დიდი 10

18:48 | 16.04.2016 | ნანახია 2492 - ჯერ

„ყოჩები“ შემდეგ ეტაპზე ტაიმით გავიდა [+ვიდეო]

ბოლნისის „ყოჩებმა“ ფოთში „ბათუმს“პირველ ტაიმში სამი უპასუხო ლელო დაუდო და 19:0 დაწინაურდა. შესვენების შემდეგ ზღვისპირელებმა ჩამორჩენის 6 ქულამდე დაყვანა შეძლეს და შემდეგ ეტაპზე გასვლის შანსი გაუჩნდათ, მაგრამ მათი იმედები თემურ სოხაძემ არეკნით დაასამარა - 22:13.

დიდი 10-ის პლეი ოფის პირველი ეტაპის პირველი შეხვედრა ფოთში გაიმართა, რადგან ბათუმში სტადიონი არაა. ამით „ბათუმმა“ მასპინძლობის უპირატესობა დაკარგა, მაგრამ კლიმატურ პირობებს ის უფრო იყო შეჩვეული, ბათუმიდანაც მისი გულშემატკივრები ფოთში მრავლად ჩავიდნენ და ატმოსფეროც „მასპინძლური“ შექმნეს, მაგრამ მიმდინარე სეზონში „ყოჩებმა“ საუკეთესო ტაიმი ჩაატარა და დიდი უპირატესობა მოიპოვა.

ალექსი ხუციშვილის დუბლი და ნიკა ჩხიკვაძის ერთი ლელო, რასაც სოხაძის ორი გარდასახვა მოყვა, ზუსტად ასახვს იმ უპირატესობას, რაც ბოლნისელებს ამ პერიოდში ჰქონდათ. შესვენების შემდეგ სურათი შეიცვალა, თამაშის ტემპი მნიშვნელოვნად დავარდა და ხარისხიც გაფუჭდა, თუმცა ამ ფონზე „ბათუმმა“ ინიციატივის მოპოვება მოახერხა და რომ არა შეცდომები, გარდამტეხი უპირატესობის მოპოვებასაც შეძლებდა, მაგრამ ორი ასპროცენტიანი ლელო „არ გაიტანა“.

შესვენებამდე „ყოჩებს“ დიდი მოტივაცია ეტყობოდათ და უკეთაც თამაშობდნენ. მათ სრულად დაამყარეს ბურთზე კონტროლი, მოიპოვეს ტერიტორიული უპირატესობა, თამაშობდნენ სწრაფად და მრავალფეროვნად, მეტოქე დაჯაბნეს ორთაბრძოლებში და რაც მთავარია, გადაწყვეტილებების მიღებაში. მთლიანობაში, ეს 40 წუთი კარგი საყურებელი გამოდგა, ოღონდ ერთია - რაგბის მხოლოდ ერთი გუნდი თამაშობდა და მეორე წარუმატებლად ცდილობდა მისთვის ხელის შეშლას.

ანგარიში დებიუტშივე, მე-2 წუთზე ხუციშვილის ულამაზესი ლელოთი გაიხსნა. უკანახაზელებმა სწრაფად, ხელდახელ გაათამაშეს ბურთი, ლევან გოგოლაშვილმა ხუციშვილს სისწრაფეზე დროული პასით ხაზი გააჭრევინა, ბოლნისელთა გარემარბმა ტემპს კიდევ უფრო მოუმატა, ორ მცველს გასცდა და ლელოში შეიჭრა, ხოლო სოხაძემ არცთუ იოლი პოზიციიდან გარდასახა - 0:7. „ყოჩები“ თავისუფლად თამაშობდა და მე-10 წუთზე სოხაძემ 38 მეტრიდან არეკნის დარტყმა გადაწყვიტა, მაგრამ დაუფარეს და რომ არა მცველების სიმარდე, კონტრშეტევაზე დაისჯებოდა.

მაგრამ შეხვედრის მსვლელობას ლოგიკური გაგრძელება მოყვა, მე-13 წუთზე სტუმრებმა მეტოქის ლელოდან დაახლოებით 8 მეტრში დერეფანი მოიგეს და კარგი კომბინაცია გაითამაშეს, ჩხიკვაძემ დერეფანი გაჭრა და მცველების მცდელობის მიუხედავად, ლელო დაამიწა, ხოლო სოხაძემ ამჯერადაც ზუსტად გარდასახა - 0:14. ტაიმის შუაში „ბათუმმა“ პირველად შექმნა ხიფათი, ბურთი მარჯვნივ, კიდემდე ჩაათამაშდა და რეაქტიული ალექსი ტუჩაშვილი გაიქცა, გოგოლაშვილი კონტაქტით გაიარა, მაგრამ სისწრაფე დაუვარდა და მერე ბურთიც დაკარგა.

სულ მალე „ყოჩების“ შერკინების შემკვრელი და ერთ-ერთი ლიდერი ჩხიკვაძე დაშავდა და შესაცვლელი შეიქმნა. ეს ბოლნისელების შერკინებაზე აისახა, მაგრამ ღია თამაშზე არა და 35-ე წუთზე კიდევ ერთი, სწრაფი და ლამაზი შეტევა ლელოთი დასრულდა. ხაზი ჯერ გიორგი ხარშილაძემ გაჭრა და 22-ში შესული გაჭირვებით შეაჩერეს, იერიში ირაკლი გეგენავამ გააგრძელა, ჯაბა კიკვიძემ მიმართულება კვლავ ცენტრისკენ შეცვალა და ლელოს 10-მეტრამდე მიუახლოვდა, რაქიდან ბურთი გოგოლაშვილმა მიიღო, მცველებისთვის მოულოდნელად ის ჩათვლის მოედანში ფეხით შეაცურა, ხუციშვილმა ყველას დაასწრო და დუბლი შეასრულა. ამჯერად სოხაძეს გარდასახვა გაუფუჭდა და ტაიმი ბოლნისელებმა 19:0 მოიგეს.

