საქართველოს მორაგბეთა XXV ეროვნული ჩემპიონატის ფინალში, “ლელო-სარასენსი” ტიტულის დაცვას თბილისის “ლოკომოტივთან” ეცდება, რომელმაც მცირე ფინალში ბოლნისის “ყოჩები” დაძაბულ ბრძოლაში 23:16 დაამარცხა.
“ლოკომოტივი” ფინალში ხუთწლიანი შესვენების შემდეგ დაბრუნდა და გადამწყვეტ მატჩში კვლავ “ლელოს” ეთამაშება, რომელიც ბოლო ორი წელიწადია პირველობას არავის უთმობს და ახლა ტიტულის შენარჩუნებას დედაქალაქურ დერბიში, ტრადიციულ მეტოქესთან ეცდება. მსგავსი ფინალი, 2010 წლის გარდა, 2008 წელსაც შედგა და ორივე ჯერზე გამარჯვება “ლოკომოტივს” დარჩა. აღსანიშნავია, 2008 და 2010 წლებში, “ყოჩები” მესამე ადგილს დასჯერდა და წელსაც ის მხოლოდ ბრინჯაოს მედლებს შეწვდა, არადა, რეგულარული პირველობის გამარჯვებული გახდა.
რუსთავის სარაგბო სტადიონზე გამართულ შეხვედრას 1000-მდე გულშემატკივარი დაესწრო და მათ იხილეს უშეღავათო ბრძოლა, რომელშიც გამარჯვება იმ გუნდს დარჩა, რომელმაც ნაკლები შეცდომა დაუშვა. “ყოჩები” შექმნაზე ორიენტირებული გუნდი იყო, მაგრამ ბოლნისელთა შესრულებით პასის კულტურამ მოიკოჭლა და ამით “ლოკომოტივმა” კარგად ისარგებლა, რომელმაც კონტრშეტევებზე ორი ლელო გაიტანა, კიდევ ორ შემთხვევაში კი, მეტოქეს შეცდომები “აპატია” და მატჩმაც ინტრიგა ბოლომდე შეინარჩუნა.
ანგარიში მე-2 წუთზე გაიხსნა. ბურთი თამაშში “ლოკომოტივმა” შეიყვანა და მას თავადვე დაეუფლა, “ყოჩები” რაქში დაჯარიმდა და ბექა წიკლაურმა კარის წინ 37 მეტრიდან დარტყმა ზუსტად შეასრულა. ბოლნისელებმა თამაშში ბურთი ვერ შეიყვანეს, მაგრამ მერე მათმა შერკინებამ მეტოქისას აჯობა და თემურ სოხაძემ ცენტრიდან გატანილი ჯარიმით ანგარიში გაათანაბრა. დაძაბულობა პირველივე წუთებიდან სახეზე იყო და გუნდები უნებლიე შეცდომებს უშვებდნენ. თავიდან უპირატესობა “ლოკომოტივის” მხარეს იყო, მაგრამ დაახლოებით სამწუთიანი შეტევის შემდეგ ცენტრიდან წინ რომ ვერ წაიწიეს, უპირატესობა მეტოქეს დაუთმეს.
მე-14 წუთზე “ყოჩებმა” კარგი შეტევა წამოიწყო, გიორგი ხარშილაძემ ფეხით ითამაშა, მცველებმა მისი დაუფლება ვერ მოახერხეს და ალექსი ხუციშვილმა ლელო გაიტანა, მაგრამ ირლანდიელმა რეფერიმ მანამდე წინ თამაში დააფიქსირა. მე-20 წუთზე ბოლნისელები საკუთარი ნახევრიდან იწყებდნენ შეტევას, მაგრამ სამი კარგი ოფლოუდის შემდეგ, დიმიტრი კალანდაძემ უხეიროდ შესრულებული გადაცემა ჩაჭრა და დაიძრა. მას ლევან გოგოლაშვილი ჩათვლის მოედნის სიახლოვეს დაეწია და თითქოს სიტუაციის გადარჩენის შანსი გაჩნდა, მაგრამ რკინიგზელთა გარემარბი ჩათვლის მოედანს მაინც მიწვდა. ამ ეპიზოდში კალანდაძემ ფეხი დაიზიანა და რამდენიმე წუთში შესაცვლელი შეიქმნა, ხოლო წიკლაურმა გარდასახვა ზუსტად შეასრულა და “ლოკომოტივი” 10:3 დააწინაურა.
