გულშემატკივრის გვერდი

0:27 | 6.05.2016 | ნანახია 3568 - ჯერ

დაცვის მწვრთნელი
ლადო კილასონიას სპორტული ზღაპარი

მსოფლიოს მოსამზადებელზე ახალი მწვრთნელი დაგვინიშნეს - ინგლისელი, მაღალი, ძარღვიანი და შუშასავით ცივი, ეშმაკურად მოწკურულთვალებიანი მოხუცი, რომელსაც ბიჭებმა ეგრევე „ბაბუ“ დაარქვეს.

ბაბუმ კიდევ სამი ინგლისელი დაიმატა სამწვრთნელო შტაბში: ორი უკანა ხაზის სპეციალისტი - ქერათმიანი სკოტი და ჭორფლიანი რიჟა დევიდი, და ერთიც ფიზ.მომზადება - ზანგი გარეტა. ეგ ჩვეულებრივი ამბავია, ახალ მწვრთნელს თავისი ხალხი მოჰყავს გუნდში, ისინი, ვისთანაც უმუშავია და ენდობა. ქართველი მწვრთნელებიდან მარტო მე და სოსო სხირტლაძე ვმუშაობდით დამხმარეებად, ისიც შერკინებაში.

მე მაგრად არ მიყვარს უცხოელები და უცხოელებთან მუშაობა, იმიტომ კი არა, თავგადამკვდარ პატრიოტად მომაქვს თავი, არა, უბრალოდ კაი ხანია აქ ვარ, ბევრთან მომიწია ურთიერთობა და ვიცი მაგათი ამბავი, მედუღაბის ნიღაბივით რომ აქვთ ჩამოფარებული ღიმილი, „ბოდიში“ და „მადლობა“, რკინის, დაბურულმინიანი საფარველის ქვეშ კი ხშირ შემთხევაში ცბიერი და ცივადმოანგარიშე სახე იმალება.

ახლა ისე არ გამომივიდეს, არიქა, ამ გადარეულ დედამიწას მარტო ქართველები შემოვრჩით მფარველ ანგელოზებადო, არა, ჩვენც კაი “ჩათლახები” ვართ და როგორც ჩანს, ოდითგანვე, აბა, საიდან მოვიდა, სადაც ხარ, იქაური ქუდი დაიხურეო? სხვისი ქუდი იმისია, რომ დააკვირდე და პატივი სცე, ეგრევე თავი კი არ უნდა დურთო შიგნით! და რამდენიც არ უნდა მიმტკიცო და მიხსნა, ყველაზე დამაჯერებელი არგუმენტებიც რომ მომიყვანო, მე მაინც ჩემი ბნელი სამშობლო მირჩევნია გაჩახჩახებულ სხვისას.

მაგრამ, მოგწონს, არ მოგწონს, სხვა რამეა, საქმე კიდევ საკეთებელი. და დავიწყეთ ჩვენც ინგლისელებთან ერთად მუშაობა. ერთი დღეცაა და დაგვიბარა ბაბუმ. ისეთი გახარებულია, ღიმილს ვერ იკავებს და ის თავისი შუშის თვალებიც უციმციმებს. არ გეუბნებოდით, მაგრამ ბოლო სამი თვე ჯონ მაკრაიტთან მქონდა მოლაპარაკება, როგორც იქნა, დავითანხმე და თვის ბოლოს ჩვენს სამწვრთნელო გუნდს შემოუერთდებაო. ამ ინგლისელებს ყურებამდე გაეხლიჩათ სახეები, ისეთი ბედნიერები იყვნენ, გეგონება, ამ წამს ახარეს, შვილი შეგეძინათო.

  • ვინ არის ეგეთი ეს ჯონ მაკრაიტი? - ვიკითხე მე.

ინგლისელებმა ღიმილით გადმომხედეს.

  • ჯონ მაკრაიტი - ამიხსნა ბაბუმ - მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მაგარი დაცვის მწვრთვნელია, წლების განმავლობაში მუშაობს უმაღლესი დონის გუნდებთან, თავისი შემუშავებული სისტემით, 1999 წლის ავსტრალიის ნაკრების დაცვის მწვრთნელი იყო.

