ამბები

21:49 | 4.08.2015 | ნანახია 7145 - ჯერ

“ბორჯღალოსნები” კრეო კაბინებში გამოიწრთობიან

ხვალიდან საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრები მსოფლიო თასისთვის მზადებას პოლონეთში განაგრძობს, სადაც მორაგბეები კრეო კაბინების დახმარებით უკეთეს ფიზიკურ ფორმაში ჩადგებიან.

“ბორჯღალოსნებმა” პირველი, ფიზმომზადება ორიენტირებული სამკვირიანი შეკრება “შევარდენის” სანაკრებო ბაზაზე გაიარეს, მერე ერთი კვირა დაისვენეს და 27 ივლისს კვლავ “შევარდენზე” შეიკრიბნენ, სადაც ფიზმოზადება გაგრძელდა. პოლონეთში კრეოთერაპიის დახმარებით მზადება 10 დღე გაგრძელდება, რის შემდეგაც გუნდი თბილისში დაბრუნდება და მესამე, დასკვნითი ეტაპისთვის, მზადებას ინგლისში განაგრძობს, სადაც სამი გასახურებელი თამაშიცაა დანიშნული - ინგლისის პრემიერშიპის კლუბ “ნიუკასლთან”, კანადისა და იპონიის ნაკრებებთან. ამ დროისთვის გუნდის ბირთვი უკვე გამოკვეთილი იქნება.

რა მდგომარეობაში არიან ბიჭები, რა მისცა მათ განვლილმა პერიოდმა და რას ელიან მომავალი მსოფლიო თასიდან, მათ შორის ის ახალგაზრდებიც, რომლებმაც ცოტა ხნის წინ 20-წლამდელთა გუნდთან ერთად მსოფლიო თასის “ალაფა” მოიგეს, გაისად 12-გუნდა ელიტაში ითამაშებენ და აგერ ეროვნულ გუნდშიც გამოჩნდნენ. ამის შესახებ ნაკრების მწვრთნელები და მორაგბეები თავად საუბრობენ.

მილტონ ჰეიგი (მთავარი მწვრნელი): “მზადების პროცესი ძალიან კარგად მიდის. დღეში სამჯერადი ვარჯიშები გვაქვს და ყოველი კვირის ბოლოს ბიჭები ძალიან დაღლილები არიან, მაგრამ პროგრესი ჩანს და ეს უმთავრესია. ამ ეტაპზე ჯერჯერობით ფიზიკის და ტექნიკის გაუმჯობესებაზე ვვარჯიშობთ.

მოთამაშეები უკვე მიეჩვივნენ იმ ინტენსიურ ვარჯიშებს და მენტალურ მოთხოვნებს, რაც მათ სავარჯიშო განრიგშია. ისინი დღეს ბევრად უფრო ხანგრძლივ და ინტენსიურ ვარჯიშებს ასრულებენ, ვიდრე 5 კვირის წინ და ამ ყველაფერს საკმაოდ ადვილად ართმევენ თავს. ეს აშკარად ცხადყოფს, რომ ამჟამად ისინი ბევრად უკეთეს ფორმაში არიან, ბევრად უფრო ძლიერები და სწრაფები გახდნენ, ვიდრე შეკრებამდე იყვნენ და ეს სწორედ ის შედეგია, რაც პოლონეთში წასვლამდე გვინდოდა მიგვეღო. ის მოთამაშეები, რომლებსაც ტრავმები ჰქონდათ, გუნდს კარგად შეუერთდნენ და ვარჯიშების შემდგომი ეტაპიდან ეს ყველაფერი უფრო და უფრო უკეთესობისკენ წავა.

ინგლისში წასვლამდე 3 კვირით ადრე, ძალიან მნიშვნელოვანია გუნდის ტექნიკური და ფიზიკური წინსვლა, ხოლო იქ უკვე ტაქტიკურ ვარჯიშებზე გადავალთ, რაც ჩვენი საკონტროლო მატჩებისთვისაც მნიშვნელოვანი იქნება”.

