ამბები

22:15 | 6.10.2015 | ნანახია 4898 - ჯერ

რუმინეთმა წაგებული შემოატრიალა

მეორე ტაიმის დაწყებიდან 5 წუთის შემდეგ, ვერავინ იტყოდა, რომ რუმინეთი კანადის დამარცხებას მოახერხებდა, მაგრამ კარპატელებმა ძალაში უპირატესობა ქულებად აქციეს და საბოლოოდ 17:15 იმარჯვეს.

კანადელები ამ მსოფლიო თასზე თავის ბოლო მატჩს ატარებდნენ და მისი გამარჯვებით დასრულება სურდათ. ისინი კარგად შლიდნენ ხაზს, სწრაფად დახელდახელ უტევდნენ და მეტოქე სერიოზულ პრობლემებს უქმნიდნენ, მაგრამ ჯერ კიდევ პირველ ტაიმში გამოჩნდა, რომ შერკინებაში მაგრად იჩაგრებოდნენ. ჩრდილოამერიკელებმა სწრაფი ლელოც გაიტანეს, მაგრამ რეფერიმ კანადელი რაქის გაწმენდისას უხეშ თამაშში დაადანაშაულა და გორდონ მაკრორიმ მოკლე ფრთიდან სულ ტყუილად შეუტია. მერე მასვე ჯარიმა გაუცუდდა, მე-11 წუთზე კი, ზუსტი იყო და ანაგრიში გაიხსნა.
ფლორინ ვლაიკუმ შორიდან სცადა წონასწორობის აღდგენა, მაგრამ დარტყმა არაზუსტი იყო, მე-19 წუთზე კი, რეფერიმ კეტელინ ფერკუს ნიქ ბლევინსის ჰაერში ბოჭვაში დასდო ბრალი და 10 წუთით დაასვენა. კანადამ რიცხობრივი უპირატესობა ვერ გამოიყენა და ამპერიოდში მაკრორის ერთი ჯარიმა გაუცუდდა. მერე რუმინელებს შეეძლოთ ქულის აღება, როდესაც მეტოქე ჩათვლის მოედნიდან 7 მეტრში დაჯარიმდა, კარპატელებმა შერკინება ირჩიეს და ამ კომპონენტში ერთადერთხელ, სწორედ ამ ეპიზოდში დაჯარიმდნენ.
33-ე წუთზე კანადამ სისწრაფის უპირატესობა ლელოდ აქცია და თავი რა თქმა უნდა დითიეიჩ ფან დე მერვემ გამოიჩინა, რომელმაც ლელო მსოფლიო თასის ოთხივე მატჩში გაიტანა. ამერიკელებმა ჯერ მარჯვნიდან შეუტიეს ხელდახელ, მარცხნივ უპირატესობა შექმნეს, ბურთი კანადელთა გარემარბმა მიიღო, ორ მცველს შორის გაძვრა და მიზანს უწია. გარდასახვა არაზუსტი იყო და ზედ შესვენების წინ ჯარიმა ვლაიკუმაც გააცუდა.
დაიწყო მეორე ტაიმი და უპირატესობა კიდევ უფრო გაიზარდა. ისევ ხელდახელ შეტევისას ჯერ ნეითან ჰირაიამამ ითამაშა კარგად, მერე ბურთი ჯეფ ჰასლერს მიუვიდა, რომელიც ვერავინ შეაჩერა, ხუთი-ექვსი მცველი ჩამოიშორა და მეორე ლელო გაიტანა, ხოლო ჰირაიამამ გარდასახვით ანგარიში 15:0 გახადა. თითქოს ამას ელოდაო და რუმინეთმა ძალისმიერი თამაში სრული სიმძლავრით აამოქმედა. 53-ე წუთზე მათ მოლი ააგორეს და ლელო მიხაი მაკოვეიმ გაიტანა, ხოლო ვლაიკუმ გარდასახვა გააცუდა. ევროპელებს წარმატების იმედი მას შემდეგ გაუღრმავდათ, რაც ჰირაიამამ გასატანი პოზიციიდან ჯარიმა გააცუდა და ანგერიში უცვლელი დარჩა.
დასკვნითმა 20-მა წუთმა სრულად კანადელთა ნახევარზე ჩაიარა. რუმინელები ჯიქურ თამაშობდნენ ლელოზე და ერთხელ მისი გატანა შეძლეს კიდეც, მაგრამ მსაჯმა გააუქმა და ბურთი კანადას დაუბრუნა. ვლახები მაინც არ გატყდნენ, მოლში ჯებ სინქლერი რომ დაჯარიმდა სინბინით დაისაჯა, რუმინეთმა შერკინება ირჩია, საიდანაც მაკოვეიმ შეუტია და ლელოს ხაზს მიწვდა, ხოლო ვლაიკუმ გარდასახა. სათამაშო 5 წუთი რჩებოდა, კანადელები მეტოქის ნახევარზე ვერ გადავიდნენ, მერე შერკინებაში დაჯარიმდნენ და ვლაიკუმ 42 მეტრიდან უმნიშვნელოვანესი დარტყმა შეასრულა - 17:15 რუმინეთის სასარგებლოდ და ის იტალიასთან მატჩს კარგ ხასიათზე ხვდება.

