დიდი 10

21:47 | 17.04.2016 | ნანახია 1893 - ჯერ

ისევ ტაიმის სცენარით - „ჯიქი“ ბრძოლას აგრძელებს

პირველის მსგავსად, დიდი 10-ის პლეი ოფის მეორე მატჩში, გუნდებმა უკეთ თითო ტაიმი ჩაატარეს, მაგრამ ამჯერად ქუთაისის „აიას“ 40 წუთში მოპოვებული უპირატესობა წარმატებისთვის არ ეყო და „ჯიქმა“ 25:14 იმარჯვა.

ცვალებადობის მიზეზი ძლიერი ქარია, რომელიც ზურგს ჯერ „აიას“, მერე „ჯიქს“ უმაგრებდა, მაგრამ გორელებს სხვა კოზირებიც აღმოაჩნდათ და მეტოქის შეცდომებით უკეთ ისარგებლეს. მთლიანობაში, თამაშმა ხარვეზებით ჩაიარა, რაც ასევე ბუნებრივი პირობების ბრალია, მაგრამ მთავარი უკვე გარკვეულია და 23 აპრილს „ყოჩებს“ „ჯიქი“ შეხვდება.

„აიამ“ არა მხოლოდ ტაიმი, არამედ მთელი 50 წუთი ჩაატარა მეტოქეზე უკეთესად, მაგრამ უკვე ზედიზედ მესამედ ვერ შეძლო პლეი ოფის პირველი ეტაპის გადალახვა. ზურგქარის დახმარების მხარდამხარ, მატჩის დებიუტში ჯერ გიორგი ფრუიძემ შექმნა ხიფათი, როდესაც ფეხით შეცურებულ ბურთს მიყვა, თუმცა მცველმა ბოლო მომენტში დაასწრო და მერე მიხეილ რატიაშვილმა გაჭრა ხაზი, ორი მცველიც ჩამოიცილა, თუმცა იერიშს საკადრისი გაგრძელება არ მოყვა.

შემდეგ რეზი ჯინჭველაშვილმა ჯერ ხელსაყრელი მდგომარეობიდან ჯარიმა და მერე შორიდან არეკნი ააცილა, თუმცა ქუთაისელთა ასეთ დიდ უპირატესობას ლოგიკური დასასრული 25-ე წუთზე მოყვა, როდესაც იოსებ კიკვაძეს ფეხით გადაკიდებული ზედიზედ ორმა მცველმა ვერ აიღო და ქუთაისელთა ფულბეკმაც ისინი ლელოთი დასაჯა. ჯინჭველაშვილი გარდასახვიდან ზუსტი იყო, მაგრამ მას მალევე რამაზ ხარაზიშვილმა ჯარიმით უპასუხა - 3:7.

შესვენებამდე ანგარიში აღარ შეცვლილა, თუმცა ორი საინტერესო რამ კი მოხდა - ირლანდიელმა რეფერიმ „ჯიქებს“ ორი მორაგბე გაუსინბინა და გარკვეული პერიოდით ისინი მოედანზე 13 კაცის ამარა დარჩნენ.

„აიამ“ რიცხობრივი უპირატესობის გამოყენება მხოლოდ მეორე ტაიმის მე-5 წუთზე შეძლო, როდესაც თავისი ნახევრდან წამოწყებული კარგი, თანმიმდვრული შეტევის შემდეგ თემურ თუთბერიძემ რაქიდან აიტაცა ბურთი და ლელო გაიტანა, ხოლო ჯინჭველაშვილმა გარდასახა - 3:14.

მაგრამ მერე „ჯიქის“ შემადგენლობა“ შეივსო და მათი უპირატესობაც ხელშესახები გახდა. 50-ე წუთზე შერკინების მიერ მოპოვებული ჯარიმა ხარაზიშვილმა 3 ქულად ვერ აქცია, მაგრამ მე-60 წუთზე მორკინალებმა შერკინებიდან საჯარიმო ლელო გამოიმუშავეს და ამჯერად ხარაზიშვილიც ზუსტი იყო - 10:14. ოთხიოდე წუთში გორელების კარგი შეტევა ლელოთი გურამ შენგელიამ დაასრულა და მერე რა, რომ გარდასახვა არაზუსტი იყო, „ჯიქი“ 1 ქულით დაწინაურდა.

ამ პერიოდში, საფინალო სასტვენამდე, „აიას“ ქულის აღების შანსიც არ ჰქონია, ხოლო „ჯიქმა“ ჯარიმა გააცუდა, მაგრამ 76-ე წუთზე კარგი კომბინაცია ლელოთი დაასრულა, ხარაზიშვილმა ზუსტ გარდასახვას სულ მალე შორეული ჯარიმა მიაყოლა და „ჯიქმა“ 25:14 მოგებით „ყოჩებთან“ თამაშის უფლება მოიპოვა.

დიდი 10-ის მომავალ სეზონში თამაშის უფლება, ფაქტობრივად პირველივე ჯახში დაიბევა „არმაზმა“, რომელმაც „დინამო“ 40:13 დაამარცხა და ერთ კვირაში გასამართი განმეორებითი შეხვედრა ფორმალობად აქცია.

დიდი 10. პლეი ოფი. I ეტაპი

17 აპრილი

თბილისი. „ავჭალა“

ჯიქი [გორი] - აია [ქუთაისი] 25:14 [3:7]

ჯიქი: 15. კიკნაძე, 14. დევსურაშვილი, 13. გაბროშვილი, 12. ჯინჯიხაძე, 11. ხარაზიშვილი, 10. ნინიძე, 9. ზაბახიძე; 1. ორაგველიძე, 2. მამრიკიშვილი, 3. გურგენაძე, 4. ჯინჭარაძე, 5. ტრაპაიძე, 6. ტუჩაშვილი, 7. მჭედლიშვილი, 8. შენგელია.

სათადარიგოები: 16. კაკოვინი, 17. ქარჩავა, 18. ჩირგაძე, 19. თ. კიკნაძე, 20. დიდებულიძე, 21. ბიწაძე, 22. ხუციშვილი, 23. სამხარაძე.

3 ლელო: საჯარიმო, შენგელია, ხუციშვილი

2 გარდასახვა: ხარაზიშვილი

2 ჯარიმა: ხარაზიშვილი

აია: 15. კიკვაძე, 14. ტორაძე, 13. ფრუიძე, 12. ირემაძე, 11. აბრამიძე, 10. ჯინჭველაშვილი, 9. თუთბერიძე; 1. რატიაშვილი, 2. მატკავა, 3. გ. ტორაძე, 4. ჩიტეიშვილი, 5. შალამბერიძე, 6. რევიშვილი, 7. ლოსაბერიძე, 8. სალდაძე.

სათადარიგოები: 16. წაქაძე, 17. ცქიფურიშვილი, 18. ლომსიანიძე, 19. მაჩალაძე, 20. მარშანია, 21. კიკვაძე, 22. სინაურიძე, 23. ლაღაძე.

2 ლელო: კიკვაძე, თუთბერიძე

2 გარდასახვა: ჯინჭველაშვილი

დიდი 10. ასასვლელი პლეი ოფი

17 აპრილი. პირველი მატჩი

თბილისი. „შევარდენი“

დინამო [თბილისი] - არმაზი [თბილისი] 13:40

ზურა ქსოვრელი


კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
0.074368