ჩელენჯ კაპი

23:20 | 25.04.2016 | ნანახია 3046 - ჯერ

„ენისეიმ“ და „ტიმიშოარამ“ იტალიელები შეარცხვინეს

ჩელენჯ ქაფის საკვალიფიკაციო ეტაპის პლეი ოფის განმეორებით მატჩებში, რუსულმა „ენისეიმ“ და რუმინულმა „ტიმიშოარა-სარასენსმა“ იტალიური კლუბები კიდევ ერთხელ დაამარცხეს და შემოდგომიდან ძირითად ბადეში ითამაშებენ.

მხოლოდ თითო-თითო გუნდი ევროპის საკლუბო ტურნირებზე - ასეთია ამბიციური იტალიელების წარმომადგენლობა ჩემპიონთა თასსა და ჩელენჯ ქაფზე და ისიც მხოლოდ იმიტომ, რომ პრო 12-იდან ისინი ამ საგზურებს პირდაპირი წესით იღებენ.

დავით კაჭარავას „ენისეიმ“ ამოცანა წარმატებით პირველივე მატჩში გადაჭრა, როდესაც „როვიგოს“ სტუმრად 31:0 აჯობა, მაგრამ არ მოდუნდა, კრასნოდარში 1500 მაყურებლის წინაშე მეტოქეს კვლავ ხუთი ლელო გაუტანა და ორი მატჩის ჯამში 70:5 გაანადგურა!

„როვიგომ“ განმეორებითი შეხვედრის დებიუტში ინიციატივის დაეუფლება სცადა, მაგრამ მედგარ წინააღმდეგონას წააყდა და პირველი ტაიმის შემდეგ 0:20 ჩამორჩა. მეორე ტაიმში „ენისეიმ“ კიდევ ორი ლელო დადო და 32:0 იგებდა, როდესაც იტალიელებმა პრესტიჟის ლელოს გატანა შეძლეს. ეს მათი ერთადერთი ლელო და წარმატებული შეტევაა ორი შეხვედრის ჯამში. მაგრამ ბოლო სიტყვა კვლავ „ენისეიმ“ თქვა და კიდევ ერთი ლელოს დადებით, მეორე მატჩის ანგარიში დააფიქსირა - 39:5. რა თქმა უნდა კაჭარავა სასტარტო შემადგენლობაში იყო და მას შემოდგომიდან ჩელენჯ ქაფის ძირითად ტურნირში ვიხილავთ.

მეორე წყვილში რუმინულ „ტიმიშოარა-სარასენსს“ პირველ მატჩში „კალვიზანო“ 36:23 ჰყავდა დამარცხებული. მაშინ მასპინძლებს უფრო სოლიდური სხვაობითაც შეეძლოთ მოგება, თუმცა ბოლოსკენ მოეშვნენ და განმეორებით შეხვედრას ინტრიგა შერჩა. შესაბამისად, იტალიაში, განსაკუთრებით პირველ ტაიმში, დიდი ბრძოლა გაჩაღდა. ვალენტინ კალაფეტეანუს ჯარიმებს შორის, ერთი ზუსტი დარტყმა ფილიპო ბუსემმა შეასრულა და ტაიმი სტუმრებმა 6:3 მოიგეს.

თამაში რომ განახლდა „კალვიზანოს“ ქომაგებს იმედი გაუჩნდათ, რადგან მასპინძლებმა ლელო დადეს, გარდასახვა ზუსტად შეასრულეს და პირველად დაწინაურდნენ. მერე ბუსემმა ჯარიმა ააცილა, თორემ ორი მატჩის ჯამში სხვაობა 6 ქულამდე დავიდოდა, რისი აღმოფხვრაც რაგბიში ერთი შეტევით შეიძლება. მაგრამ მისი დარტყმა არაზუსტი იყო და პასუხად რუმინელების მძლავრმა მოლმა ლელო დადო, ხოლო კალაფეტეანუმ გარდასახა. „ტიმოშოარამ“ მოპოვებული უპირატესობა აღარ გაანიავა და ცოტა ხანში 20:10 დაწინაურდა. იტალიელებმა ლელო-გარდასახვით კონკრეტულად ამ თამაშის მოგების იმედი დაიბრუნეს, თუმცა მატჩის მიწურულს მეტოქისგან ლელო და ჯარიმა მიიღეს და „ტიმოშოარა-სარასენსმა“ 28:17 იმარჯვა. 64:40 ორი მატჩის ჯამში და ჩელენჯ ქაფის ჯგუფურ ეტაპზე რუმინეთის ჩემპიონსაც ვიხილავთ.

ზურა ქსოვრელი


კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
0.095113