2015 წლის მსოფლიო თასი
დ ჯგუფი
6 ოქტომბერი
კანადა - რუმინეთი 15:17 (8:0)
კანადა: 15. ჰარი ჯოუნზი, 14. ჯეფ ჰასლერი, 13. ქიარან ჰერნი, 12. ნიქ ბლევინსი, 11. დითიეიჩ ფან დე მერვე, 10. ნეითან ჰირაიამა, 9. გორდონ მაკრორი; 1. ჰიუბერთ ბაიდენსი, 2. რეი ბარქვილი, 3. დაგ ვულდრიჯი, 4. ბრეთ ბუქებუმი, 5. ჯემი ქადმორი (კაპ.), 6. ჯებ სინქლერი, 7. ჯონ მუნლაითი, 8. არონ ქარპენთერი.
სათადარიგოები: 16. ბენუა პიფერო, 17. ჯასთის სიერს-დურუ, 18. ჯეიქ ილნიცკი, 19. ქაილ გილმორი, 20. ნინიაკ დალა; 21. ფილ მექი, 22. ქონორ თრეინორი, 23. ჯეიმზ პრიჩარდი.
2 ლელო: ფან დე მერვე, ჰასლერი
1 გარდასახვა: ჰირაიამა
1 ჯარიმა: მაკრორი
1 სინბინი: სინქლერი
რუმინეთი: 15. კეტელინ ფერკუ, 14. მედელინ ლემნარუ, 13. პაულა კინიკინილაუ, 12. ფლორინ ვლაიკუ, 11. იონუც ბოტეზატუ, 10. მაიქლ ვირინგი, 9. ფლორინ სურუჯიუ; 1. მიხაიცა ლაზერი, 2. ოთარ ტურაშვილი, 3. პაულიკა იონი, 4. ვალენტინ პოპირლანი, 5. იოჰანეს ფან ჰირდენი, 6. ვალენტინ ურსაკე, 7. ვიორელ ლუკაჩი, 8. მიხაი მაკოვეი (კაპ.).
სათადარიგოები: 16. ანდრეი რედოი, 17. ანდრეი ურსაკე, 18. ალეკსანდრუ ცერუში, 19. დანიელ კარპო, 20. სტელიან ბურჩა; 21. ვალენტინ კალაფეტეანუ, 22. ადრიან აპოსტოლი, 23. ჩობა გალ-მინია.
2 ლელო: მაკოვეი
2 გარდასახვა: ვლაიკუ
1 ჯარიმა: ვლაიკუ
1 სინბინი: ფერკუ

გუნდი თ მ ფ წ +/- ქ ბ
ირლანდია 3 3 0 0 110:26 14 2
საფრანგეთი 3 3 0 0 111:39 14 2
იტალია 3 1 0 2 42:66 5 1
რუმინეთი 3 1 0 2 38:97 4 0
კანადა 4 0 0 3 58:131 2 2

11 ოქტომბერი
იტალია - რუმინეთი
საფრანგეთი - ირლანდია


კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
0.105961