დანარჩენს ახსნა არ უნდოდა: 1999 წელს ავსტრალია მსოფლიო ჩემპიონი ისე გახდა, რომ მთელ ტურნირზე მარტო ერთი ლელო მიიღო და ისიც ამერიკასთან, ჯგუფში.

  • ვაა, მაგარია - ვთქვი გახარებულმა, დაცვა ყოველთვის მიყვარდა და მაინტერესებდა. ახლა კი ასეთი მაგარი მწვრთნელისთვის უნდა მეყურებინა.
  • ძალიან - გამიცინა სკოტმა - ჯონი პიროვნებაა!

ერთ თვის შემდეგ ჯონს აეროპორტში დავხვდი. მაღალი, ზორბა კაცი იყო, მუქი, ხორბლისფერი კანით, შავი თმით, შეჭყლეტილი და მარცხნივ გაღუნული ცხვირით, დიდი ბრიალა თვალებით და წინ გამოწეული, აგურივით ოთხკუთხედი ყბით.

პირველ ორ ვარჯიშს არა უშავდა, ჯონი მკაცრად, მაგრამ მშვიდად ლაპარაკობდა, მაგრამ მესამე დღეს ისეთი უღრიალა ჩვენს ხუთ ნომერს , ორმეტრიან და გრძელცხვირა „სპილოს“, რომ ინგლისელები ლამის ადგილზე შეხტნენ და შეშინებულებმა გამოხედეს ჯონს.

მეოთხე ვარჯიშზე ჩვენმა თორმეტმა ნომერმა, ნაკრების ყველაზე ღონიერმა და აგრესიულმა მოთამაშემ, უჩა კელატაძემ, ვარჯიში ვერ გაიგო და ორჯერ ზედიზედ შეეშალა რაღაც.

ჯონმა აუხსნა.

  • თუ ვერ გაიგე, მითხარი და თავიდან აგიხსნი, მაგრამ თუ კიდევ ერთხელ შეგეშლება, ვარჯიშის ბოლომდე წრეზე ირბენ! გაიგე?
  • გავიგე - თავი დაუქნია უჩამ, ვარჯიშს დაუბრუნდა და ეგრევე შეეშალა.
  • დროზე, წრეზე, და არ დაგინახო გაჩარებული!!!! - მუქ ყელზე ძარღვები ამოებერა ჯონს.

და დაიწყო... ვარჯიში ისე არ ჩაივლიდა, დაცვის მწვრთნელს რომელიმე მოთამაშისთვის არ დაეყვირა, მისთვის სულ ერთი იყო ზომა, წონა, ასაკი, გამოცდილება, ავტორიტეტი, შეგეშლებოდა - ეგრევე მიიღებდი.

დაცვა მაგრად გამოსწორდა, მაგრამ გუნდში ნელ-ნელა სიტუაცია დაიძაბა, იქამდე რომ ერთ დღესაც ჩვენი ათი ნომერი ზურა ბუჩუკური მომადგა:

  • ამხელა კაცი ვარ, წლებია საზღვარგარეთ ვთამაშობ, პროფესიონალი ვარ და მე ეგეთ მიდგომას და ყვირილს ვერ ავიტან! და ბიჭებიც ეგრე არიან! ყველანი!

მივედი „ბაბუსთან“, მეთქი, ესე და ესე. კაი, დაველაპარაკები ჯონსო, მითხრა და მართლაც, მწვრთნელები რომ შევიკრიბეთ, ფრთხილად შეუყვანა, ძალიან გვიხარია და ვაფასებთ, რომ ჩვენთან ხარ, შენი მუშაობის მეთოდიც ძალიან მოგვწონს, ოღონდ ყველა ერი ერთმანეთისგან თავისი წარსულით, ისტორიით, ხასიათით განსხვავდებაო, ეს ბიჭები სხვებს არ ჰგვანან, მეომარი ბიჭები არიან და ვფიქრობ, ხანდახან სიფრთხილე გმართებს, რომ...