დიდიე ბესი (შერკინების მწვრთნელი): “სანამ საქართველოში ჩამოვიდოდი, ქართული შერკინება ნანახი მქონდა და აქ იყო ბევრი ინდივიდუალიზმი და კოლექტიურობის ნაკლებობა. ეს იყო რვა ძალიან კარგი მოთამაშე, რომლებსაც ერთიანობა აკლდათ. თამაშებს რომ ვუყურებდი ვფიქრობდი, რომ ეს იყო შერკინება უზარმაზარი პოტენციალით და საქართველოს ნაკრებს შეეძლო უკეთესი შერკინება ჰყოლოდა. როდესაც აქ ჩამოვედი, პირველი სწორედ ეს გავაკეთე - დავიწყე ინდივიდუალურობისა და კოლექტიურობის შერწყმაზე მუშაობა. თითოეული მოთამაშის თითეულ დეტალს კოლექტიურობაზე ვარგებდი. ყურადღებას ვამახვილებდი, რომ პოტენციალი და ინდივიდუალიზმი გაერთიანებულიყო და მოგვეღო ერთობა, განვითარება და პროგრესი. ვფიქრობ, რომ პროგრესი განვიცადეთ და ეს გამოჩნდა ნოემბრის ტესტებზე იაპონიასთან და ტონგასთან, გნებავთ ერთი წლის წინ სამოასთან. კარგად გამოჩნდა შერკინების უპირატესობა და სხვა თამაშებშიც ამის ხარჯზე გამარჯვების შანსი მოგვეცა. მაგრამ აუცილებელია ყოველდღიური მუშაობა. მუდმივად უნდა იყოს ძალის კონტროლი და თითოეულ მოთამაშეს უნდა შეეძლოს ამაზე კონცენტრირება.

ამ შეკრებაზე აუცილებელია მოთამაშეები მივიყვანოთ შესაძლებლობების მაქსიმუმზე, რათა შემდეგ გამოვარჩიოთ საუკეთესოები. შეკრების პირველ, სამკვირიან ნაწილში ვიმუშავეთ ფიზმომზადებაზე და ინდივიდუალური ტექნიკის დახვეწაზე. ესაა მოსამზადებელი სამუშაო, რათა შემდგომში ერთიანად ვიმუშაოთ შერკინებაზე, აუტზე, რაქზე და მოლზე. მნიშვნელოვანი სამუშაოები უკვე ჩატარდა და მეორე ეტაპზე, პოლონეთში, სიღრმისეულად ვიმუშავებთ სტატიკაზე. შემდეგი პერიოდი დაეთმობა ძირეულ სამუშაოებს. ქართველებს, ვფიქრობ, აღზრდის კულტურიდან გამომდინარე, ყველაფერი უყვართ რაც სიძლიერესთანაა ასოცირებული. მათთვის ეს გაიგივებულია ბრძოლასთან. მაგალითად, საფრანგეთში მშობლებს არ სურთ, რომ მათმა შვილმა ითამაშოს პირველ ხაზში, აქ კი, პირიქითაა, პირველ ხაზში თამაში კარგია. შედეგად, დღეს საფრანგეთში ქართველი პირველხაზელი მიიჩნევა ყველაზე გამძლე, მამაც და მებრძოლ მოთამაშედ, რომელსაც რაღაც შინაგანი ძალა აქვს. ფრანგებს უკვე ფსიქოლოგიურად მოგვწონს ქართველი პირველხაზელები”.

ილია მაისურაძე (მწვრთნელი): “წინა მსოფლიო თასისთვის მზადებასთან შედარებით მთავარი სიახლე ისაა, რომ მთავარი და ფიზმომზადების მწვრთნელები შეიცვალნენ. ახლა განსხვავებული მოთხოვნებია და მიდგომაც შეიცვალა. გუნდში მრავლად არიან ახალი მოთამაშეებიც. როდესაც მოთამაშე ხარ, უფრო მეტი პასუხისმგებლობა საკუთარ თავზე გაქვს. მწვრთნელობის დროს უკვე მთელ გუნდზე ხარ პასუხისმგებელი”.

ილია ზედგინიძე (მწვრთნელი): “პასუხისმგებლობა მოთამაშისთვისაც და მწვრთნელისთვისაც უდიდესია. შესაძლოა ოდნავ მეტი იყოს მწვრთნელისთვის, მაგრამ ამაზე დავა შეიძლება. მოსამზადებელი პერიოდი ყოველთვის ურთულესია როგორც ფიზიკურად, ასევე ფსიქოლოგიურად. დახურულ გარემოში ვართ”.

