ამბები

15:18 | 17.11.2015 | ნანახია 2031 - ჯერ

„ოვალური ბურთი“ - გოგი თორაძის ტრილოგიის მესამე ფილმი

კინორეჟისორ გოგი თორაძის სატელევიზიო-დოკუმენტური ფილმი „ოვალური ბურთი" უზბეკეთის დედაქალაქ ტაშკენტში სპორტული ფილმების საერთაშორისო ფესტივალის ლაურეატი გახდა.

დღეს გოგი თორაძეს, სცენარის ავტორს აკაკი გვიმრაძეს და გადამღებ ჯგუფს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრმა ტარიელ ხეჩიკაშვილმა სამინისტროში განთავსებულ ქართული სპორტის მუზეუმში უმასპინძლა. შეხვედრას ვეტერანი მორაგბეები, გულშემატკივრები და ჟურნალისტები დაესწრნენ.

„ოვალური ბურთი" გოგი თორაძის ტრილოგიის მესამე ფილმია. ის ქართული რაგბის ისტორიის შესახებ მოგვითხრობს და საქართველოში ამ თამაშის ნახევარსაუკუნოვან იუბილეს ეძღვნება. კინორეჟისორმა რამდენიმე წლის წინ გადაიღო ფილმი ქართულ ფეხბურთზე სახელწოდებით „ჩვენი ფეხბურთი", მოგვიანებით კი ტრილოგიის მეორე ნაწილი - „ქართული კალათბურთი". ორივე ნამუშევარი საერთაშორისო კინოფესტივალებზე სხვადასხვა პრიზებით აღინიშნა.

გოგი თორაძემ საერთაშორისო კინოფესტივალებზე მიღებული ჯილდოები და დიპლომები ქართული სპორტის მუზეუმს გადასცა, ჟურნალისტებს კი განუცხადა: „ყველას დიდ მადლობას ვუხდი, ვინც ამ ტრილოგიის შექმნაში დაგვეხმარა. ვფიქრობ, კარგი ფილმები გამოგვივიდა. მიხარია, რომ ჩვენ მუშაობა სხვადასხვა ფესტივალზე დაფასდა - ჩანს, ქომაგებმა ზუსტად დაინახეს ის, რისი თქმაც გვსურდა. მიხარია, რომ სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტრო, პირადად ბატონი მინისტრი ყურადღებით ეკიდება ჩვენს პრობლემებს. ვიმედოვნებ, უახლოეს მომავალში ახალ, არანაკლებ წარმატებულ პროექტებს განვახორციელებთ".

„ვულოცავ ბატონ გოგის, მთლიანად გადამღებ ჯგუფს ამ წარმატებას. ასეთი ფილმები ქართული სპორტის პოპულარიზაციას ხელს უწყობს, გულშემატკივართა ახალ თაობას კი წარულს აცნობს. სასიხარულოა, რომ ქართული სპორტის შესახებ მომზადებული ფილმი საერთაშორისო კინოფესტივალის ჯილდოებით აღინიშნა. კიდევ ერთხელ ვულოცავ ბატონ გოგის ამ წარმატებას და მომავალში არაერთი საინტერესო ფილმის გადაღებას ვუსურვებ", - განაცხადა სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინსიტრმა ტარიელ ხეჩიკაშვილმა.

სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს პრესსამსახური


კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
0.084354