  • რითი არიან უკმაყოფილო? - გააწყვეტინა „ბაბუს“ სიტყვა ჯონმა.
  • რა და, ბიჭების ნაწილს არ მოსწონს, რომ უყვირი. ზრდასრული ხალხია, პროფესიონალი სპორტსმენები, და ასეთ მიდგომას...
  • სიტყვა-სიტყვით გადაეცით - ხმამაღლა თქვა ჯონმა - რომ მე გრეგანს* და ლარქემს* ვუყვიროდი, და თუ ამის ჩემგან მოსმენა უნდათ მოვიდნენ და დამელაპარაკონ!

ჯონთან არავინ მისულა. ვეღარც ინგლისელებმა უთხრეს რამე და დაცვის მწვრთნელმაც აიშვა. ჯერ თითქმის ყველა ვარჯიშს სათავისოდ გეგმავდა, მერე შეტევაშიც დაიწყო ჩარევა, ეგრე კი არა ესე უნდა გავაკეთოთო, უტრაკებდა დევიდს, სკოტს ხომ საერთოდ სათვალავში არ აგდებდა, მისთვის არავინ იყო, არ არსებობდა.

  • მოკეტე! - ეტყოდა და თავისას შეუბერავდა. დევიდს როგორც კი ახალი შემოთავაზება გამოუჩნდა, ეგრევე წავიდა, სკოტი დარჩა.

ჯონი კი ბოლოს იქამდე მივიდა, რომ ჩვენთან და მენეჯერებთან ერთად პირდაპირ აჯახა თვითონ „ბაბუს“, შენ რაგბის საერთოდ აზრზე არ ხარო!

  • გადაბმის წერტილი რა არის დაცვაში არ იცი, ბოჭვა არ იცი, კონტრრაქი არ იცი, არფერი შენ არ იცი, და რო იძახი ინგლისის ნაკრებთან ვმუშაობდიო, ვინ დაგნიშნა, ვინ მიგიშვა იქ მწვრთნელად? საერთოდ, ვინ ხარ, რა გაგიკეთებია?!
  • რატო აჩერებთ?! გაუშვით გუნდიდან - უთხრა ჩვენმა მენეჯერმა ტატო სანაძემ „ბაბუს“, როდესაც ჯონი ოთახიდან გავიდა.

ბებერ ინგლისელს ნამსხვრევებივით დაუვიწროვდა ცივი, ცისფერი თვალები.

  • ჯერ უნდა გამოვიყენოთ და მერე - თქვა ხმადაბლა და მშვიდად დახურა გადაშლილი რვეული.

მერე კი ჯონი ლამის მოედანზე გაუვარდა ჩვენს ცამეტ ნომერს, კახა კილაურიძეს. კანადაში ვიყავით, იქ გვქონდა ბოლო მოსამზადებელი თამაში, რომლის მერეც მსოფლიო თასზე მივფრინავდით; ცხრა ფაზა დავიცავით, მეათეზე კახა ბოჭვას აერიდა და ლელო დაგვიდეს.

  • შე მშიშარააა! - უღრიალა ჯონმა სათადარიგოთა სკამიდან, წყლის ბოთლი ესროლა და რომ არ დაგვეჭირა, მოედანზე შეუვარდებოდა, აქედან ჩვენ ვიჭერდით ჯონს, იქიდან ბიჭები - კახას. მაგრამ ჩავფარცხეთ ეგ ამბავი.

იმ საღამოს რამდენიმე ბოთლი ღვინო, ყველი და ძეხვეული ვიყიდე, ჯონს ოთახში მივადექი და შევუბერეთ დალევა.

  • ზედმეტი მოგდის - ვუთხარი, როდესაც შევთვერით - ეგრე თუ გააგრძელებ, შეიძლება ხელიც მოგხვდეს.

ჯონს თავისი დიდი ყბა გამოეწია წინ.

