ამბები

13:03 | 27.10.2015 | ნანახია 3953 - ჯერ

დებიუტანტი, “ბორჯღალოსნები” და დანარჩენები

მსოფლიო თასის დაწყებამდე და მისი მსვლელობისას, საფრანგეთის პირველ ელიტარულ დივიზიონ ტოპ 14-ში, სადაც საქართველოს ეროვნული ნაკრების მორკინალები მრავლად თამაშობენ, ექვსი ტური გაიმართა.

სატურნირო ცხრილს 23 ქულით დავით ზირაქაშვილის, ვიტო კოლელიშვილისა და იური ნატრიაშვილის” კლერმონი” ლიდერობს, რომელმაც პირველი ხუთი თამაშიდან ოთხი მოიგო და ერთი ფრედ დაასრულა, განვლილ უქმეებზე კი, “მონპელიესგან” მიმდინარე სეზონში პირველი მარცხი განიცადა. ზირაქაშვილს მიმდინარე სეზონში კლუბის მაისურით ჯერ არ უთამაშია. ის “ბორჯღალოსნებთან” ერთად ინგლისში, მსოფლიო თასზე იმყოფებოდა, კლუბში დაბრუნების შემდეგ დასვენების საშუალება მისცეს და გუნდის პირველი ვარჯიშისას დაშავდა.

კლუბის ოფიციალური საიტის ცნობით, 32 წლის ქართველმა მორაგბემ ტვინის შერყევა მიიღო და ზედა ყბის ძვლები აქვს მოტეხილი, რის გამოც ოთხი კვირა გაუცდება. ექიმების ცნობით, დავითი ქირურგიულ ჩარევას არ საჭიროებს, მაგრამ მოტეხილობების შეხორცებას დრო სჭირდება და ტოპ 14-ში “კასტრთან” და “სტად ფრანსესთან”, ხოლო ჩემპიონთა თასზე “ბორდოსთან” და “ოსპრეიზთან” ვერ ითამაშებს.

ნაკრებიდან დაბრუნების შემდეგ, “კლერმონის” სასტარტო შემადგენლობაში იყო და “მონპელიესთან” 19:24 წაგებულ შეხვედრაში სრულად ითამაშა კოლელიშვილმა. რაც შეეხება ნატრიაშვილს, რომელიც “ვულკანებმა” სამედიცინო ჯოკერის სტატუსით აიყვანეს და ამის გამო ნაკრებში ვერ მოხვდა, პირველ ტურში ის სასტარტო შემადგენლობაში იყო და 51-ე წუთზე შეცვალეს, მერე შეცვლაზე 12 წუთი ითამაშა, ახლა კი, “მონპელიესთანაც” შეცვლაზე, დასკვნითი 9 წუთი ითამაშა.

მიხეილ ნარიაშვილის “მონპელიე” 22 ქულით მეორე ადგილზეა. ქართველი ბურჯის გუნდმა განვლილი ექვსიდან ხუთი თამაში მოიგო და ლიდერს პრემიალური ქულით ჩამორჩება. აღსანიშნავია, რომ “მონპელიემ” მეორე ტურში მარცხის შემდეგ ზედიზედ ოთხი თამაში მოიგო. ნაკრებიდან კლუბში მიბრუნებულ ნარიაშვილს დასვენებაზე არც უფიქრია და გასულ ტურში მეორე ტაიმში შეცვლაზე ითამაშა, ხოლო “კლერმონთან” სასტარტო შემადგენლობაში იყო და მოედანზე 66 წუთი გაატარა.

20 ქულით მესამეა დავით ხინჩიგიშვილის “რასინგი”, რომელმაც “მონპელიეს” მსგავსად ექვსიდან 5 თამაში მოიგო, მაგრამ ვერცერთხელ შეძლო პრემიალური ქულის აღება. მისი გამარჯვებების სერია სამ თამაშს შეადგენს. პარიზული კლუბის წარმატებაში უდიდესი წვლილი მიუძღვის ქართველ ვეტერან ბურჯს, რომელიც ნაკრებს ჯერ კიდევ მსოფლიო თასის დაწყებამდე დაემშვიდობა. მან ექვსივე თამაშში მიიღო მონაწილეობა, სამჯერ სასტარტო შემადგენლობაში იყო, ხოლო სამჯერ შეცვლაზე შევიდა და ჯამში მოედანზე 227 წუთი გაატარა.

4 მოგებით, ორი მარცხით და 18 ქულით, მეოთხეა ვასილ კაკოვინის ტულუზი. ქართველი ბურჯი მილტონ ჰეიგის რჩეულთა შორის ვერ მოხვდა და მთელი ენერგია კლუბს მოახმარა. კაკოვინი სამჯერ იყო სასტარტო შემადგენლობაში, ორჯერ შეცვლაზე შევიდა და ჯამში მისმა მონაგარმა 234 წუთი შეადგინა.

კარლენ ასიეშვილის, გოდერძი შველიძისა და გიორგი ჟღენტის ბრივს, ასევე ოთხი მოგება და ორი მარცხი, მაგრამ 17 ქულა აქვს და მე-5 პოზიციაზეა. სამშობლოს წინაშე ვალმოხდილმა ასიეშვილმა, კლუბში დაბრუნების შემდეგ გასულ ტურში ტოპ 14-ში, “პოს” წინააღმდეგ შეცვლაზე დასკვნითი 25 წუთი ითამაშა. ამ დროს მისი გუნდი 6:10 აგებდა, მაგრამ მერე “ბრივმა” ოთხი ჯარიმა გამოიმუშავა და ლიდერთა შორის პოზიციები შეინარჩუნა.

