დიდი 10

9:41 | 17.04.2016 | ნანახია 1899 - ჯერ

ვინ ერგება „ყოჩებს“

გუშინ ფოთში ბოლნისის „ყოჩებმა“ „ბათუმის“ 22:13 ძლევით პლეი ოფის მეორე ეტაპისკენ გზა გაიკვალა, დღეს კი, თბილისში მისი მეტოქე გაირკვევა.

გორის „ჯიქმა“ რეგულარული გათამაშება კარგად დაიწყო და ერთი ხანობა უპირობო ლიდერიც იყო, მაგრამ ნელ-ნელა პოზიციები დათმო და არასწორი შეცვლისთვის მე-15 ტურში „არმაზთან“ მოგებული მატჩი წაგებით რომ შეეცვალა, მიზნად მესამე ადგილი დარჩა. გორელებმა დასკვნით ტურში „ბათუმის“ ძლევით ეს მიზანი წარმატებით გადაჭრეს და ახლა მეექვსე ადგილოსან ქუთაისის „აიას“ მასპინძლობენ.

ეს სეზონი „ჯიქისთვის“ უდავოდ წარმატებულია, რადგან შარშან ისინი მხოლოდ მე-8 ადგილს დასჯერდნენ, თუმცა, მათ შორსმიმავალი მიზნები აქვთ და პლეი ოფში გასვლით არ დაკმაყოფილდებიან.

ქუთაისელები პლეი ოფში რეგულარულად გადიან და 2013 წელს ორი თამაშის მოგებით ბრინჯაოს მედლებიც დაისაკუთრეს, მაგრამ წინა ორ ჯერზე პლეი ოფის პირველსავე ეტაპზე დამარცხდნენ. მათ წინაღმდეგაა სტატისტიკაც - წარსული გამოცდილებით მეექვსე გუნდს მესამე აქამდე არასდროს დაუმარცხებია, მაგრამ ყველაფერს აქვს დასასრული და „აიაც“ ამის იმედადაა.

მიმდინარე სეზონის ურთიერთშეხვედრებს თუ გადავხედავთ, პირველ წრეში „აიამ“ ქუთაისში 11:8 იმარჯვა და მაშინ „ჯიქის“ 6-მატჩიანი მოგებების სერია შეწყვიტა. მეორე წრეში, „შევარდენზე“, გორელებმა რევანში აიღეს და 21:6 მოიგეს, ოღონდ ლელო არ გაუტანიათ. მას შემდეგ „აიამ“ რეგულარული გათამაშების დარჩენილი ორი შეხვედრაც დათმო და მომავალ ჯახს 3-მატჩიანი წაგებით ხვდება.

აღსანიშნავია, რომ დებულების თანახმად, ამ თამაშის გამარჯვებული პლეი ოფის მეორე ეტაპზე მასპინძლობის უფლებით სარგებლობს და ქუთაისელების გამარჯვების შემთხვევაში, „ყოჩებს“ კიდევ ერთხელ მოუწევს დასავლეთ საქართველოში მგზავრობა. „ჯიქისა“ და „აიას“ შეხვედრა „ავჭალაზე“ 16 საათზე იწყება.

დღის პროგრამა ამით არ ამოიწურება. „შევარდენის“ ხელოვნურსაფარიან მოედანზე, 15 საათზე კიდევ ერთი პლეი ოფის მატჩი იწყება. დიდი 10-ის მომავალ სეზონში თამაშის უფლებისთვის, პირველი ლიგის მეორეადგილოსანი „დინამო“ დიდი 10-ის მე-9 ადგილოსან „არმაზს“ შეხვდება, რომელმაც მცირე სასწაული მოახდინა. გუნდს 13 ტურის შემდეგ 12 მარცხი და ერთი ფრე ჰქონდა, უკვე ფაქტობრივად განწირულად ითვლებოდა, მაგრამ დასკვნითი ხუთი მატჩიდან ოთხი მოიგო, იმ ერთ წაგებულშიც [ჯიქთან] არასწორი ცვლილების გამო მოგება ჩაეთვალა და უძლიერესთა შორის დარჩენის შანსი გაუნდა.

ეს ამ წყვილის პირველი მატჩია, განმეორებითი კი, ერთი კვირის თავზე გაიმართება.

დიდი 10. პლეი ოფი. I ეტაპი

17 აპრილი

თბილისი. „ავჭალა“. 16:00 საათი

ჯიქი [გორი] - აია [ქუთაისი]

დიდი 10. ასასვლელი პლეი ოფი

17 აპრილი. პირველი მატჩი

თბილისი. „შევარდენი“. 15:00 საათი

დინამო [თბილისი] - არმაზი [თბილისი]

ზურა ქსოვრელი


კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
0.107829