  • მომხვდება და მეც შევაბრუნებ - მიპასუხა და ბოლომდე გამოცალა ჭიქა.

დილამდე ვსვით.

დილით მსოფლიო თასზე გავფრინდით. ათი საათი უნდა გვეფრინა. თვითმფრინავი გრძელია, მე ბოლოში ვიჯექი, უცხოელი მწვრთნელები - წინ. ჯონი ვისკით დათვრა და (მე ეგ არ დამინახავს, მეძინა) სულ ტყუილად აუხირდა თურმე ჩვენს ფრთას, მასავით ხორბლისფერკანიან და შავტუხა ვატო სისაურს, რომელიც აფრენიდან სამ საათში სავარძლიდან წამომდგარა და თვითმფრინავში სიარული დაუწყია.

  • დაეგდე ადგილზე! - დაუყვირია ჯონს.

ვატოს კარგად ვიცნობდი, მოფიქრალი, კეთილი ბიჭი იყო, არასოდეს იმსახურებდა შენიშვნას, თუ დაიმსახურებდა, ბოდიშის მოხდაც იცოდა, მაგრამ უსამართლობას არავის შეარჩენდა, გაბრაზებისას გონება ებინდებოდა და უროსავით მძიმე მუშტი ჰქონდა.

  • რატო? - უკითხავს ვატოს.
  • იმიტომ, რომ მე გეუბნები ეგრე! დაეგდე შენს ადგილზე, ან გააჯვამ სახლში! - ჯონი მაგარი მთვრალი ყოფილა.

ინგლისელებს თავიც კი არ შემოუტრიალებიათ, ისხდნენო იქვე, პილოტის კაბინის დახურულ კარს უყურებდნენ და არაფერი არ ესმოდათო.

ბიჭები ჰყვებოდნენ, ვატო ისე დაიბნა, რომ ჩუმად დაჯდა თავის ადგილას, მაგრამ როდესაც გაკვირვებამ გადაუარა, ნელ-ნელა დაიბოღმაო. იჯდაო, ეგრე თავდახრილი, მუშტადშეკრული ხელებით და თავისთვის ხმადბლა იმეორებდა - რატო? პროსტა, რატოო?

აეროპორტში რომ ჩავრფინდით, უკვე ყველაფერი ვიცოდი, დავინახე, როგორ აიღო ვატომ თავისი ბარგი, წინ გავარდა და ჯონს დაუწყო ლოდინი. გიჟის თვალები ჰქონდა.

როდესაც გავედი, სოსო უკვე იჭერდა და აწყნარებდა, მეც შევუერთდი, მეთქი, ვატულიკ, მართალი ხარ, მაგრამ მთვრალია, მწვრთნელია, თან უკვე მსოფლიოზე ჩამოვედით, ეხლა რამე რო მოხდეს.

  • არა ბოზიშვილი ვიყო! - ჯიუტად გააქნია თავი ვატომ და თანდათან აუწია ხმას - ჩამიჯვა ყველაფერში, კაცობაში, ტურნირში და პროსტა რატო. აი, ვინმემ ამიხესნით, რატომ? და ბაზარი არ არი, გავჩერდები!
  • კაი, ვატულიკ, დაწყნარდი, გთხოვ!

და ამ დროს ზურგიდან ჯონის ხმა მომესმა:

  • რატო ელაპარაკები ეგრე? რა, არ იცი, რო თვითმფრინავში ვიჩხუბეთ? რატო იჭერ? შემ მწვრთნელი ხარ და მწვრთნელების მხარეს უნდა იყო, და ეგრე კი არ უნდა ელოლიავო მოთამაშეებს - ჯონი ზურგიდან წამომდგომოდა.
  • კაი რა, ჯონ, ხო გითხარი - ხელები გავუშვი ვატოს, ჯონისკენ შემოვაბრუნე თავი და მაკრაიტი გაქრა, მერე ისეთი მურტალი თხლაშანის ხმა გაისმა, გეგონება მწიფე საზამთრო დაასკდა იატაკსო - დაცვის მწვრთნელი კეფით დაენარცხა თეთრ მბრწყინავ კაფელს, ახროტინდა და პირიდან დუჟი წამოუვიდა.

ვატომ მარჯვენა მუშტი ჩაუჯინა სახეში. მაკრაიტი უგონოდ ეგდო ძირს, უცებ გაკვირვებისგან და შიშისგან ყველა გაჩერდა, ირგვლივ ჩამოწოლილ სიჩუმეში მარტო ჯონის ხროტინი ისმოდა. ვატოს რომ გავხედე, ფიტულივით იყო, იდგა ეგრე ადგილზე გაშეშებული, უწონო და ცარიელი, და დაბნეული თვალებით უყურებდა ჯონს, ეტყობა, რო გლიჯა, ყველაფერი გამოუშვა. ჯონს მივვარდი, მოსულიერება დავუწყე და რას ვხედავ, ეს გარეტა ტელეფონზე არ იღებს ყველაფერს?!

აუ, მეთქი, შენი დედასშევეცი, გამოვგლიჯე ტელეფონი ხელიდან, ჩავიდე ჯიბეში და ამ დროს ჯონმა თვალი გაახილა, ფეხზე წამოვარდა და ვატოზე გაიქაჩა, მაგრამ ბარბაცებდა, თან ბიჭებიც უკვე შემოგვეხვივნენ და ადვილად გავაშველეთ.

ვატო ავტობუსში ავიყვანეთ, ინგლისელებმა ჯონი ტაქსიმდე მიიყვანეს, ჩასვეს და სასტუმროს ოთახში ასვლაშიც მიეშველნენ. ჯონი ოთახში ჩაიკეტა და ერთი კვირა არ გამოსულა გარეთ.

იმ ღამეს მე, ჩვენს მენეჯერს, ტატო სანაძეს და კაპიტანს, გიორგა ბაკურაძეს თვალი არ მოგვიხუჭავს, ოთახიდან ოთახში გადავდიოდით მოსალაპარაკებლად, შევიდოდით „ბაბუსთან“, მერე იქიდან რაგბის კავშირის პრეზიდენტთან, მერე ისევ „ბაბუსთან“, მერე ისევ პრეზიდენტთან. ორივეს ავუხსენით, რა და როგორ მოხდა. ვატოსაც არ სძინებია მთელი ღამე, იჯდა გიორგას ოთახში, ფეხებთან ამოულაგებელი ჩანთები ედო და ელოდებოდა, როდის გაუშვებდნენ გუნდიდან.

მაგრამ დილას, როგორც იქნა, ყველაფერი საჩვენოდ გადაწყდა და ვატო ნაკრებში დარჩა. მეორე საღამოს ვატო „ბაბუმ“ თავისთან დაიბარა და ტკბილად ელაპარაკა, ვიცი შვილო, ცუდად მოგექცნენ, გაწყენინეს, ჩვენ ვითვალისწინებთ ამას და ამიტომ გუნდში რჩები, მაგრამ ამის მერე მწვრთნელებს აღარ დაარტყაო.

მთელი კვირა ჯონის გარეშე მოგვიწია ვარჯიში. ბიჭები დაძაბულები იყვნენ, ყველაზე მეტად ვატო ნერვიულობდა. ჯონი თამაშისწინა დილასღა მოვიდა მწვრთნელების შეკრებაზე, როდესაც ოცდასამი მოთამაშე უნდა დაგვესახელებინა. შემოვიდა, ცივად მოგვესალმა და სკამზე დაჯდა.

შერკინება ჩამოვთვალეთ, მერე ჯერი ხაზზე მიდგა და აქ სიტყვა სკოტმა აიღო.

  • მე ვფიქრობ, ვატო არანაირად არ უნდა მოხვდეს მოთამაშეთა სიაში, ის უნდა დაისაჯოს იმის გამო, რაც გააკეთა და უნდა დაისაჯოს მკაცრად! - და თან ჯონს არ აცილებდა თვალს. გარეტა უხმოდ, თავის დახრით დაეთანხმა სკოტს.