ირაკლი მაჩხანელი (მწვრთნელი): “მწვრთნელობაში ყველაზე დიდი ფაქტორი პასუხისმგებლობაა. ქართული რაგბის ისტორიაში რიგით მეოთხე მსოფლიო თასისთვის ვემზადებით. თუ ადრე ბრძოლისუნარიანი გუნდის სახელის დაგდება საკმარისი იყო, ახლა სხვა ვითარებაა და მეტი ხარისხი მოგვეთხოვება. მოთამაშეთა ხარისხი წინა წლებთან შედარებით გაიზარდა. ახლა უფრო მეტი ჩვენი მორაგბე თამაშობს ტოპ 14-სა და პრო დ2-ში. გუნდს რომ ვუყურებ მიკვირს - ნუთუ მე ამათი ნაწილი ვიყავი? თავს არავინ ზოგავს და ყველა დიდი მონდომებით ემზადება. მსოფლიო თასზე მწვრთნელის რანგში გამგზავრება დიდი გამოწვევაა და დიდ გამოცდილებას შევიძენ. წელს ჩვენი გუნდი წინაზე მეტადაა დაბალანსებული. ადრე თუ თამაშის 80 პროცენტი შერკინებაზე მოდიოდა, ახლა სიტუაცია შეიცვალა და დარწმუნებული ვარ, მსოფლიო თასზე მხოლოდ შერკინებით მოთამაშე საქართველოზე სტერეოტიპს აუცილებლად დავანგრევთ”.

სიმონ მაისურაძე: “ფიზიკურად ძალიან კარგად მოვემზადეთ. მორაგბეები თავს კარგად ვგრძნობთ და 5 აგვისტოს პოლონეთში მივემგზარებით, სადაც მომზადების სხვა ფაზა დაიწყება. იქიდან დაბრუნების შემდეგ მწვრთნელები დაასახელებენ იმ 31 მორაგბეს, რომლებიც ინგლისში გაემზავრებიან. ძალიან კარგი მზადების პროგრამა გვაქვს. პრაქტიკულად ყველა წონაში ვიმატებთ. ცხიმს ვკარგავთ, სამაგიეროდ კუნთი გვემატება და მატებაც ამის ხარჯზე გვაქვს. ბოლო დროს სირბილში, სისწრაფეში და გამძლეობაში ტესტები ყველამ გავაუმჯობესეთ. ვფიქრობ, მსოფლიო თასისთვის ყველანი კარგ ფორმაში ვიქნებით”.

კარლენ ასიეშვილი: “ფიზმომზადების მწვრთნელით ყველანი კმაყოფილი ვართ. ეს პერიოდი უკვე ყველა ჩვენთაგანზე სათანადოდ აისახა. ვფიქრობ, პოლონეთიდან დაბრუნების შემდეგ, საუკეთესო ფორმაში ვიქნებით”.

გიორგი ნემსაძე: “წინა მსოფლიო თასისთვის განსხვავებული მოსამზადებელი ეტაპი გვქონდა. გარეთ ადამსონი, რომელიც მაშინ ჩვენი ფიზმომზადების მწვრთნელი იყო, ასე ვთქვათ უფრო დარბაზის სპეციალისტი იყო. მაშინ მინდორზე დამღლელი ვარჯიშები თითზე ჩამოსათვლელი გვქონდა და კონდინციებსაც უმეტესად დარბაზში ვიმაღლებდით. დარბაზში ძელებით ვარჯიშიც ინტენსიურია, თუმცა, ვფიქრობ ახლანდელი პროცესი მეტად დამღლელია და მისი დასრულების დროს ფორმის პიკში უნდა ვიყოთ”.

შალვა სუთიაშვილი: “აღდგენითი პროცესი უკვე დავასრულეთ, ვიცით, რომ შემდეგი ეტაპები კიდევ უფრო რთული იქნება, მაგრამ ამისათვის ფსიქოლოგიურად მზად ვართ და ვეცდებით ჩვენი შრომა ბოლომდე მივიყვანოთ. უკვე დავრწმუნდით საკუთარ თავში, რომ შეგვიძლია ამ დატვირთვების გაძლება და ვფიქრობ, ყველაფერი კარგად გამოვა. ამ ეტაპზე ერთმანეთს ვეჯიბრებით. ყველანი ერთმანეთს ვეჯიბრებით, მაგრამ ეს ყველაფერი ისევ ჩვენ წაგვადგება და ვარჯიშის შემდეგ ისეთივე მეგობრები ვართ, როგორიც მანამდე ვიყავით”.

ლაშა ლომიძე: “რაც კი აქამდე მქონია, ეს ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანი შეკრებაა. გამოცდილი მოთამაშეებიც კი იმას ამბობენ, რომ ამ დონის მოსამზადებელი ეტაპი არასდროს ჰქონიათ. მე ახალბედა ვარ და ბიჭები მეხმარებიან ფორმის პიკში რომ ვიყო. ყველაფერს ვაკეთებ იმისათვის, რომ მსოფლიოზე თამაშის შანსი მომეცეს”.

ვასილ კაკოვინს და ვიტო კოლელიშვილს ტრავმების გამო დიდი დრო გაუცდათ და ნაკრების მაისურიც დიდი ხანია არ მოურგიათ, მაგრამ ახლა ყველაფერი რიგზეა და სრული დატვირთვით ემზადებიან.

ვასილ კაკოვინი: “ბოლო სამი თვის განმავლობაში გუნდთან ერთად ვვარჯიშობდი და ბოლო სამი თამაშის ჩატარებაც შემეძლო, მაგრამ არ მათამაშეს და ამის გამო არ ვჩანდი. სრული დატვირთვით ვვარჯიშობ და მუხლთან დაკავშირებით არანაირი პრობლემა არ მაქვს. დიდი ხანია, პრაქტიკულად ორი წელია ნაკრებში არ მითამაშია. ამის მიზეზი ტრავმები იყო. ისე მენატრებოდა საქართველოს ნაკრებთან ერთად ვარჯიში, ერთი სული მქონდა შეკრება როდის დაიწყებოდა. “თბილისის თასზე” უნდა მეთამაშა, მაგრამ ეს ვერ მოხერხდა და ძალიან განვიცადე. პირველი სამკვირიანი მოსამზადებელი ეტაპი ძალიან რთული იყო. ვარჯიშები რომ დავიწყეთ ყველას გვეგონა, რომ ამ სამ კვირას ვერ გადავიტანდით. დღეისათვის ყველაფერი კარგადაა და ყველანი ჯანმრთელად ვართ”.

ვიტო კოლელიშვილი: “სამწუხაროდ ისე მოხდა, რომ ლიონიდან კლერმონში დაბრუნების შემდეგ, კარგად კი ავთამაშდი, მაგრამ მერე ტრავმა მივიღე. რაგბია და ასეთი ცუდი გამოწვევებისთვისაც მზად უნდა იყო. მოსამზადებელ პერიოდში თავიდან გამიჭირდა, მაგრამ სამი კვირის შემდეგ შევეჩვიე. გუნდთან ერთად ვარჯიში სხვა სტიმულია და ვფიქრობ შევდივართ ფორმაში და მსოფლიოსთვის სრულ მზადყოფნაში ვიქნები. მონატრებული ვარ ნაკრებში ყოფნას. ჩვენი მიზანია, რომ ჯანმრთელად ვიყოთ და გუნდს გამოვადგეთ. პირველი სამი კვირა მართლაც ურთულესი იყო, მაგრამ კარგი იყო მეგობრებთან ერთად ყოფნა. აქ გვერდში დგომა სულ სხვანაირია, ვიდრე კლუბში და ყველანი მოტივირებულები ვართ. რთული პერიოდები გადავლახეთ”.

ვასილ ლობჟანიძე: “ერთა თასზე ჩატარებული შეხვედრებიდან ჩემთვის ყველაზე საპასუხისმგებლო გერმანიასთან მატჩი იყო. მაშინ პირველად მოვირგე ეროვნული გუნდის მაისური და სწორედ მაშინ შევიგრძენი რა იყო ეროვნული ნაკრები. თუმცა, სხვა თამაშებიც საპასუხისმგებლო იყო, რუსეთთან, რუმინეთთან, რომელიც ფაქტობრივად ფინალი იყო”.

