გლოსთერი, 24 სექტემბერი - ხვალ ბორჯღალოსნები წლევანდელ მსოფლიო თასზე მეორედ გავლენ ქინგსჰოლმის მინდორზე. ამჯერად ბევრად უფრო ძლიერ მოწინააღმდეგეს, არგენტინელ ‘პუმებს’ ვერკინებით. მატჩი საქართველოს დროით 19:45 სააზე დაიწყება.
აქამდე ბორჯღალოსნები და პუმები სამჯერ, შეებნენ ერთმანეთს - ორჯერ 2007 და 2011 წლის მსოფლიო თასებზე და ერთხელაც 2013 წელს სან ხუანში, როდესაც არგენტინის რაგბის კავშირმა მიგვიპატიჟა ივნისის ტესტ სერიისას სათამაშოდ. სამივე შემთხვევაში გამარჯვება პუმებს დარჩათ, მაგრამ აღსანიშნავია, რომ ყოველი მომდევნო მატჩით ანგარიშში სხვაობა მცირდება. ასევე სამჯერ გვითამაშია ‘იაგუარებად’ წოდებულ არგენტინის ‘ა’ ნაკრებთან, რომელთანაც პირველ შეხვედრაში 2009 წლის ნოემბერში 24:22 გავიმარჯვეთ, ხოლო 2011 წელს ბუქარესტში და შარშან, თბილისის თასზე ავჭალაში, მოგება სამხრეთ ამერიკელებს დარჩათ.
„მომავალი მატჩი, პირველი გამარჯვების ფონზე, ბევრ კარგ შესაძლებლობას მოგვცემს, რადგანაც ალბათ მთლიანი ზეწოლა არგენტინაზე მოდის, ჩვენ კი დასაკარგი არაფერი გვაქვს,“ განაცხადა მილთონ ჰეიგმა.
„ვუყურე არგენტინის წინა მატჩს და მიმაჩნია, რომ მიუხედავად იმისა, რომ ‘ოლ ბლექსს’ საბოლოოდ თამაშის მოგება არ გასჭირვებია, 60 წუთის განმავლობაში არგენტინელებმა ისინი საკმაო წნეხში ამყოფეს.“
მიუხედავად იმისა, რომ როგორც ტონგასთან და ხვალ, არგენტინასთან მეტოქეები ითვლებიან ფავორიტებად, ეს სრულიად არ უქმნის მილთონ ჰეიგს დისკომფორტს და მიაჩნია, რომ ახლა შეტევაა უფრო დასახვეწი.
„მეტი და უკეთ შეტევის შემთხვევაში მოგების შანსი უფრო გაიზრდება. იმედი მაქვს, რომ ხვალ ბურთის ფლობა მეტი გვექნება. თავს თუ ისე დავიცავთ, როგორც ტონგასთან და უფრო მეტ მომენტს შევქმით გვარიან წნეხსაც შევქმნით. იაპონიამ თუ შეძლო სამხერთ აფრიკის დამარხცება, ჩვენ რატომაც არ უნდა შევძლოთ იგივე?“
უცვლელი რაზმით
გუშინ ბორჯღალოსნებმა ბრისთოლში ორი ვარჯიში გამართეს და გლოსთერთან ახლოს ჩეთლნემში გაემგზავრნენ, სადაც მატჩისთვის აგრძელებენ მზადებას. გამგზავრებამდე ჰეიგმა სამატჩო რაზმი დაასახელა, რომელიც შაბათის შემადგენლობის იდენტურია.
„სამწვრთნელო შტაბმა გადავწყვიტეთ, რომ არგენტინის წინააღმდეგ რაზმი უცვლელად დაგვესახელებინა, რადგან მიგვაჩნია, რომ ამ შემადგენლობამ ნამდვილად დაიმსახურა თამაში. მოტივაცია და თავდაჯერებულობა უდიდესი აქვთ და ლოგიკურია, რომ არგენტინასთან შანსის მიცემა გადავწყვიტეთ.“
ჩეთლნემში გამგზავრებამდე, თბილისის დაძმობილებული ქალაქ ბრისთოლის ლორდ მერ, ქლერ ქემფიან-სმითს ვეწვიეთ და სამახსოვრო საჩუქრები გადავეცით - „გვინდოდა მადლობა გადაგვეხადა ბრისთოლის მერისთვის იმ თბილი გარემოსთვის და მასპინძლობისთვის, რომელიც აქ დახვდათ ჩენ ბიჭებს.“ განაცხადა საქართველოს რაგბის კავშირის სპორტულმა დირექტორმა, ირაკლი აბუსერიძემ.
