ამბები

18:00 | 25.09.2015 | ნანახია 2769 - ჯერ

ქართველი რაგბის ლეგენდა მისი რეკორდის მოხსნით ამაყობს

საქართველოს ნაკრების ყოფილი კაპიტანი ირაკლი აბუსერიძე ამაყია იმით, რომ 2015 წლის მსოფლიო თასზე მისი სანაკრებო კეპების რაოდენობის რეკორდი მოიხსნა. ის ამჟამად საქართველოს რაგბის კავშირის სპორტული დირექტორია და ინგლისი 2015-ზე ბორჯღალოსნების დელეგაციის ერთ-ერთ წევრია. აბუსერიძე ასევე თბილისის საკრებულოს წევრია და სპორტულ კომიტეტში მოღვაწეობს.

„პოლიტიკა მიყვარს, მაგრამ უნდა ვაღიარო, რომ რაგბი მირჩევნია“ - განაცხადა აბუსერიძემ, „ჩემი საქმიანობა თბილისის მასშტაბით სპორტის განვითარებას ეხება, რაშიც მხოლოდ რაგბი არ მოიაზრება. თუ ქართველები სხვა სპორტშიც ასეთივე წარმატებულები ვიქნებით, ეს ჩვენი ქვეყნის წარმატება იქნება.“

მოხსნილი რეკორდი

2003 წლიდან 2011 წლის ჩათვლით ირაკლი აბუსერიძემ სამ მსოფლიო თასზე იასპარეზა და 85 სანაკრებო კეპი მოიხვეჭა. წლევანდელ ტურნირზე მისი რეკორდი მერაბ კვირიკაშვილმა მოხსნა და ტონგას წინააღმდეგ გამართული მატჩით 86 კეპი მოიხვეჭა.

„საერთოდ არ მაქვს სინანულის გრძნობა, პირიქით, ვამაყობ ამით და დარწმუნებული ვარ, რომ ეს ბიჭები მალე 100-ზე მეტ კეპსაც მოიპოვებენ.“

რაგბი ფეხბურთს პოპულარობას ართმევს

აბუსერიძის თქმით ბორჯღალოსნების წარმატებამ უკანასკნელ წლებში ფეხბურთს პოპულარობა წაართვა და რაგბი საქართველოში ქომაგობით ნომერ პირველი სანახაობა გახდა.

„ჩვენი თავდაუზოგავი შრომის შედეგად რაგბმა პოპულარობით ფეხბურთს გადაასწრო. აქამდე ფეხბურთი პირველ ადგილზე იყო, მაგრამ იქიდან გამომდინარე, რომ წარმატება რაგბში გაცილებით მეტი გვაქვს, ქართველები დღესდღეობით რაგბით უფრო გატაცებულები არიან, ვიდრე ფეხბურთით.

„მთავრობაც უფრო მეტ ინვესტიციებს ახორციელებს ამ მხრივ და ფინანსურადაც ძალიან გვეხმარება, რადგანაც რაგბის კავშირის ძალისხმევა აშკარაა და ყველა ხედავს, რომ დღეს საქართველოში რაგბი ყველაზე წარმატებული გუნდური სპორტია.“

აბუსერიძე ქართული რაგბის განვითარების იმ უმძიმეს პერიოდსაც იხსენებს, სანამ 2000 წელს საერთაშორისო ასპარეზზე მოუწევდა თამაში.

„რაგბის თამაში, რომ დავიწყე ერთი სარაგბო მოედანიც კი არ იყო ქვეყანაში, ფეხბურთის სტადიონზე სავარჯიშოდ ნებართვის აღება გვიწევდა, სხვა შემთხვევაში გრუნტიანი ზედაპირის ან ხრეშის მოედანზე ვვარჯიშობდით, რომელიც ბეტონზე უარესი იყო.“

ახალი სტადიონები საქართველოში

„ბოლო დროს აქტიური ინვესტირებით ქართული რაგბის მდგომარეობა გაუმჯობესდა, 2007 წლის მსოფლიო თასის შემდეგ კი სარაგბო სტადიონებისა და ბაზების მშენებლობა დაიწყო. უახლოესი 2 წლის განმავლობაში კიდევ 7-8 სტადიონის მშენებლობა იგეგმება.“

ნაკრების მორაგბეთა უმრავლესობა საზღვარგარეთ თამაშობს, ძირითადად საფრანგეთის პირველი სამი ეშელონის გუნდებში. აბუსერიძე იმედოვნებს, რომ ქართული კლუბების პროფესიონალიზმი იმ დონეს მიაღწევს, რომ საუკეთესო მოთამაშეებს ქვეყნის დატოვება არ მოუწევთ.


„საფრანგეთში თამაში ჩვენს მორაგბეებს განვითარეის მხრივ ძალიან დაეხმარა. ვისურვებდი, რომ საქართველოს ჩემპიონატი ფედერალ 1-ის დონეზე ავიდეს. თუ ჩვენ ამას მივაღწევთ, პროგრესი კიდევ უფრო თვალსაჩინო იქნება.“

ავტორი ენდრიუ ჰარდლი WWW.RUGBYWORLDCUP.COM

www. rugby.ge


კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
0.08121