ოთარ გიორგაძე: “ურუგვაისთან თამაშის დაწყებამდე ვნერვიულობდი და შებოჭილი ვიყავი. როგორც კი თამაში დაიწყო, გარღვევით 50 მეტრი ვირბინე, ეს ფსიქოლოგიურად ძალიან დამეხმარა და ეს თამაში და მერე მთელი “ალაფა”, მაღალ დონეზე ჩავატარე. ჩემთვის “ბორჯღალიანი” მაისურის ჩაცმა უდიდესი პასუხისმგებლობაა ქვეყნის მიმართ. როდესაც ის მაცვია, მოედანზე 100 პროცენტით ვიხარჯები და მაქსიმუმს ვაკეთებ ქვეყნისთვის გამარჯვების მოსატანად”.

ბექა გორგაძე: “20-წლამდელთა “ალაფა” უმნიშვნელოვანესი ტურნირი იყო და პირველ თამაშში, ურუგვაისთან, ყველანი ვნერვიულობდით. ამ ტურნირიდან ფიჯისთან თამაშს გამოვყოფდი, სადაც კაპიტნობა მომიწია. ნერვიულობა და პასუხისმგებლობა გაორმაგდა, ბიჭებთან დამოკიდებულებაც შეიცვალა, რადგან მათი გამხნევება უკვე უშულოდ ჩემი საქმე იყო. სასტვენის შემდეგ ყველაფერი დალაგდა. შეხვედრა დაძაბული გამოდგა, მაგრამ საბოლოოდ ის ჩვენი გამარჯვებით დასრულდა”.

საბა შუბითიძე: “ახალგაზრდულ ნაკრებებში მე ვიყავი ის მოთამაშე, რომელიც ყველაზე მეტ ჯარიმას “იკიდებდა”. ამის გამო დავისაჯე და 18-წლამდელთა ნაკრებში მომცეს ერთწლიანი დისკვალიფიკაცია, რომლის გამოც გარკვეული პერიოდი მსაჯობა მომიწია. ეს ძალიან დამეხმარა და წესებში უფრო ღრმად ჩავიხედე. ახლა უკვე ისეთ რაღაცეებს ვაფიქსირებ თამაშზე, რასაც ფაქტობრივად სხვა ვერავინ ამჩნევს. უკეთ ვიცი მსაჯების ფისოლოგია. ასაკის მატებამ მეტი პროფესიონალიზმიც შემმატა. გავიაზრე, რომ მოთამაშე, რომელიც ძალიან ხშირად ჯარიმდება, გუნდში არავის ჭირდება და ახლა სიტუაცია სხვაგვარადაა.

ყველა მორაგბის ოცნებაა ეროვნულ ნაკრებში თამაში. კარგია ახალგაზრდულ, გნებავთ 7-კაცა ნაკრებებში თამაში, მაგრამ აქ სულ სხვა დონეა. მე ეს ოცნება ამიხდა და “თბილისის თასზე” სამი შეხვედრა ჩავატარე. 7-კაცასა და ახალგაზრდულ ნაკრებებში თამაში ამ ოცნების ახდენაში დამეხმარა. სწორედ მანდ გამოვიჩინე თავი და მას შემდეგ მიხმეს ეროვნულ გუნდში”.

გიორგი ტალახაძე: “დიდი ხანი ველოდებოდი საქართველოს ეროვნული ნაკრების ფორმის ჩაცმას და ბედნიერი ვარ ეს დღე რომ დადგა”.

გიორგი ფრუიძე: “ეროვნულ ნაკრებში თამაშისას პასუხისმგებლობა უფრო დიდია და დაძაბული ვარ, ვნერვიულობ. გაცილებით მონდომებული ვარ, რადგან ქვეყანას წარმოვაჩენ. თუმცა ისიც უნდა ვაღიარო, რომ არანაკლები პასუხისმგებლობით ვთამაშობდი 7-კაცა თუ ახალგაზრდულ ნაკრებებში”.

საქართველოს ნაკრების გაფართოებული შემადგენლობა 2015 წლის მსოფლიო თასის წინა შეკრებაზე

