ორკვირიანი დასვენების შემდეგ, დიდი 10-ის პლეი ოფის პირველი ეტაპი ფოთში, „ბათუმისა“ და ბოლნისის „ყოჩების“ თამაშით გაიხსნება.
ქვემოქართლელებმა რეგულარული პირველობის დასკვნით ტურში „არმიას“ ვერ აჯობეს და მცირედი მარცხისთვის [10:16] მხოლოდ პრემიალური ქულა აიღეს. პარალელურ მატჩში „ჯიქთან“ ბათუმელებიც მცირედით დამარცხდნენ [8:15], ბონუს-ქულა მათაც ერგოთ და რადგან სატურნირო ცხრილში მეტოქე ამ ერთი ქულით ჩამოიტოვა, პლეი ოფის პირველ ეტაპზე საკუთარი მოედნის უპირატესობა მიიღო.
მაგრამ ბათუმში სტადიონი არაა და ამის გამო ისინი მეტოქეს ნეიტრალურ ტერიტორიაზე, ფოთში დაუხვდებიან. გულშემატკივრის თვალსაზრისით, ეს ორივე გუნდს აზარალებს. თუმცა, რადგან თამაში მაინც ზღვისპირეთშია და „ბათუმს“ აკლიმატიზაციის პრობლემა ნაკლებად ექნება, და ბათუმიც ფოთთან უფრო ახლოსაა, ვიდრე ბოლნისი და გნებავთ თბილისი, მასპინძლობას გარკვეული ფასი მაინც ექნება.
„ყოჩები“ პლეი ოფში ზედიზედ მესამედაა, „ბათუმი“ მეორედ. შარშან ბათუმელები ფოთში, სადაც დღეს თამაშობენ, „ლოკომოტივთან“ დამარცხდნენ [13:18] და უმედლოდ დარჩნენ. ამავე პერიოდში „ყოჩები“ რეგულარული გათამაშების გამარჯვებული იყო და პლეი ოფშიც წილად „მარტივი“ გზა ერგო, მაგრამ კიდევ ერთხელ დამტკიცდა, რომ ერთ მატჩში ყველაფერი შეიძლება მოხდეს. ბოლნისელები ჯერ მომავალ ჩემპიონ „ლელო-სარასენსთან“ დამარცხდნენ [21:22], მერე „ლოკომოტივთან“ [16:23] და მხოლოდ ბრინჯაოს დასჯერდნენ.
ამ სეზონის რეგულარულ გათამაშებაში „ყოჩებმა“ „ბათუმი“ ორივეჯერ დაამარცხა - გონიოში 9:3 და თბილისში 26:20. მომავალ თამაშს გუნდები საუკეთესო ფორმაში ნამდვილად არ ხვდებიან, რაც საკადრო პრობლემებითაცაა განპირობებული. ბათუმელებმა 2016 წელს მხოლოდ ერთი, პირველი თამაში მოიგეს, მომდევნო ხუთი ჯახიდან კი, ოთხი წააგეს და ერთი ფრედ დაასრულეს. „ყოჩებს“, რომელსაც მანამდე მოგებების სერია ჰქონდა, სეზონის მიწურულს ზედიზედ სამი წაგება მოუგროვდა. მოკლედ, 15 საათიდან ერთ-ერთი ამ უსიამოვნო სერიას დანამდვილებით დასრულებს და ჩემპიონობისთვის ბრძოლას გააგრძელებს, მეორე კი, თასზე ფიქრს სამომავლოდ გადადებს.
დიდი 10. პლეი ოფი. I ეტაპი
16 აპრილი. ფოთი. 15:00 საათი
ბათუმი [ბათუმი] - ყოჩები [ბოლნისი]
ბათუმი: 15. კობახიძე, 14. ტუჩაშვილი, 13. ჯიმშელაძე, 12. ნინიძე, 11. ევგენიძე, 10. ჭინჭარაული, 9. თუთბერიძე; 1. ერისთავი, 2. თედორაძე, 3. ბალიაშვილი, 4. ნეუენჰუიზენი, 5. ხელაძე, 6. კორტავა, 7. შაშიაშვილი, 8. აზალაძე.
სათადარიგოები: 16. კვანტიძე, 17. კელენჯერიძე, 18. ბერიძე, 19. ალიქაძე, 20. დუმბაძე, 21. კიჩალიძე, 22. დონაძე, 23. ტრაპაიძე.
ყოჩები: 15. გოგოლაშვილი, 14. გეგენავა, 13. ხიდეშელი, 12. ხარშილაძე, 11. ხუციშვილი, 10. სოხაძე, 9. ბეგაძე; 1. ხოსიტაშვილი, 2. სვანიძე, 3. შენგელია, 4. გრძელიშვილი, 5. კიკვიძე, 6. გაჩეჩილაძე, 7. ტყეშელიაძე, 8. ჩხიკვაძე.
სათადარიგოები: 16. გოგიშვილი, 17. ცუცქირიძე, 18. ჯინჭარაძე, 19. ჩიხლაძე, 20. გუგეშაშვილი, 21. ცერცვაძე, 22. მელაძე, 23. ცირეკიძე.
ზურა ქსოვრელი
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია