ტესტ-მატჩები

17:42 | 12.04.2016 | ნანახია 1689 - ჯერ

სამხრეთ აფრიკას ახალი თავკაცი ჰყავს

„სტორმერსის“ ყოფილი მთავარი მწვრთნელი ალისტერ კოცი სამხრეთ აფრიკის ნაკრების თავკაცად ოფიციალურად გამოცხადდა. მან ამ პოსტზე ჰაინეკე მეიერი ჩაანაცვლა.

52 სპეციალისტს „სპრინგბოქსში“ მწვრთნელად მუშაობის გამოცდილება აქვს. 2007 წელს, როცა აფრიკელები მსოფლიო თასს მეორედ დაეუფლნენ, ნაკრებში მთავარი მწვრთნელის ასისტენდად სწორედ კოცი მუშაობდა.

„ალისტერის დანიშვნა ნიშნავს, რომ ნაკრებში ბევრი რამ შეიცვლება. საინტერესო სიახლეებს უნდა ველოდოთ. ვფიქრობ, მისი ამ პოსტზე დანიშვნა საჭირო დროს მოხდა - ახლა სამხრეთ აფრიკის ნაკრებში ახალი მორაგბეები მოდიან“ - აცხადებს სამხრეთ აფრიკის რაგბის კავშირის პრეზიდენტი ორეგან ჰოსკინსი.

„ჩემთვის ეს ძალიან დიდი პასუხისმგებლობაა. რაგბი სამხრეთ აფრიკაში დიდი სიმპათიით სარგებლობს და გულშემატკივარი სამართლიანად ითხოვს ძველი დიდების დაბრუნებას. ეს რთული იქნება, დიდი შრომა და მოთმინებაა საჭირო“ - დასძენს თავად ალისტერ კოცი.

კოცის დებიუტი „სპრინგბოქსის“ მთავარი მწვრთნელის პოსტზე 11 ივნისს შედგება, როცა აფრიკელები კეიპთაუნში ირლანდიის ნაკრებს მიიღებენ.

უჩა გოგიძე


კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
0.077419