ამბები

23:08 | 1.02.2016 | ნანახია 2759 - ჯერ

“ბორჯღალოსნებმა” მზადება დაიწყეს

2016 წლის საერთაშორისო სეზონამდე 5 დღე გვრჩება – 6 თებერვალს, 14 საათზე “რაგბი ევროპის” ჩემპიონატის პირველ საშინაო მატჩში “ბორჯღალოსნები” გერმანიის ნაკრებს ავჭალის სარაგბო სტადიონზე უმასპინძლებენ.

წლევანდელ ტურნირზე შინ კიდევ ორ მატჩს ვმართავთ – 27 თებერვალს ესპანეთს მიხეილ მესხის სტადიონზე მივიღებთ, ხოლო ჩემპიონატის დამაგვირგვინებელ რკენაში, 19 მარტს რუმინელ “მუხებს” “დინამო არენაზე” ვეთამაშებით. გასვლაზე 2 შეხვედრა გვაქვს – 13 თებერვალს ლისაბონში – პორტუგალიის და 12 მარტს სოჭში, რუსეთის წინააღმდეგ.

წლევანდელი რაგბი ევროპის ჩემპიონატის ხუთივე მატჩს პირდაპირ ეთერში საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი ანახებს.

შევარდენზე შეკრება დაიწყო

წინა კვირას “ბორჯღალოსნების” სამწვრთნელო შტაბმა პირველი ორი შეხვედრისათვის ნაკრების გაფართოებული რაზმი დაასახელა.

“ბორჯღალოსნებმა” შევარდენზე მზადება დღეს დაიწყეს. რამდენიმე მორაგბე, რომლებმაც კლუბებში კვირას ითამაშეს, შეკრებას ხვალ შეუედგება.

“დღეს შეკრების პირველი დღე გვქონდა და საკმაოდ მსუბუქი ვარჯიში გამოგვივიდა, რადგანაც რამდენიმე მოთამაშე დავასვენეთ. ისინი, ვინც ახლახანს ჩამოფრინდა თბილისში. რამდენიმე მოთამაშე ჯერ კიდევ არ ჩამოსულა, კვირას ჩატარებული მატჩების გამო. ისინიც შემოგვიერთდებიან და ხვალიდან სრული დატვირთვით გავაგრძელებთ მუშაობას”, - განაცხადა საქართველოს რამდენიმეგზის საუკეთესო მწვრთნელმა ლევან მაისაშვილმა, რომელიც წელს “ბორჯღალოსნების” მთავარი მწვრთნელის ასისტენტად დაინიშნა.

“ოფიციალურად პირველად ვარ “ბორჯღალოსნების” მთავარი მწვრთნელის ასისტენტი. აქამდე რამდენჯერმე დავმხმარებივარ ნაკრებს, თუმცა შეიძლება ითქვას, რომ ეს ჩემთვის პირველი და ახალი გამოწვევაა. ჩემს კარიერაში იწყება ახალი ეტაპი, რაც ძალიან საინტერესოა. ვეცდები, მთელი ჩემი გამოცდილება მოვახმარო გუნდს და ასევე, მეც გავიღრმავო ცოდნა მათი დახმარებით“, - დასძინა მაისაშვილმა.

ბილეთები 4 თებერვლიდან გაიყიდება

შეგახსენებთ, რომ საქართველო-გერმანიის მატჩის ბილეთები ავჭალის სარაგბო სტადიონის სალაროში 4 და 5 თებერვალს 11-დან 19 საათამდე გაიყიდება, ხოლო 6 თებერვალს ბილეთები 12 საათიდან მატჩის დაწყებამდე გაიყიდება. ბილეთის ფასი 5 ლარია.

აქვე გაცნობებთ, რომ მატჩზე დასასწრები ბილეთები დაუნომრავია, აქედან გამომდინარე ქომაგებს ვურჩევთ თადარიგი დაიჭირონ და მატჩზე ადრე მოვიდნენ, რათა კარგი ადგილების დაკავება შეძლონ.

www.rugby.ge


კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
0.144482