უკანა ხაზი: მერაბ კვირიკაშვილი (მონლიუსონი, საფრანგეთი, 84 კეპი, 642 ქულა - 12 ლელო, 108 გარდასახვა, 119 ჯარიმა, 3 არეკნი,), ბექა წიკლაური (ლოკომოტივი, თბილისი, 20, 83 - 2 ლელო, 11 გარდასახვა, 15 ჯარიმა, 2 არეკნი), გიორგი აფციაური (აია, ქუთაისი, 8, 0), სანდრო თოდუა (ლელო-სარასენსი, თბილისი, 48, 25 - 5 ლელო), თამაზ მჭედლიძე (აჟენი, საფრანგეთი, 29, 20 - 4 ლელო), მურაზ გიორგაძე (არმაზი, თბილის, 6, 5 - 1 ლელო), გიორგი ფრუიძე (აია, ქუთაისი, 3, 0), დავით კაჭარავა (ენისეი, რუსეთი, 81, 85 - 17 ლელო), მერაბ შარიქაძე (ორიაკი, საფრანგეთი, 34, 35 - 7 ლელო), გიორგი ტალახაძე (ლელო-სარასენსი, თბილისი, 2, 0), ლაშა მალაღურაძე (ბანიერი, საფრანგეთი, 56, 144 - 3 ლელო, 27 გარდასახვა, 22 ჯარიმა, 3 არეკნი), ლაშა ხმალაძე (ლელო-სარასენსი, თბილისი, 38, 33 - 5 ლელო, 4 გარდასახვა), გიორგი ბეგაძე (ყოჩები, ბოლნისი, 34, 0), ვაჟა ხუციშვილი (ხარები, რუსთავი, 19, 0), ვასილ ლობჟანიძე (არმაზი, თბილისი, 5, 0);

შერკინება: მიხეილ ნარიაშვილი (მონპელიე, საფრანგეთი, 26, 5 - 1 ლელო), ვასილ კაკოვინი (ტულუზი, საფრანგეთი, 24, 5 - 1 ლელო), ზურაბ ჟვანია (სტად ფრანსე, საფრანგეთი, 19, 35 - 7 ლელო), კარლენ ასიეშვილი (ბრივი, საფრანგეთი, 10, 5 - 1 ლელო), სიმონ მაისურაძე (ვალანსი, საფრანგეთი, 32, 0), შალვა მამუკაშვილი (სეილ შარქსი, ინგლისი, 29, 15 - 3 ლელო), ჯაბა ბრეგვაძე (ყოჩები, ბოლნისი, 27, 5 - 1 ლელო), დავით ზირაქაშვილი (კლერმონი, საფრანგეთი, 48, 45 - 9 ლელო), დუდუ ქუბრიაშვილი (სტად ფრანსე, საფრანგეთი, 39, 10 - 2 ლელო), ლევან ჩილაჩავა (ტულონი, საფრანგეთი, 23, 15 - 3 ლელო), ანტონ ფეიქრიშვილი (ბრივი, საფრანგეთი, 15, 5 - 1 ლელო), გიორგი ჩხაიძე (ლილი, საფრანგეთი, 83, 50 - 10 ლელო), გიორგი ნემსაძე (ტარბი, საფრანგეთი, 49, 45 - 9 ლელო), კოტე მიქაუტაძე (ტულონი, საფრანგეთი, 34, 10 - 2ლელო), ვახტანგ მაისურაძე (ალბი, საფრანგეთი, 24, 10 - 2 ლელო), ლევან დათუნაშვილი (ორიაკი, საფრანგეთი, 69, 15 - 3 ლელო) ოთარ გიორგაძე (აია, ქუთაისი/კლერმონი, საფრანგეთი, 2, 5 - 1 ლელო), მამუკა გორგოძე (ტულონი, საფრანგეთი, 59, 120 - 24 ლელო), შალვა სუთიაშვილი (მასი, საფრანგეთი, 48, 5 - 1 ლელო), ვიტო კოლელიშვილი (კლერმონი, საფრანგეთი, 31, 15 - 3 ლელო), გიორგი თხილაიშვილი (ბათუმი, ბათუმი, 20, 5 - 1 ლელო), საბა შუბითიძე (აკადემია, თბილისი, 3, 0), ბექა გიორგაძე (მონ დე მარსანი, საფრანგეთი, 2, 0), დიმიტრი ბასილაია (პერპინიანი, საფრანგეთი, 38, 30 - 6 ლელო), ბექა ბიწაძე (ლოკომოტივი, თბილისი, 15, 15 - 3 ლელო), ლაშა ლომიძე (ბეზიე, საფრანგეთი, 12, 10 - 2 ლელო).

სტატია მომზადებულია rugby.ge-ს მსოფლიოს თასისწინა შეკრების დღიურის ეპიზოდების მიხედვით


კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
0.108131