სუპერ რაგბის მერვე ტურში სამხრეთ აფრიკულმა „ჩითასმა“ იაპონუ „მზის მგლებს“ შავი დღე აყარა და 92:17 გაანადგურა.
ამ გუნდებმა წელს ერთხელ უკვე მოასწრეს თამაში და სინგაპურში „სანვულვზი“ სუპერ რაგბის პირველ გამარჯვებასთან ძალიან ახლოს იყო, მაგრამ 18-ქულიანი უპირატესობა ბოლოში გაანიავა და სტუმრებმა საბოლოოდ 32:31 იმარჯვეს. ეს გაკვეთილი „ჩითასმა“ კარგად გაითავისა, ამჯერად საქმეს პირველივე წუთებიდან სერიოზულად მიუდგა და მიუხედავად იმისა, რომ ანგარიში სტუმრებმა ჯარიმით გახსნეს, 20 წუთში 5 ლელოთი უპასუხეს.
შესვენებამდე აფრიკელებმა კიდევ ორი ლელო დადეს და ტაიმი 45:3 მოიგეს. გაჩნდა ეჭვი, რომ 2007 წელს დამყარებული რეკორდი დაემხობოდა. მაშინ „ბლუზმა“ „რედსი“ 92:3 დაამარცხა. მეორე ტაიმში იაპონელებმა კვლავ შვიდი ლელო მიიღეს, მაგრამ ორი თავადაც დადეს და სუპერ რაგბის ისტორიაში ყველაზე დიდი სხვაობით მარცხი თავიდან აირიდეს - 17:92.
„ჩითასმა“ ერთი რეკორდი მაინც გაიმეორა. ერთ თამაშში 14 ლელო აქამდე ერთხელ, 2002 წელს „კრუსეიდერსს“ ჰქონდა გატანილი, მაგრამ ვერ დაამყარა რეკორდი ერთ მატჩში გატანილი ქულების რაოდენობით. ის ასევე „კრუსეიდერსს“ ეკუთვნის და იმავე 2002 წლის მატჩში, „უორატასი“ 96:19 დაამარცხა.
სუპერ რაგბის მიმდინარე სეზონში „ჩითასმა“ მეორე გამარჯვება მოიპოვა და ორივეჯერ დებიუტანტ იაპონელებს აჯობა, რომლებიც ჯერაც პირველი გამარჯვების მოლოდინში არიან.
ჩითასი - სანვულვზი 92:17
ზურა ქსოვრელი
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია