ტესტ-მატჩები

15:19 | 12.04.2016 | ნანახია 2975 - ჯერ

იტალიამ უელსი აზარალა

უელსის ეროვნული ნაკრები 2016 წლის ივნისში ახალზელანდიურ ტურნეზე ორი წამყვანი მორაგბის, ჯასტინ ტიპურიკისა და ლი ჰალფპენის გარეშე გაემგზავრება და ამის მიზეზი იტალიის ეროვნული ნაკრებია.

„ოსპრეიზის“ ვარსკვლავმა, ფლანკერმა ტიპურიკმა წლევანდელი ექვსი ერის დასკვნით ტურში, იტალიასთან მატჩისას ტვინის შერყევა მიიღო. ორშაბათს მას განმეორებითი გამოკვლევა ჩაუატრდა და სამედიცინო დასკვნაში წერია:

„განვლილი სამი კვირის განმავლობაში ტიპურიკის მდგომარეობა მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა, თუმცა, გართულებების თავიდან ასარიდებლად, მას კიდევ სამი თვით მოუწევს დასვენება“.

ამრიგად, ჯასტინისთვის მიმდინარე სეზონი დასრულდა. ნაკრების გარდა, ის მომდევნო შეხვედრებში „ოსპრეიზსაც“ დააკლდება, რომელიც ტრავმების გამო რთულ სიტუაციაშია და სეზონის ბოლომდე მააფუ ფიას, პოლ ჯეიმსისა და ჯიჯი ენგელბრეხტის დახმარების იმედი ვერ ექნება.

როგორც ჩანს, მიმდინარე სეზონში მოედანს ვეღარ დაუბრუნდება ფრანგული „ტულონის“ ფულბეკი ლი ჰალფპენი. აღსანიშნავია, რომ ისიც იტალიასთან მატჩში, ოღონდ შარშან დაშავდა. ცნობილი გახდა, რომ 27 წლის მორაგბეს მარჯვენა მუხლის ჯვარედინ მყესებზე განმეორებითი ოპერაციის ჩატარება ჭირდება. წინასწარი ინფორმაციით, ის კლუბის შემადგენლობაში დღე-დღეზე უნდა დაბრუნებულიყო, მაგრამ დასკვნითმა გამოკვლევამ საპირისპირო შედეგი აჩვენა „დრაკონებს“ ახალ ზელანდიაში ვერც ის გაყვება.

ზურა ქსოვრელი


კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
0.081023