ამბები

13:55 | 12.07.2015 | ნანახია 2245 - ჯერ

სამხრეთში სანაკრებო თამაშები გახურდა

ოთხი ერისა და წყნარი ოკეანის თასის მოახლოვებასთან დაკავშირებით, სამხრეთ ნახევარსფეროში გასახურებელი თამაშები გაიმართა.

სამხრეთ აფრიკის მორაგბეთა ეროვნულმა ნაკრებმა, რომელიც მომავალ კვირაში ოთხი ერის გათამაშებაში ჩაერთვება, წლის პირველ მატჩში კეიპტანში მსოფლიოს ნაკრებს უმასპინძლა და შარშანდელის დარად დამაჯერებლად დაამარცხა - 46:10. “ნიულენდზე” შეკრებილმა მაყურებელმა ნაკრებმა რვა ლელო იხილა და აქედან შვიდი მასპინძლების ანგარიშზე მოდის. აქედან სამი ფულბეკ ვილი ლე რუს ანგარიშზეა მოდის, ხოლო შუამარბმა დამიენ დე ელენდემ დუბლი შეასრულა და სანაკრებო ლელოების ანგარიში გახსნა.

“ბოკემ” თამაში აქტიურად დაიწყო და ანგარიში პოლარდის ჯარიმით გახსნა, რასაც სამი ლამაზი ლელო მოყვა. მე-9 წუთზე მასპინძლებმა რამდენიმე დარტყმით სტუმართა დაცვა მოარღვიეს, დე ელენდემ ხაზი გაჭრა და ზედ ჩათვლის მოედნის წინ ფეხებში წვდნენ, მაგრამ ინერციით ლელოში შეცურდა. მე-17 წუთზე დე ელენდიმ და მისმა მეწყვილემ უკანა ხაზის ცენტრში ჯესი კრილმა მეორე ლელო შექმნეს, სწრაფი იერიშით უპირატესობა შექმნეს და ებენ ეცებეთს მორღვეული დაცვის გაჭრა აღარ გაჭირვებია. დე ელენდის დარად, ეს ეცებეთის პირველი ლელო იყო ნაკრების მაისურით. პოლარდმა ორიდან ერთი გარდასახვა ზუსტად შეასრულა - 15:0.

მსოფლიო XV-მა მიკ ჰარისის ჯარიმით ჩამორჩენა შეამცირა, მაგრამ აფრიკამ იქვე მესამე ლელო გაიტანა. რამდენიმე დარტყმის შემდეგ ლე რუ კი შებოჭეს, მაგრამ ხაზს მაინც მიწვდა და ამ მატჩში თავისი პირველი ლელო გაიტანა, რასაც პოლარდის გარდასახვა მოყვა. 34-ე წუთზე მსოფლიო XV-მა ერთი ლელო გაქვითა. მეტოქის 22-ის ხაზთან მათ საკუთარი დერეფანი წააგეს, მაგრამ მცველებმა ბურთი ვერ დაიმორჩილეს, კრეიგ ბერდენმა მას ფეხი წაკრა და რუან პიენაარის მცდელობის მიუხედავად ლელოში შესრიალდა. ჰარისმა გარდასახვით პირველი ტაიმის ანგარიში დააფიქსირა - 22:10 აფრიკის სასარგებლოდ.

მეორე ტაიმის პირველმა ლელომ მთელი 15 წუთი დაიგვიანა, მაგრამ მისი ხილვა ამად ღირდა. ფლანგზე ბრაიან ჰაბანა ორ მცველს გაექცა, მერე ლე რუს ოფლოუდი გაუხერხა და ისიც მარცხენა ალამთან დუბლისათვის მშვიდად შეხტა. 9 წუთში ლე რუმ ჰეთ თრიკი შეასრულა. აფრიკა კაცნაკლული იყო და მსოფლიო XV უტევდა, როდესაც სკალკ ბურგერმა გადაცემა გაჭარა, შეტევა დე ვილერსმა გააგრძელმა და გრძელი გადაცემით ლე რუ მოძებნა, რომელმაც დაუცველი ფლანგი დალაშქრა.

74-ე წუთზე ნაკლულმა სამხრეთ აფრიკამმორიგი ლელო გაიტანა. სტუმრებმა ფეხით გადაკიდეს ბურთი, პოლარდი დაიძრა და ხაზი სუფთად გაჭრა, დაახლოებით 35 მეტრი ირბინა და 22-ის ხაზთან გრძელი პასით ლელოში კობუს რეინახი შეუშვა. პეტ ლამბიემ გარდასახა. ბოლო ლელო თერნოვერს მოყვა. მსოფლიო XV-მა აფრიკელთა 22-ში დაკარგა ბურთი, ის სწრაფად ჩათამაშდა მარცხენივ, დე ელენდი გაიქცა, მცველს ფეხით ბურთი თავზე გადაავლო, მერე მას ფეხი ერთხელაც წაკრა და ჩათვლის მოედანში დაახტა. ლამბიემ გარდასახვით წერტილი დასვა - 46:10.

სუვაში ფიჯი “მაორი ოლ ბლექსის” დამარცხებასთან ძალიან ახლოს იყო, მაგრამ ზედ საფინალო სასტვენის წინ მესამე ლელო გაუშვა და ზუსტი გარდასახვის შემდეგ 26:27 დამარცხდა. მასპინძლებმა პირველი ტაიმი განსაკუთრებულად მაღალ დონეზე ჩაატარეს და 26:10 დაწინაურდნენ. მეორე ტაიმში სტუმრებმა ჯარიმით და ლელო-გარდასახვით ჩამორჩენა შეამცირეს, სულ ბოლო იერიშისას ფიჯელთა დაცვა მაინც გატეხეს და გამარჯვება იზეიმეს. ფიჯი 18 ივლისს წყნარი ოკეანის თასის პირველ ტურში მსოფლიო თასზე საქართველოს ნაკრების მეტოქე ტონგას შეხვდება.

საქართველოს ნაკრების კიდევ ერთმა მეტოქემ მსოფლიო თასზე ნამიბიამ, ვინდჰუკში რუსეთი 39:19 “დაამცირა”. თამაში ხარისხობრივად ძალიან დაბალი დონის გამოდგა. ორივე გუნდმა უამრავი შეცდომა დაუშვა და ამ შეცდომებით მასპინძლებმა სტუმრებზე მეტად იხეირეს. ნამიბია პირველ ტაიმში უპირატესობას ფლობდა, მაგრამ კუტცეს დარტყმები არ წაუვიდა და ტაიმი 13:12 დასრულდა. მეორე ტაიმში მაღალმთიანეთში თამაშმა რუსებს დაღი დაასვა, მათ დაღლა დაეტყოთ და ორმა ლელომ მატჩის ბედი გადაწყვიტა. მიუხედავად ამისა, “დათვებმა” ბოლომდე იბრძოლეს, მაგრამ კონტრშეტევაზე კიდევ მიიღეს ლელო. შეხვედრის მიწურულს გუნდებმა თითო-თითო ლელო კიდევ გაცვალეს და ნამიბიამ მეტოქე დიდი სხვაობით დაამარცხა. სერიის მეორე მატჩში ნამიბიასა და რუსეთს შორის 18 ივლისს გაიმართება.


კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
0.200348