ტესტ-მატჩები

14:05 | 6.05.2016 | ნანახია 1885 - ჯერ

„ბარბაროსები“ ფიჯის ბელფასტში დაუხვდებიან

მსოფლიოს ნაკრებმა, ტრადიციულმა გუნდმა „ბარბაროსებმა“ შემოდგომის კალენდარი გამოაქვეყნა. ცნობილი იყო, რომ ისინი 5 ნოემბერს ლონდონში, „უემბლიზე“ სამხრეთ აფრიკის ნაკრებს ეთამაშებოდნენ, ახლა კი, ამას 11 ნოემბერს ბელფასტში, 18-ათასიან „კინგსპანზე“ ფიჯისთან მატჩი დაემატა.

„ბარბაროსებმა“ ბელფასტში პირველად და ჯერჯერობით უკანასკნელად, 1957 წელს ითამაშეს და ახლა ამ ქალაქს მეორედ ეწვევიან. „ბარბაროსების“ მთავარი მწვრთნელი რობი დინსი იქნება, რომელმაც ფიჯელებთან მატჩთან დაკავშირებით განაცხადა:

„დარწმუნებული ვარ, ბელფასტში გულშემატკივრების მხრიდან საუკეთესო დახვედრა გვექნება და „ოლსტერის“ ქომაგები ჩვენი გულშემატკივრებიც გახდებიან. „ბარბაროსებსა“ და ფიჯის ურთიერთშეხვედრების დიდი ტრადიცია აქვთ. ორივე გუნდი ღია, ლამაზ რაგბის თამაშობს და გულშემატკივარი ნამდვილად კმაყოფილი დარჩება“.

აქამდე ეს გუნდები ერთმანეთს ორჯერ შეხვედრიან. პირველ შემთხვევაში, 1970 წელს ფიჯელებმა 29:9 მოიგეს, ხოლო მეორე მატჩში, 2013 წელს „თვიქენჰემზე“ „ბარბაროსებმა“ 43:19 იმარჯვეს. მომავალი მატჩის ბილეთების გაყიდვა 9 მაისს იწყება და მისი ფასი უფროსებისთვის 20, ხოლო არასრულწლოვანებისთვის 12 გირვანქა სტერლინგია.

სხვადასხვა დროს „ბარბაროსების“ მაისურით მამუკა გორგოძეს, კოტე მიქაუტაძეს, დუდუ ქუბრიაშვილს, გოდერძი შველიძეს და დავით კაჭარავას უთამაშია. 2006 წელს ეს ისტორიული კლუბი თბილისში გვეწვია და „მიხეილ მესხზე“ „ბორჯღალოსნებს“ 28:19 მოუგო.

ზურა ქსოვრელი


კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
0.085956