სხვა

14:02 | 4.05.2016 | ნანახია 1632 - ჯერ

„მასი“ ნახევარფინალშია!

საფრანგეთის რანგით მესამე, ფედერალ 1-ის შესარჩევ პლეი ოფში ქართველების „მასიმ“ „ნევერი“ 17:14 დაამარცხა და პრო დ2-ში აღსაზევებლად „ვანის“ წინააღმდეგობა აქვს დასაძლევი.

შერკინების მწვრთნელის, ვიქტორ დიდებულიძის და მორაგბეების - ვახტანგ ახობაძის, დავით აშვეთიას, ხვიჩა ბუჯიაშვილისა და დავით დადუნაშვილის გუნდს სტუმრად მოუწია თამაში. „მასიმ“ პირველი ტაიმი მაღალ დონეზე ჩაატარა და 25 წუთის შემდეგ ორი ჯარიმით და ლელოთი 11:0 იგებდა, ხოლო ტაიმი 8-ქულიანი უპირატესობით დაასრულა - 14:6. მეორე ტაიმი „ნევერის“ ჯარიმით დაიწყო, რაზეც სტუმრებმა 75-ე წუთზე ჯარიმითვე უპასუხეს და მართალია ბოლოში ლელო გაუშვეს, მაგრამ გამარჯვებულები დარჩნენ - 17:14.

განვლილი მატჩი სასტარტო შემადგენლობაში დაიწყეს ბურჯებმა დადუნაშვილმა და ახობაძემ. ისინი 70-ე წუთზე შეცვალეს და ამ დროს თამაშში კიდევ ერთი ქართველი ბურჯი, აშვეთია ჩაერთო. ნახევარფინალის პირველ მატჩში „მასი“ 8 მაისს „ვანს“ უმასპინძლებს, ხოლო განმეორებითი შეხვედრა 15 მაისს სტუმრად ექნება და თუ ეს ეტაპიც გადალახა, ელიტა 2-ში დაბრუნდება.

თორნიკე ლომიძისა და ილია კაიკაციშვილის „ოში“ „ბურგ ენ ბრესს“ ქართველი ლეგიონერების გარეშე ეწვია და 14:15 დამარცხდა. სტუმართა 9 ნომერი 34-ე წუთზე წითელი ბარათით დაისაჯა, ამ დროს „ოში“ 0:12 ჩამორჩა და რთულ სიტუაციაში აღმოჩნდა. ტაიმის მიწურულს მათ კიდევ ერთი ჯარიმა მიიღეს, მეორე ტაიმის მიწურულს კი, სტუმართა მონდომებამ შედეგი გამოიღო, 69-ე და 79-ე წუთებზე ორი ლელო დადეს და გარდასახვებიც ზუსტი იყო, მაგრამ მეტის მისაღწევად უბრალოდ დრო აღარ დარჩა.

ამრიგად, ფედერალ 1-ის მეორე ნახევარფინალურ წყვილში შალვა სუთიაშვილის, საბა ქართველიშვილის და ლაშა თავბერიძის „ანგულემის“ მეტოქე „ბურგ ენ ბრესი“ იქნება. „ანგულემი“ პირველ ეტაპზე ისვენებდა და მეტოქეს სწორედ ორრაუნდიან ნახევარფინალში ელოდა.

ზურა ქსოვრელი


კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
0.095541