინალში დამარცხებული თბილისის „ლოკომოტივი“ და გორის „ჯიქი“ შეიბმებიან. გუნდებმა ამ მატჩამდე ორი კვირა დაისვენეს, რადგან წინა უქმეები აღდგომას დაემთხვა და ზეიმის გარდა მორაგბეებმა მიკრო-ტრავმები მოიშუშეს და ძალები მოიკრიბეს.

1964 წელს, რკინიგზაში, გოგი ყუფარაძის მიერ დაარსებული „ლოკომოტივი“ საბჭოეთის თასის მფლობელი და 5-გზის მედალოსანია, დამოუკიდებლობის ხანაში კი, თემურ ბენდიაშვილის ხელმძღვანელობით, საქართველოს 9-გზის ფალავანია, რითაც ერთპიროვნული ლიდერია. მაგრამ ბოლო ჩემპიონობიდან დიდი ხანი გავიდა და კლუბმა თასი ბოლოს 2010 წელს შემართა.

„ჯიქი“ მეტოქესთან შედარებით ახალი კლუბია - 2001 წელს ნუცუბიძის ფერდობზე დაარსდა, კაცთა გუნდი კი, 2010 წლიდან გამოჰყავს: მეორე ლიგიდან ელიტამდე აღზევდა და წელს პირველად მედალის მფლობელი გახდება, ოღონდ რა სინჯის, ეს ჯერ კიდევ გასარკვევია.

„ლოკომოტივი“ 10-გუნდა ელიტაში თანდათან აუმჯობესებს შედეგს: VI, III და II ადგილები. შარშან „დიდ ფინალში“ „ლელო-სარასენსთან“ დამარცხდა და წელს ჯერ იქ გასვლას, მერე კი, რევანშის აღებას ეცდება.

„ჯიქი“ მოწინავე სამეულში ისტორიაში პირველად შეიჭრა და უეჭველია, მიღწეულს არ დაჯერდება.

მეტოქეებმა ამ სეზონში ერთმანეთს თითო მარცხი აგემეს: 13 სექტემბერს, „ავჭალაში“, „ჯიქმა“ 12:6 იმარჯა, 28 ნოემბერს კი, „შევარდენზე“, „ლოკომ“ რევანში აიღო - 25:13.

გუნდები პლეი ოფში ერთმანეთს აქამდეც შეხვედრიან: შარშანწინ (2014) ავჭალაში, მესამედფინალი ფრედ, 19:19 დასრულდა და შემდეგ ეტაპზე მეტი ლელოს წესით „ლოკომოტივი“ გავიდა.

საქართველოს რაგბის კავშირის მიხედვით


კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
0.084837