ჩათლახები. მე ხომ ვიცი, როგორი ბედნიერები იყვნენ, ჯონს რომ მოხვდა, მაგათ მრბეველს რომ მოხვდა ღრანჭში, რომელიც სამწვრთნელო ეტიკეტს არღვევდა და „მეგობრული“ არ ეჭირა მოთამაშეებთან. სამივეს - „ბაბაუსაც“, გარეტასაც და სკოტსაც, გულს ფხანდა ეგ: ვეუბნებოდით, ვაფრთხილებდით, არ დაგვიჯერა და აგე, ნახე, რაც მოუვიდაო. მაგრამ ახლა კოლეგიალურ-მეგობრულს თამაშობდნენ.

  • მეც ბოლომდე ვეთანხმები სკოტს - თქვა „ბაბუმ“ და ჯონს გახედა.

ჯონს არც ერთისთვის არ შეუხედავს, ისე დაიწყო ლაპარაკი:

  • არა! რაც ჩემსა და მაგ ბიჭს შორის მოხდა, ეგ ჩვენი საქმეა და არც გუნდს და არც თამაშს არ ეხება, ეგ ბიჭი კი ყველანაირად იმსახურებს იმას, რომ ოცდასამ კაცში კი არა, პირველ შემადგენლობაში იყოს!

აუ, შენ გენაცვალე-მეთქი, გავიფიქრე ჩემთვის, ეგრევე ჯონის დავუჭირე მხარი და ვატო თერთმეტ ნომერზე დადგა, და კი წავაგეთ, მაგრამ ძალიან მაგრად ითამაშა. თამაშის მერე ჯონმა ხელი ჩამოართვა, მაგრად იომეო, უთხრა და გასახდელიდან გავიდა.

ეს ინგლისელები კიდე ისე აქებდნენ პირში ვატოს, გეგონება მაგათ დააყენეს ძირითადში.

მსოფლიო თასი კარგად ჩავამთავრეთ, ჯონი ძველებურად ყვიროდა, მაგრამ არავის ამოუღია ხმა. ტურნირის მერე კი ავსტრალიაში დაბრუნდა, სადაც მელბურნის „რებელსის“ დაცვის მწვრთვნელობა შესთავაზეს.

ახლა აღარ ვიცი, სად არის და როგორ არის, მუშაობს კიდევ თუ არა, მაგრამ ერთი ნაღდია, მე სულ მემახსოვრება ეგ მყვირალა და სამართლიანი, უკმეხი და შეცდომიანი და მაინც რაღაცნაირად სუფთა კაცი, რომელსაც არ შეეძლო და მგონია, რომ ვერც ვერასოდეს შეძლებს თავისი საქმის სხვანაირად კეთებას.

ჯორჯ გრეგანი* - 1995-2007 წლებში ავსტრალიის ნაკრების ლეგენდარული ცხრა ნომერი, 1999 წლის მსოფლიოს ჩემპიონი, 139 მატჩი ავსტრალიის ნაკრებში;

სტივენ ლარქემი** - 1999-2007 წლებში ავსტრალიის ნაკრების ლეგენდარული ათი ნომერი, 1999 წლის მსოფლიოს ჩემპიონი, 102 მატჩი ავსტრალიის ნაკრებში.

ლადო კილასონიას სხვა სპორტული ზღაპრები იხილეთ აქ:

https://www.facebook.com/%E1%83%9A%E1%83%90%E1%83%93%E1%83%9D-%E1%83%99%E1%83%98%E1%83%9A%E1%83%90%E1%83%A1%E1%83%9D%E1%83%9C%E1%83%98%E1%83%90%E1%83%A1-%E1%83%A1%E1%83%9E%E1%83%9D%E1%83%A0%E1%83%A2%E1%83%A3%E1%83%9A%E1%83%98-%E1%83%96%E1%83%A6%E1%83%90%E1%83%9E%E1%83%A0%E1%83%94%E1%83%91%E1%83%98-1602476556637410/?fref=ts


კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
0.080425