ნომინალურ მასპინძლებს მალევე შეეძლოთ პასუხის გაცემა, რატი გარუჩავამ ცენტრში ხაზი გაჭრა და გრძელი პასით ფლანგზე გარღვევაზე ირაკლი გეგენავა გაიყვანა, რომელიც პირველ მბოჭავს გაექცას, მეორემ 5-მეტრიან ზონაში შებოჭა, მაგრამ საქართველოს საუკეთესო მელელოვემ ბურთი სოხაძეს ამოუგდო და მანაც ლელო გაიტანა, ოღონდ გვერდითმა მსაჯმა ის გააუქმა - შემტევი მანამდე გვერდით ხაზს ფეხით შეეხოო. მერე “ყოჩებმა” სწრაფად გაათამაშა ჯარიმა, “ლოკომოყივმა” 10 მეტრი წესის დაარღვია, ამჯერად ბოლნისელებმა ჯარიმა კარში დაარტყეს და სოხაძემ დაახლოებით 48 მეტრიდან სხვაობა 4 ქულამდე დაიყვანა.
ტაიმის ბოლოს ორივე გუნდმა შეცდომები დაუშვა, მაგრამ ამით ვერავინ ისარგებლა. ჯერ წიკლაურის შორეულმა არეკნმა კარამდე ვერ მიაღწია, ბურთის ფეხით დაბრუნების შემდეგ, “ლოკომოტივმა” ხელდახელ შეუტია და შეცდომის შედეგად კონტრშეტევის საფრთხის წინაშე აღმოჩნდა, მაგრამ არაზუსტი პასის შემდეგ რკინიგზელებს მეორე ლელოს გატანის შანსი გაუჩნდათ, მაგრამ ხუციშვილმა ფეხით შეცურებულ ბურთზე თამაში ორ მეტოქეს დაასწრო. გადაცემისას მესამე შეცდომის შემდეგ, თბილისელებმა ლელო იმის გამო ვერ გაიტანეს, რომ ბურთი წინ დაუვარდათ და ტაიმი 6:10 დასრულდა.
მეორე ტაიმი ორი წუთის დაწყებული იყო, “ყოჩები” რომ დაწინაურდა. გოგოლაშვილმა ცენტრში გაჭრა ხაზი და ცრუმოძრაობებით დაახლოებით 25 მეტრი ირბინა, რაქიდან ბურთი მარცხენა ფრთაზე ნიკა ჩხიკვაძემ მიიღო,რომელმაც ზედ ლელოს ხაზთან დავით ხიდეშელს გაატანა ბურთი და მასაც ლელოს გატანა არ გაჭირვებია. სოხაძემ გარდასახვა შეასრულა და ნომინალური მასპინძლები წინ გაიყვანა - 13:10.
პირველი ტაიმის დარად, ამჯერად ცენტრიდან ბურთი “ლოკომოტივმა” ვერ შეიყვანა და მერე თბილისელთა შერკინება დაჯარიმდა, მაგრამ ამჯერად სოხაძეს დარტყმა გაუფუჭდა. მერე რკინიგზელებმა შეტევის გაშლა სცადა და ფლანგზე უპირატესობაც შექმნა, მაგრამ ხუციშვილმა ბოჭვისას შემტევს ბურთი წინ დააგდებინა, გოგოლაშვილმაკიდევ ერთხელ გაიბრწყინა და კონტრშეტევისას ხაზი გაჭრა, მაგრამ ფეხით რომ გადაიკიდა ის უბურთოდ შებოჭეს და ამჯერად სოხაძის ცენტრიდან დარტყმულმა ძელებსშუა გაიარა - 16:10.