ჟღენტი ნაკრებში არ იყო და ტოპ 14-ის ოთხ შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა, აქედან სამში სასტარტო შემადგენლობაში, ერთხელ შეცვლაზე შევიდა და 189 წუთში ერთხელ სინბინით დაისაჯა. ორი თამაში ჩაატარა ვეტერანმა ბურჯმა შველიძემ და ერთხელ დამწყებთა შორის იყო, ხოლო ერთხელ შეცვლაზე შევიდა (ჯამში 67 წუთი).

სამ-სამი მოგება-წაგებით და 16 ქულით მეექვსეა მამუკა გორგოძის, ლევან ჩილაჩავასა და კოტე მიქაუტაძის ტულონი. ევროპის ჩემპიონი გუნდის სამივე ქართველი ლეგიონერი ინგლისში, მსოფლიო თასზე იბრძოდა. გორგოძე და ჩილაჩავა კლუბს ტრავმირებულები დაუბრუნდნენ, მიქაუტაძე კი ერთი კვირის წინ სასტარტო შემადგენლობაში იყო და შესვენებისას შეცვალეს.

ლექსო ყაულაშვილის ლა როშელი 10 ქულით მე-10 ადგილზეა. ქართველი ბურჯის გუნდმა ორი თამაში მოიგო და ოთხში დამარცხდა. ყაულაშვილს ბოლო ტურში, “აჟენთან” 23:6 მოგებულ მატჩში მონაწილეობა არ მიუღია, მანამდე კი, ხუთივე თამაში სასტარტო შემადგენლობაში დაიწყო, ჯამში მოედანზე 345 წუთი გაატარა და “ტულონს” ლელოც გაუტანა.

ორი მოგება და ოთხი მარცხია გიორგი ნაცარაშვილის პოს ანგარიშზე და ის 9 ქულით მე-11-ეა. ქართველმა ბურჯმა ორ მატჩში მიიღო მონაწილეობა, “სტად ფრანსესთან” და “კლერმონთან” შეცვლაზე შევიდა და ჯამში 44 წუთი ითამაშა.

ჯერჯერობით არასტაბილურია დუდუ ქუბრიაშვილის, ზურაბ ჟვანიასა და გიორგი მელიქიძის “სტად ფრანსე”, რომელიც 8 ქულით მე-12 პოზიციაზეა (2 მოგება, 4 მარცხი). ქუბრიაშვილი ნაკრებთან ერთად მსოფლიო თასზე კი გაემგზავრა, მაგრამ გასახურებელი მატჩისას დაშავდა, ვერც ინგლისში ითამაშა და ჯერჯერობით კლუბშიც არ უთამაშია. მსოფლიო თასზე ჟვანიამაც ვერ ითამაშა, რადგან გასახურებელი მატჩისას დაშავდა და ტრავმის სიმძიმიდან გამომდინარე, ინგლისში ვეღარ დარჩა. ახლა ის ჯანმრთელადაა და ბოლო ორ შეხვედრაში შეცვლაზე 7 და 14 წუთი ითამაშა.

მიმდინარე სეზონის წინ პარიზულ კლუბში რუსთავის “ხარებიდან” გადასული ახალგაზრდა ბურჯი მელიქიძე, სამჯერ მოხვდა გუნდის განაცხადში. პირველ ჯერზე ის დროებით შეცვლაზე, 8 წუთით შევიდა მოედანზე და მერე ორჯერ ითამაშა სრულფასოვან შეცვლაზე - 36 წუთი “მონპელიეს” და 7 წუთი “კასტრის” წინააღმდეგ, რაც მისი ასაკიდან გამომდინარე უდიდესი მიღწევაა.

4 ქულით ბოლო, მე-14 ადგილზეა გიორგი თეთრაშვილის “აჟენი”. 22 წლის ქართველმა ბურჯმა ოთხჯერ ითამაშა შეცვლაზე და ჯამში მოედანზე 126 წუთი გაატარა.

1. კლერმონი 6 4 1 1 190:96 23
2. მონპელიე 6 5 0 1 173:125 22
3. რასინგი 6 5 0 1 133:112 20
4. ტულუზი 6 4 0 2 136:79 18
5. ბრივი 6 4 0 2 112:109 17
6. ტულონი 6 3 0 3 183:120 16
7. ბორდო 6 3 1 2 129:129 15
8. გრენობლი 6 3 0 3 149:139 14
9. კასტრი 6 2 0 4 127:144 10
10. ლა როშელი 6 2 0 4 115:172 10
11. პო 6 2 0 4 91:150 9
12. სტად ფრანსე 6 2 0 4 120:140 8
13. უაიონაკსი 6 1 0 5 118:209 5
14. აჟენი 6 1 0 5 96:148 4

VII ტური. 31 ოქტომბერი - 1 ნოემბერი

უაიონაკსი - პო; აჟენი - სტად ფრანსე; ბორდო - ლა როშელი; რასინგი - ბრივი; მონპელიე - ტულუზი; კლერმონი - კასტრი; გრენობლი - ტულონი


კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
0.126856