ქინგსჰოლმს ერთხელაც მოთელავენ
დღეს საღამოს ბორჯღალოსნები გლოსთერის სტადიონს კაპიტნის ვარჯიშის გასამართად კიდევ ერთხელ მიაკითხავენ. როგორც ადრე გაცნობეთ, გუნდი მატჩის წინ ძალზე მოტივირებულია და მოთამაშეებში საკუთარი თავის რწმენამ შაბათის რკენის შემდეგ საგრძნობლად იმატა.
„ვფიქობ, ორივე გუნდს კარგი შემადგენლობა გვყავს, ასე რომ ეს მატჩი მთლიანად იმაზე იქნება დამოკიდებული, ვინ უკეთესად მოემზადება - სტრატეგიულად უკეთესად ვინც ითამაშებს და ბურთის ფლობაც ექნება, სწორედ ის გუნდი მოიგებს.“ განაცხადა ლევანდათუნაშვილმა.
დათუნაშვილის თქმით: „ჩემთვის ეს მსოფლიო თასი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რადგანაც ტურნირის შემდეგ, სავარაუდოდ, სანაკრებო კარიერას დავასრულებ და საკლუბო რაგბზე გადავერთვები. ასე, რომ ჩემი კარიერა საქართველოს ნაკრებში კარგ ნოტაზე მინდა დავასრულო.“
შუამარბ მერაბ შარიქაძეს კი მიაჩნია, რომ მატჩისთვის მზადების დროს შეტევას დიდი ყურადღება, რომ დაეთმო, ეს მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს ჩვენს თამაშს.
„ორივე გუნდს საოცრად ძლიერი მორკინალები გვყავს, ამიტომ რთულია იმის თქმა თუ რომელი აჯობებს. ამიტომ სტატიკური კომპონენტების გარდა სხვა მხარეებსაც უნდა მივაქციოთ ყურადღება. ტონგასთან მაგალითად მეტ წილად ვიცავდით თავს, ამიტომაც ვარჯიშებზე მეტი ყურადღება შეტევას დავუთმეთ.
„ყველას მიაჩნია, რომ არგენტინა გაიმარჯვებს, შესაბამისად ჩვენ არაფერი გვაქვს დასაკარგი. ვიდრე სამხრეთ აფრიკას შეერკინებოდა, იაპონია ჩვენ გვეთამაშა და ფაქტიურად ბოლო წუთებზე შეძლეს გამარჯვება. ეს იმაზე მეტყველებს, რომ ჩვენ ყველასთან ტოლ-სწორად შეგვიძლია თამაში.“
თუ არადა სახლში მოგვიწევს წასვლა
არგენტინული რაგბის ერთ-ერთ ლეგენდას, ტულონში მამუკა გორგოძის, ლევან ჩილაჩავასა და კოტე მიქაუტაძის თანაგუნდელ ხუან მარტინ ფერნანდეს ლობეს მიაჩნია, რომ მის გუნდს უკან დასახევი გზა არ აქვს და ითვალისწინებს იმას, რომ ხვალინდელი თამაშის წაგების შემთხვევაში არგენტინას ფაქტიურად მოუწევს ‘სახლში წასვლა’ – „ამაზე ფიქრი ჩვენ მხრებზე გვაწევს.“
ბორჯღალოსნების დახასიათებისას კი განაცხადა: „ძალიან კარგად ორგანიზებული და აგრესიული დაცვა ყავთ. მაინცდამაინც შემტევი ტაქტიკით არა, მაგრამ ისეთი სულიერი განწყობით და ვნებით თამაშობენ, რომ მათი გატეხვა ძალიან ძნელი იქნება.
„დინამოიურად უნდა ვითამაშოთ. ავსტრალიას ახალ ზელანდიას და სამხრეთ აფრიკას დინამიურად ვეთამაშეთ, იგივეს გაკეთებაც უნდა ვცადოთ საქართველოს წინააღმდეგ.“
მას ასევე მიაჩნია, რომ ხვალინდელი თამაში ბევრად უფრო მნიშვნელოვანია ვიდრე რკენა ახალ ზელანდიასთან - „უნდა გავითვალისწინოთ ის, რომ ხვალინდელი მატჩი გადაწყვეტს ჩვენ ბედს ამ მსოფლიოზე. ჩვენ ან მოვიგებთ, ან მოგვიწევს ოთხწლიანი ლოდინი.“
„წარმოიდგინეთ რა ხდება ახლა ქართველთა ბანაკში. ვერავინ გაბედავს იმის თქმას ან წარმოდგენას, რომ სათამაშო გეგმას ისე არ დახვეწენ, რომ ხვალ ჩვენ არ მოგვიგონ. თუ ამას მოახერხებენ, ერთი ფეხით უკვე მეოთხედფინალში იქნებიან და სწორედ ეს არის მათი მოტივაცია. ჩვენ კი ვიცით, რომ ამისთვის ოთხი წლის განმავლობაში ვემზადებოდით და მარტივად ამ შანსს ხელიდან არ გავუშვებთ.“
www.site.rugby.ge
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია