ტურნირები

12:31 | 11.04.2016 | ნანახია 4441 - ჯერ

სეუ ევროპაში სამართლიანობისთვის დააჯილდოვეს

საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტის რექტორი, გია კავთელიშვილი და სეუ-ს 7-კაცა გუნდის მთავარი მწვრთნელი ბესიკ ხამაშურიძე პოლონეთში, ქალაქ ვროცლავში იმყოფებოდნენ, სადაც ევროპის საუნივერსიტეტო სპორტის ასოციაციის პრეზიდენტისგან სპეციალური ჯილდო მიიღეს - 2015 წლის ევროპის ჩემპიონი რაგბი 7-ში.

ქართველებმა სპეციალური პრიზი შემდეგი საქციელისთვის დაიმსახურეს - ბუდაპეშტში გამართული ფინალური მატჩისას მილანის უნივერსიტეტის გუნდთან, მეტოქეს მორაგბე ძლიერ დაემტვრა და ვერც შეცვლას ახორციელებდა, შესაბამისად მოედანზე 6 კაცის ამარა დარჩა. სეუ-ლებმა სამართლიანობის პრინციპის დაცვით ერთი მორაგბე მოიკლეს და მილანელებს თანაბარი ოდენობით ეთამაშნენ. ჩემპიონს ეს კეთილშობილური ნაბიჯი ორგანიზატორებმა არ დაუვიწყეს და ახლახანს დაუფასეს.

ასამბლეაზე იმყოფებოდა საქართველოს საუნივერსიტეტი სპორტის პრეზიდენტი ლექსო გუგავაც. ცნობილი გახდა, რომ სეუ-ს 7-კაცა წელსაც მიიღებს მონაწილეობას ევროპის საუნივერსიტეტო ჩემპიონატში, რომელსაც ხორვატია უმასპინძლებს.

სეუ-ს 7-კაცა ევროპის რეკორდსმენია, რადგან ის ზედიზედ სამჯერ გახდა ევროპის ჩემპიონი - 2013 წელს სოფიაში (ბულგარეთი), 2014 წელს როტერდამში (ჰოლანდია) და შარშან ბუდაპეშტში (უნგრეთი). განვლილ სამ წელიწადში სეუ-ს გუნდმა 22 თამაში ჩაატარა და ყველა მოიგო, მსგავსი შედეგი კი, აქამდე არავის უჩვენებია.

შარშანდელ, უნგრეთის ევროპის ჩემპიონატზე სეუ-მ მასპინძელთა გუნდი 50:0 დაამარცხა, უტრეხტის უნივერსიტეტს 33:7 აჯობა, პორტუგალიის, კერძოდ ლისაბონის უნივერსიტეტის გუნდთან ყველაზე მძიმე ბრძოლა გადაიტანა და 17:12სძლია, გერმანელები 45:7 დაამარცხა, ხოლო მოლდოვიდა და იტალიის გუნდებს ერთნაირი ანგარიშით - 25:7 სძლია. ფინალში სეუ-ს მეტოქე კვლავ იტალიელები იყვნენ და ამჯერად ქართველთა უპირატესობა კიდევ უფრო თვალსაჩინო იყო - 61:10.

ზურა ქსოვრელი


კომენტარები (1)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
10:12 | 12.04.2016
BEERTRANCE (1073)

ბარაქალა ამ საქციელში.

0.127123