თბილისელებმა მარცხის საფრთხე რომ იგრძნეს მოინდომეს და გარკვეული დროით არეული თამაში წავიდა, რამაც ორივე გუნდს დიდძალი ენერგია გააცალა. მორაგბეებმა სული რომ მოითქვეს, “ლოკომოტივმა” ფაზებით უტია და ხაზის გაჭრამდე სულ ცოტა დააკლდა, მაგრამ ჯარიმის უფლება კი მოიპოვა და წიკლაურმა 33 მეტრიდან ის 3 ქულად აქცია. “ყოჩებმა” უპირატესობის დაბრუნება სცადა, მაგრამ სოხაძის 40 მეტრიდან დარტყმული არეკნი ძელმა აისხლიტა, ხოლო მცველების შეცდომით შემტევებმა ვერ იხეირეს და “ლოკომოტივი” ლელოს გადაურჩა. 62-ე წუთზე სოხაძემ უკვე 23 მეტრიდან დაარტყა არეკნი და ისევ არაზუსტად.
დასკვნითი 15 წუთი “ლოკომოტივის” იყო და ლელოც გავიდა, მაგრამ გვერდითმა მსაჯმა ის გააუქმა - მანამდე აუტი იყოო. მერე თბილისელებმა 5-მეტრში ჯარიმა გაითამაშეს და დავით გასვიანმა და გივი ბერიშვილმა ხაზის გაგლეჯვა სცადეს, მაგრამ მათი მცდელობა უშედეგო აღმოჩნდა. წიკლაურის არეკნი არაზუსტი იყო და ბოლნისელებს კონტრშეტევით მეტოქისთვის საქმის მომთავრების შანსი მიეცათ, გეგენავამ დაახლოებით 50 მეტრი ირბინა, შეტევა შავლეგ მახარაშვილმა გააგრძელა, მაგრამ ბურთი დაკარგა.
რკინიგზელებმა ბოლო ძალები მოიკრიბეს და სალელოვე მიძალება გააგრძელეს, რადგან მათ ფრე ხელს არ აძლევდათ. 75-ე წუთზე რეფერიმ “ყოჩები” დააჯარიმა, თეიმურაზ ჯინჭარაძე გაასინბინა და ამან სიტუაცია შეცვალა. ამ ყვითელი ბარათის გამო, ფრის შემთხვევაში ფინალში “ლოკომოტივი” გადიოდა და წიკლაურმაც ახლო მანძილიდან ანგარიში 16:16 გახადა. ახლა უკვე ბოლნისელებს ჭირდებოდათ 3 ქულის აღება და სოხაძე ავანტურაზე წავიდა, მან მოკლეზე რომ გადაკიდა ბურთიც თავად აიღო და ხიფათის შექმნის საშუალებაც გაჩნდა, მაგრამ პასი ხელებში პირდაპირ წიკლაურს მიუვიდა, რომელმაც ბურთს ფეხი ძლიერად დაკრა, კარგად მიყვა და ლელო-გარდასახვით საბოლოო შედეგი დააფიქსირა - 23:16 “ლოკომოტივის” სასარგებლოდ, რომელსაც 9 მაისს “მიხეილ მესხზე” “ლელო-სარასენსი” ელოდება.
საქართველოს მორაგბეთა XXV ეროვნული ჩემპიონატი
პლეი ოფი. მცირე ფინალი. 2 მაისი
რუსთავი. ახალი. 1000 მაყურებელი
ყოჩები (ბოლნისი) - ლოკომოტივი (თბილისი) 16:23 (6:10)
ყოჩები: 1 ლელო - ხედეშელი; 1 გარდასახვა - სოხაძე; 3 გარდასახვა - სოხაძე; 1 სინბინი - ჯინჭარაძე
ლოკომოტივი: 2 ლელო - კალანდაძე, წიკლაური; 2 გარდასახვა - წიკლაური; 3 ჯარიმა - წიკლაური
ფინალი. 9 მაისი
“მიხეილ მესხი”. 16:00 საათი
ლელო-სარასენსი (თბილისი) - ლოკომოტივი (თბილისი)
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია