ინტერვიუები

12:36 | 29.03.2016 | ნანახია 8404 - ჯერ

ჯონი უილკინსონის ავტობიოგრაფიული ჩანახატები

მსოფლიოს ყველა დროის საუკეთესო მგეზავებს შორის ჯონათან პიტერ უილკინსონს მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს. ინგლისის ეროვნული ნაკრების მორაგბე მსოფლიო რაგბიში ნამდვილი მოვლენა იყო, ერთ ადამიანში იყრიდა თავს ყველა ის თვისება, რაც სარაგბო სფეროს შეესაბამება, მოკლედ რომ ვთქვათ, გულშემატკივართათვის იდეალური 10 ნომერი იყო.

36 წლის ჯონი უილკინსონი ენდრიუ მეგისთან ინტერვიუში მოკლე ცხოვრებისეულ მიმოხილვას აკეთებს, რომელიც ჩანახატების სახით მიაწოდა გულშემატკივარს.

  • რაგბი ყოველთვის საინტერესო იყო ჩემთვის

არასდროს დამავიწყდება ჩემი ბავშვობა, როდესაც მამაჩემი რაგბის თამაშობდა. მე და ჩემს ძმას გვევალებოდა, რომ მოედნის ფარგლებს გარეთ გადავარდნილი ბურთი მიგვეწოდებინა, სწორედ მაშინ შევიგრძენი ამ სპორტის სურნელი, რომელიც დღემდე მომყვება.

  • რაგბი ჩემს თვისებებთან ყველაზე ახლოსაა

ბავშვობაში სპორტი ძალიან მიყვარდა, ხალხი მას ტელევიზორში უყურებდა, მე კი მოედანზე თამაში მერჩივნა. ერთ დროს მაგიდის ჩოგნურთისა და კალათბურთის მოყვარულიც ვიყავი, მაგრამ ჩემი თვისებებიდან გამომდინარე, საკუთარი თავი რაგბიში დავინახე. სპორტის სხვა სახეობაში ვერ ვიქნებოდი ისეთი მონდომებული, როგორიც ვიყავი რაგბიში და შეიძლებოდა ძალიან მალე დამენებებინა თამაშისთვის თავი.

  • „ყველაზე პროგრესირებადი მოთამაშე“

გულშემატკივრებმა პირველად „ყველაზე პროგრესირებადი მოთამაშის’’ ტიტული მომანიჭეს. მე უბრალოდ გუნდს ვედექი გვერდით და როგორც ჩანს, ჩემი მხრიდან ეს საკმაოდ ბევრი იყო.

  • ყველა მედალი მოგონებებს მიღვიძებს

უკლებლივ ყველა მედალი შენახული მაქვს და თითოეული მათგანი მოგონებებზეა დაფუძნებული. რამდეჯერაც მათ შევხედავ, მახსენდება ჩემი სარაგბო კარიერა. თვალს მოვავლებ ხოლმე და ვამბობ - „ო, ღმერთო, რამდენი რამ გამივლია“, ამ დროს კი, მოგონებები გულში ლახვარივით მეცემა.

  • ჩემი საუკეთესო მოგონებები „ნიუკასლსა“ და „ტულონს“ უკავშირდება

ჩემი მოგონებებიდან გამოვყოფდი იმ პერიოდს, როდესაც „ნიუკასლში“ საკუთარი ძმის გვერდით ვთამაშობდი. კარიერის დასაწყისში ერთად მოგვიწია საკმაოდ რთული და დაძაბული ტურების გავლა, მაგრამ საბოლოოდ „ალაფა“ ჩვენ დავისაკუთრეთ. რაც შეეხება „ტულონს“, მას ჩემი სარაგბო კარიერის საბოლოო გზა უკავშირდება, ამიტომ შეუძლებელია, რომ დავიწყებას მიეცეს.

  • წარმატება იმით განისაზღვრება, თუ რამდენად შემდგარი პიროვნება ხარ

მე წარმატება ასე მესახება; რამდენად მშვიდობიანი თანაარსებობა შეგიძლია თანაგუნდელებთან, რამდენად შემდგარი პიროვნება ხარ; რასაც არ უნდა აკეთებდე, თანაგუნდელის თანაგრძნობა, ურთიერთგაგება და მათთან ერთად ზრდა წარმატების საწინდარია. გასაოცარია, თუკი ამ ყველაფერს შეასრულებ, აღმოაჩენ, რომ გეძლევა შესაძლებლობა განიცადო პროგრესი ამ მიმართულებით.

  • მსოფლიო თასის ნოსტალგია

ვაიძულებ ხოლმე საკუთარ თავს, რომ აღარ ვიფიქრო მსოფლიო თასზე. ვიცი, რომ ის ჩემშია და მუდამ ასე დარჩება. ძალიან გამიმართლა, რომ მქონდა პრივილეგია მეპოვა საკუთარი თავი ამ სფეროში და მეთამაშა ისეთ თანაგუნდელებთან ერთად, როგორებიც მე მყავდა.

  • მსოფლიო თასმა ჩემი ცხოვრება მთლიანად შეცვალა

მსოფლიო თასზე ასპარეზობა მართლაც ძალიან რთულია, მაგრამ ეს არის პერიოდი გრძელვადიანი დადებითი ემოციებისა. ჩემპიონატში მონაწილეობა მოითხოვს ინტროსპექციას და ხშირად ულმობელ გაკვეთილებსაც გვთავაზობს. უნდა გაუსწორო თვალი იმას, თუ სად ხარ და რამდენი სირთულე შეიძლება მოგევლინოს. მსოფლიო თასზე შეიძლება ხელიდან გამოგვეცალოს ისეთი რამ, რაც ერთდროს ჩვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანი და ძვირფასი იყო. ამ ჩემპიონატში ყველაფრისთვის მზად უნდა იყო, სწორედ ამან შეცვალა ჩემი ცხოვრება მთლიანად.

  • ღამეს კარიერაზე ფიქრით ვათენებ

სარაგბო კარიერა იმდენად შემოვიდა ჩემში, რომ ღამე ძილიც კი მიჭირს. ხანდახან ვფიქრობ ხოლმე, კიდევ რა შემეძლო გამეკეთებინა და რისთვის მიმეღწია. უცბად, ვააანალიზებ, რომ იქნებ, ღამის 2 საათი არაა საუკეთესო დრო ამაზე ფიქრისთვის, მაგრამ ეს უკვე ჩემთვის ჩვეულებრივი მოვლენაა. ღამე ის დროა, როდესაც გადავხედავ ჩემს ცხოვრებას და დასკვნებს ვაკეთებ.

  • როდესაც სარაგბო აღჭურვილობა შენი ნაწილი ხდება

დროის ძალიან დიდ ნაწილს ვარჯიშს ვახმარდი, ამის შემდეგ კი, იწყება პერიოდი, როდესაც დამოკიდებული ხდები სარაგბო აღჭურვილობაზე, ისინი შენი ცხოვრების განუყოფელი ნაწილნი ხდებიან.

  • ჩემი ოცნებების სია

უამრავი სურვილი გამაჩნია, ჩამოყალიბებული მაქვს ვისთან შეხვედრა მინდა ამ ცხოვრებაში, რა მსურს, რომ ვისწავლო და რისი ნახვა მწადია. ერთ-ერთი უკვე ავისრულე, მე და ჩემი მეუღლე ამ წელს 5 კვირის განმავლობაში ვიყავით ტაილანდში და იოგას კურსები გავიარეთ. შევისწავლე უამრავი რამ და ჩემი ოცნებების სიიდან ერთ-ერთი მათგანიც ამოვშალე.

  • ადამიანები, რომლებთან შეხვედრასაც ვისურვებდი

გონებაში მაქვს დალაგებული იმ ადამიანთა სია, რომელთაც სადილზე სიამოვნებით დავპატიჟებდი. ესენი არიან - ჩემი სპორტის გმირი, ამერიკელი ფეხბურთელი ვოლტერ პეიტონი და მუსიკოსი ნოელ გალაგერი. თუკი მოისურვებდნენ ჩემთან შეხვედრას, ერთად წავიდოდით MC-ში, დავსხდებოდით და ვისაუბრებდით საკუთარ ცხოვრებაზე. უნდა ვაღიარო, რომ თითოეული მათგანი თავის სფეროში და ზოგადად ცხოვრებაში განსწავლულია, ვფიქრობ, მაგიდასთან მე ყველაზე ნაკლები ტალანტის მქონე ადამიანი ვიქნები.

  • ქაოსი მუსიკის თანხლებით

ვუკრავ პიანინოსა და გიტარაზე - ეს არის საუკეთესო საშუალება, რომ გაექცე დალაგებულ გონებას. მიყვარს ქაოსის შექმნა და ზოგადად, ქაოსური მელოდიები. ვუსმენ Arctic Monkey-ს და ალტერნატიულ მუსიკას.

  • ჩემს ცხოვრებას 10 ქულიდან 9-ით შევაფასებდი

წარსულის ზღურბლთან მისვლა ჩემთვის საკმაოდ საშიშია, მე ყოველთვის მკაცრი კრიტიკით განვიხილავ ჩემს მიერ ჩატარებულ თამაშებს, ამიტომ წარსულის კარის შეღება ნამდვილად არ მინდა. თუმცა, უნდა ვაღიარო, რომ მთლიანობაში მშვენიერი ცხოვრება მაქვს განვლილი, მას 10 ქულიდან 9-ს დავუწერდი.

ელენე ლომსაძე


კომენტარები (3)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
13:18 | 29.03.2016
Ika.K (16)

ვილკო მაგარ მორაგბესთან ერთად კაი პიროვნებაც ყოფილა

13:04 | 29.03.2016
Dima89D (9)

როგორი მუსიკალური გემოვნება ჰქონია?! მაგარი კაცი

13:00 | 29.03.2016
Alexandre74 (13)

მართლა იდეალური ათი ნომერი იყო.კარგია

0.135886