ამბები

14:04 | 14.06.2015 | ნანახია 2573 - ჯერ

ქუბრიაშვილი და ჟვანია - საფრანგეთის ჩემპიონები

დავით ქუბრიაშვილისა და ზურაბ ჟვანიას “სტად ფრანსემ”, საფრანგეთის პირველი ელიტარული დივიზიონის, Top 14-ის ფინალში დავით ზირაქაშვილისა და ვიტო კოლელიშვილის “კლერმონი” 12:6 დაამარცხა და 2007 წლის შემდეგ ჩემპიონის ტიტული პირველად მოიპოვა.

“კლერმონი” ქვეყნის ჩემპიონატის ფინალში მე-12-ედ თამაშობდა და მე-11-ედ დამარცხდა. გარდა ამისა, ერთი თვის წინ გუნდი ჩემპიონთა თასის ფინალში “ტულონთან” დამარცხდა და ამ ყველაფრის ფონზე, ის ევროპის ერთ-ერთი ყველაზე უიღბლო გუნდია. უიღბლობის გარდა სხვას ვერაფერს დავარქმევთ იმას, რომ ფინალში “ვულკანებმა” ტრავმის გამო ერთბაშად სამი გუნდის ლიდერი, უკანახაზელები უელსი ფოფანა, ჯონათან დევისი და ნოა ნაკაიტაკი მოისაკლისა, რაც უდავოდ დიდი ძალაა.

მე-14 წუთზე ჟულიან ბარდი ყვითელი ბარათით, რომ დაისაჯა “სტად ფრანსემ” შეუტია და მეტობაში ორი, ხოლო 28-ე წუთზე მესამე ჯარიმა გაიტანა - 9:0. კამილ ლოპესმა ერთი ჯარიმა შესვენებამდე გაქვითა, შეცვლაზე შესულმა ავსტრალიელმა ბროკ ჯეიმსმა კი, 61-ე წუთზე ჩამორჩენა 3 ქულამდე დაიყვანა. მაგრამ საფინალო სასტვენამდე 10 წუთით ადრე, მან თავისი შანსი ხელიდან გაუშვა (23 მეტრიდან), მორნი სტეინმაი, ბოლო წუთზე თავისი მეოთხე ჯარიმა გაიტანა და პარიზელებს 8-წლიანი შესვენების შემდეგ ქვეყნის მთავარი ტიტული მოაგებინა.

განვლილ მატჩში სასტარტო შემადგენლობაში იყო და 73 წუთი ითამაშა ზირაქაშვილმა, კოლელიშვილი კი, ტრავმის შემდეგ რეაბილიტაციას გადის. “სტად ფრანსეს” განაცხადში არ იყო ჟვანია, ხოლო ქუბრიაშვილი სათადარიგოთა შორის იყო, მაგრამ მოედანზე არ გასულა. მიუხედავად ამისა,პარიზელთა ჩემპიონობაში ქართველებს ლომის წილი მიუძღვით. ქუბრიაშვილმა განვლილი სეზონის 21 მატჩში მიიღო მონაწილეობა, ხოლო ჟვანიამ ბურჯისა და კვაჭის პოზიციაზე 15 თამაში ჩაატარა და ორი ლელო გაიტანა.


კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
0.080959