მეორე ტაიმი „ბათუმმა“ უკეთ დაიწყო და ლელოც უნდა გაეტანა, როდესაც ფლანგზე სამი შემტევი ერთ მცველზე დარჩნენ, სივრცეც საკმარისი იყო და პირველი პასიც დროულად გაკეთდა, მაგრამ მეორემ თავად გადაწყვიტა შეტევა და 100%-იანი ლელო არ დაიდო. ამას „ყოჩების“ 22-ში შერკინებების სერია მოყვა, რომლებშიც სტუმრები გამუდმებით ჯარიმდებოდნენ და გიორგი ხოსიტაშვილი სინბინით დაისაჯა. ზღვისპირელებმა ამ მეთოდით მანძილიც მოიგეს და მეექვსე ჯერზე ლაშა აზალაძემ მოულოდნელად რომ შეუტია მცველებმა მისი შეჩერება ვეღარ მოახერხეს. ბახვა კობახიძემ გარდასახვა ზუსტად შეასრულა.

ბათუმელებმა მეტი მონდომებით შეუტიეს და სტუმრებს სულ უფრო უჭირდათ შეტევების მოგერიება. ისინი ლელოს გადაურჩნენ, თუმცა კარის წინ შერკინებაში რომ დაჯარიმდნენ კობახიძემ სხვაობა 9 ქულამდე დაიყვანა. „ყოჩებმა“ მალევე მოიპოვა ჯარიმის უფლება, თუმცა მათ კარში დარტყმას ლელოზე თამაში არჩიეს და თავის ნახევარზე უქულოდ დაბრუნდნენ. მერე სოხაძემ შორიდან არეკნი სცადა, მაგრამ დარტყმულმა მიზნამდე ვერ მიაღწია.

70-ე წუთზე გარდამტეხი მომენტი დადგა. გიორგი ჯიმშელაძემ სტუმართა მოშიშვლებული ზურგი რომ შენიშნა 22-ის მისადგომებიდან ბურთი ფეხით შეაცურა, მას ორი ბათუმელი მიყვა, არადა, ერთი მიყოლოდა ჯობდა, რადგან მათ ერთმანეთს შეუშალეს ხელი, აღებისას ის წინ გადავარდა და მეორედ მეორე ტაიმში, 100%-იანი ლელო არ გავიდა. „ყოჩებმა“ დაძაბულობა განმუხტა, მაგრამ 75-ე წუთზე ბურთის ჩახურვისთვის დაჯარიმდა და კობახიძემ 45 მეტრიდან ჩამორჩენა 6 ქულამდე დაიყვანა - 13:19. აქ „ბათუმს“ მოსაგებად ერთი გარდასახული ლელო ჭირდებოდა და სათამაშოდ 3-4 წუთი რჩებოდა, მაგრამ ბურთი ეგრეც ვერ მოიხელთა, ბოლო წუთზე სოხაძემ არეკნის გატანა მესამედ სცადა, ამჯერად წარმატებულად და საბოლოო შედეგი დააფიქსირა - 22:13 და „ყოჩები“ პლეი ოფის მეორე ეტაპზე მეტოქეს ელის.

დიდი 10. პლეი ოფი. I ეტაპი

16 აპრილი. ფოთი

ბათუმი [ბათუმი] - ყოჩები [ბოლნისი] 13:22 [0:19]

ბათუმი: 15. კობახიძე, 14. ტუჩაშვილი, 13. ჯიმშელაძე, 12. ნინიძე, 11. ევგენიძე, 10. ჭინჭარაული, 9. თუთბერიძე; 1. ერისთავი, 2. თედორაძე, 3. ბალიაშვილი, 4. ნეუენჰუიზენი, 5. ხელაძე, 6. კორტავა, 7. შაშიაშვილი, 8. აზალაძე.

სათადარიგოები: 16. კვანტიძე, 17. კელენჯერიძე, 18. ბერიძე, 19. ალიქაძე, 20. დუმბაძე, 21. კიჩალიძე, 22. დონაძე, 23. ტრაპაიძე.

1 ლელო: აზალაძე

1 გარდასახვა: კობახიძე

2 ჯარიმა: კობახიძე

ყოჩები: 15. გოგოლაშვილი, 14. გეგენავა, 13. ხიდეშელი, 12. ხარშილაძე, 11. ხუციშვილი, 10. სოხაძე, 9. ბეგაძე; 1. ხოსიტაშვილი, 2. სვანიძე, 3. შენგელია, 4. გრძელიშვილი, 5. კიკვიძე, 6. გაჩეჩილაძე, 7. ტყეშელიაძე, 8. ჩხიკვაძე.

სათადარიგოები: 16. გოგიშვილი, 17. ცუცქირიძე, 18. ჯინჭარაძე, 19. ჩიხლაძე, 20. გუგეშაშვილი, 21. ცერცვაძე, 22. მელაძე, 23. ცირეკიძე.

3 ლელო: ხუციშვილი 2, ჩხიკვაძე

2 გარდასახვა: სოხაძე

1 არეკნი: სოხაძე

1 სინბინი: ხოსიტაშვილი

17 აპრილი

თბილისი. „ავჭალა“. 16:00 საათი

ჯიქი [გორი] - აია [ქუთაისი]

ბათუმი - ყოჩები [სრული თამაში]

ზურა ქსოვრელი


კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
0.097312