ინგლისის პრემიერშიპის კლუბები ქვეყნის რაგბის კავშირისგან მომდევნო რვა წლის განმავლობაში 220 მილიონ გირვანქა სტერლინგს მიიღებენ.
therugbypaper-ის ცნობით, RFU-სა და ლიგას შორის შეთანხმება უკვე შედგა და შედეგად, პრემიერშიპის თითოეული კლუბის ბიუჯეტი ყოველწლიურად 2 მილიონი გირვანქა სტერლინგით გაიზრდება. სასპონსორო კონტრაქტებისა და ტელეტრანსლიაციების გაყიდვით მიღებული შემოსავლების გათვალისწინებით, 2016/2017 წლების სეზონიდან თითოეული კლუბის დამატებითი შემოსავალი ყოველწლიურად 6 მილიონი გირვანქა სტერლინგი იქნება.
გარდა ამისა, ლიგისა და RFU-ს შეთანხმების თანახმად, თითოეული კლუბი ეროვნულ გუნდში მოთამაშეთა წარდგენის სანაცვლოდ დამატებით თანხას მიიღებს.
აღსანიშნავია, რომ წინა შეთანხმებით, რომელიც 2008 წელს გაფორმდა და ვადა ამ ზაფხულს გასდის, პრემიერშიპის კლუბები ორჯერ ნაკლებ თანხას - 110 მილიონ გირვანქა სტერლინგს იღებდნენ.
ფინანსური სარგებლის გაზრდა, ინგლისურ კლუბებს მისცემს საშუალებას, რომ შეინარჩუნონ მოთამაშეები, რომლებიც საფრანგეთის ტოპ 14-ის კლუბებში მრავლად მიდიან და ამასთან, დააინტერესონ სამხრეთ ნახევარსფეროს წარმომადგენლები.
ზურა ქსოვრელი
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია