დიდი 10

20:05 | 28.03.2016 | ნანახია 2030 - ჯერ

გოჩა სვანიძე: „პრეზიდენტის პოსტიც არ ღირს იმად, რომ რამე მივჩქმალოთ”

რაგბის კავშირმა ფოთში მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით განცხადება გააკეთა. დიდი 10-ის მე-17 ტურში, თბილისის „არმიასა“ და ბათუმის „ბათუმს“ შორის ჩატარებულ მატჩში იქნა დაფიქსირებული მსაჯზე ზეწოლის ფაქტი, რომელიც თამაშის დასრულების შემდეგ მოხდა - მთავარი არბიტრი ნიკა ამაშუკელი დაჭრეს.

„ხაზგასმით აღვნიშნავთ საქართველოს რაგბის კავშირის პოზიციას, რომ აღნიშნულ ფაქტზე საქართველოს კანონმდებლობით გამოძიება უნდა ჩაატაროს სამართალდამცავმა ორგანოებმა. ვითვალისწინებთ იმ ფაქტს, რომ რაგბი საქართველოში გასცდა სპორტის სახეობის ფარგლებს და უკვე იქცა ეროვნული სულისკვეთების გამოხატულებად და ეროვნულ ფასეულობად, დღეს ისე როგორც არასდროს უნდა ვიყოთ განსაკუთრებით პრინციპულნი და აქედან გამომდინარე რაგბის კავშირი არ აპირებს ამ ფაქტის მიჩქმალვას და აუცილებლად მოვძებნით რეაგირების ფორმებს, რათა მსგავსი რამ არასდროს განმეორდეს.“

გავრცელებული განცხადების შემდეგ საქართველოს რაგბის კავშირის პრეზიდენტმა გოჩა სვანიძემ გამართა პრესკონფერენცია, სადაც საკუთარი აზრი დააფიქსირა მომხდართან დაკავშირებით და პასუხი გასცა დასმულ შეკითხვებს:

„გასაგები მიზეზების გამო ჭორებზე არ ვილაპარაკებ, ერთი რამ რაც ფაქტია გუშინდელ თამაშზე იყო დაძაბულობა. ორივე მხარეს თავისი ინტერესი გააჩნია, „არმია“ არის გასავარდნ ზონაში, „ბათუმისთვისაც“ აქვს მნიშვნელობა რომელ ადგილს დაიკავებს და რა პოზიციით გავა ფლეიოფში. მაგრამ მე არ ვიყავი ფოთში და შესაბამისად, არ ვიცი რეალურად რა მოხდა თამაშზე. მსაჯსაც არ გავსაუბრებივარ, მაგრამ იყო მამამისი მოსული, გადმოგვცა მისი დამოკიდებულება ამ ფაქტის მიმართ და ვადასტურებთ - ნიკა ამაშუკელს ფეხის არეში ჭრილობა აქვს. არ ვიცი მსაჯმა სამართალდამცავებს რა ინფორმაცია მიაწოდა, მაგრამ მე მინდა მოვუწოდო ყველას, რომ თუ მოხდა განზრახ ჭრილობის მიყენება, ეს ფაქტი არ უნდა დაიმალოს არავისგან, ან თუ მოხდა ფიზიკური შეურაცხყოფა და წაქცევის შედეგად მოხდა დაზიანება, არც ეს ფაქტი დაიმალება. სამართალდამცავმა ორგანოებმა არ უნდა იფიქრონ და იოცნებონ, რომ ამას რაგბის კავშირი შიგნიდან მოაგვარებს.

ჩვენ, ჩვენს პასუხისმგებლობას ავიღებთ ყველაფერზე, განვახორციელებთ იმ პრევენციულ ზომებს რაც საჭიროა იმისათვის, რომ ეჭვქვეშ არ დავაყენოთ ის ომახიანი სიტყვები, რასაც ამ ბოლო პერიოდში ვამბობთ და რაც გამოიხატება გულშემატკივართა და ჩვენი სპორტსმენების გვერდში დგომით.

მსაჯის მიმართ მინიმუმ უპატივცემულობას ქონდა ადგილი, მაგრამ რა ფორმით მე ეს არ ვიცი, მე ვარ მესამე პირი, რომელმაც მოყოლით გაიგო რა მოხდა და ამის გამო არ მინდა ჭორებზე საუბარი, მე მინდა საზოგადოებამ გაიგოს ნათელი და ამომწურავი ინფორმაცია.

რაც შეეხება უშუალოდ იმ ფაქტს, რომ მსაჯის მიმართ დაფიქსირდა ლანძღვა-გინება და შეხლა-შემოხლა მოთამაშეების მხრიდან, ამაზე ჩვენ აუცილებლად მოვახდენთ შესაბამის რეაგირებას და ყველანი იქნებით ინფორმირებული.

მატჩის კომისარმა დააგვიანა ოქმში დეტალების შეტანა, მაგარმ მე ვერ გეტყვით რას დაწერს ტექსტში, ის წერდა მოხსენებით ბარათს, რომელიც გადაეცემა სპორტულ ტექნიკურ კომისიას. ის უფლებამოსილია გამოიკვლიოს ფაქტები და მიიღოს გადაწყვეტილება. ჩვენ გვქონდა თათბირი და ვისაუბრეთ იმაზე, რომ ყველამ უნდა გაამართლოს საკუთარი პოსტი, უნდა იყვნენ უკომპრომისოები სიმართლის მიმართ და მერწმუნეთ, პრეზიდენტის პოსტიც არ ღირს იმად, რომ მე ეს ფაქტები მივჩქმალო და საზოგადოებას დავუკარგო ის, რის გამოც ჩვენს მიმართ დადებითად არიან განწყობილნი. ჩვენ გვინდა, რომ ის ფასეულობა დავამკვიდროთ, რაც რუმინეთთან თამაშზე ვიხილეთ, ეს არ იყო მხოლოდ სპორტსმენების მოგება, ეს იყო თითოეული გულშემატკივრის მოგება, რომელიც თაობებით დაესწრო ამ ისტორიულ თამაშს. ჩვენ არაფერს არ მივჩქმალავთ, ყველანი ვართ უაღრესად შეურაცხყოფილები, რადგან ეს არის სამარცხვინო ფაქტი. გვქონია შემთხვევა როდესაც მატჩი ჩაშლილა მაგრამ თამაშის დასრულების შემდეგ ხელი ჩამოგვირთმევია ერთმანეთისთვის, მინდა იცოდეთ, რომ რაც მოხდა არის მიუღებელი და ეწინააღმდეგება რაგბის პრინციპებს“.

ნინუცა კაპანაძე


კომენტარები (1)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
12:38 | 01.04.2016
ukleba (77)

ერთი წინადადებით შემოვდივარ. იქნე მეტი ქართული სარაგბო ტერმინები დავამკვიდროთ ჩემო მეგობრებო-ჟურნალისტებო და ადმინისტრატორებო საიტზე. მე მაგალითად ძალიან მომწონს ზაალ გიგინეიშვილის ქართული სარაგბო ლექსიკა. რას იტყვით

0.090481