18-წლამდელები

21:03 | 18.03.2016 | ნანახია 1764 - ჯერ

ახალგაზრდებში რუმინეთი ჩვენი ტოლი არაა

რუმინეთთან ორ-მატჩიანი სერიის პირველი რაუნდი, რომელიც ლისაბონში, 18-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატის მეოთხედფინალში გაიმართა, ქართველი ახალგაზრდების გამარჯვებით დასრულდა და თანაც შთამბეჭდავი ანგარიშით - 49:10.

ამ ასაკში ბოლო დროს რუმინელებთან არ გვითამაშია, რადგან საქართველო ელიტაში თამაშობდა ინგლისთან, საფრანგეთთან, ირლანდიასთან, უელსთან, შოტლანდიასთან, იტალიასთან და პორტუგალიასთან ერთად, რუმინელები კი, საკვალიფიკაციო ეტაპის გადალახვას ვერ ახერხებდნენ. როგორც ჩანს, ქართველ მორაგბეთა თაობა მართლაც ბევრად წინ წასულა ერთა თასის სხვა მონაწილე გუნდებთან შედარებით და ეს არა მხოლოდ ანგარიშში, არამედ თამაშის ხარისხშიც შესაბამისად აისახა.

„უმცროსმა ბორჯღალოსნებმა“ მეტოქეს აჯობეს ყველაფერში - როგორც ძალისმიერ, ასევე ხელდახელ თამაშში და ზოგადად რაგბის ცოდნაში. თამაში ძლიერი წვიმის ფონზე დაიწყო, რამაც მის მსვლელობას თავისი კვალი დაატყო, თუმცა ქართველთა უპირატესობა პირველივე წუთებიდან გამოიკვეთა და ანგარიშიც მე-3 წუთზე გაიხსნა. მორკინალებმა მარცხენა ფლანგზე მოიპოვეს უპირატესობა, გელა აფრასიძემ ფეხით ბურთი მარჯვენა ალამთან ჩაკიდა, სადაც გიორგი ნარიმანიძემ მცველს აჯობა და ჩათვლის მოედანში შეხტა, ხოლო აფრასიძემ გარდასახვაც ზუსტად შეასრულა.

შერკინებასა და მოლში დიდ უპირატესობას, მალე ჯარიმა მოყვა. ჩვენსავე ნახევარზე მოგებული დერეფნის შემდეგ, მოლმა დაახლოებით 30 მეტრი იარა და რომ დასცლოდა ლელომდეც ჩავიდოდა, მაგრამ რუმინელები დაჯარიმდნენ და აფრასიძემაც დაახლოებით 25 მეტრიდან გაიტანა. მეტოქემ საფრთხე რომ იგრძნო მოლში შესვლას ერიდებოდა, მაგრამ არაფერი სასიკეთო მათ არ მიუღიათ - ქართველებმა ახლა ხელდახელ უტიეს და ხაზიც გადაკვეთეს, მაგრამ მეტოქემ დამიწების საშუალება არ მოგვცა.

5-მეტრა შერკინებაში ბურთი დაიკარგა, მაგრამ მეტოქე თავისსავე შერკინებაში შევავიწროვეთ, დაცვაზე მომართული გუნდი შეტევაში სწრაფად გადაერთო და კაპიტანმა ბექა საღინაძემ შეხვედრის მეორე ლელო მიითვალა. ამის შემდეგ წვიმის ფონზე მორაგბეებს ტექნიკური წუნი შეემთხვათ და 22-ე წუთზე მეტოქეს მიეცა ჯარიმით ანგარიშის შეცვლის შესაძლებლობა, მაგრამ დამრტყმელმა ვერ ივარგა. თუმცა მეტოქემ შეძლო ქართველების ნახევარზე დარჩენა და მათი მონდომება ლელოთი დასრულდა. ტაიმის დასკვნითმა წუთებმა კვლავ ქართველების აქტიურობაში ჩაიარა, მოწინააღმდეგე ხშირად რომ ჯარიმდებოდა სინბინითაც დაისაჯა, მაგრამ წითელ ზოლში თავის დაცვა მოახერხა და შესვენებაზე მისაღები სხვაობით გავიდა.

მეორე ტაიმი ისევ „ბორჯღალოსნების“ იერიშით დაიწყო, ლელოც აუცილებლად გავიდოდა, მაგრამ რუმინელებმა ის ჯარიმის ხარჯზე ჩაშალეს და რადგან სხვაობა სოლიდური არ იყო, აფრასიძემ ნაღდი 3 ქულის აღება არჩია. წვიმა რომ შეწყდა და მზემ გამოანათა, ქართველებმაც ხელდახელ თამაშს მოუხშირეს და კარგად გათამაშებული კომბინაციის შემდეგ, ივანე კალანდაძემ ბოლო მცველს გადაუარა. რუმინელთა მეორე ლელოს საქართველოს ნაკრებმა კიდევ ერთი მიძალებით უპასუხა და რუმინელები საჯარიმო ლელოთი დაისაჯნენ, ხოლო კიდევ ერთ ლამაზ, გაშლილ იერიშს კალანდაძის დუბლი მოყვა.

საქართველოს ნაკრები არც ამის შემდეგ მოეშვა, ლამაზად ბურთაობა გააგრძელა და მორიგი ლამაზი შეტევა სანდრო სვანიძემ დააგვირგვინა. სულ ბოლოს მორკინალებმა მიძალებით და ხაზის ჩართვით კიდევ ერთხელ შეუტია, მოლისა და რამდენიმე მოკლე დარტყმის შემდეგ მარცხენა ფლანგზე თენგიზ გიგოლაშვილი მარტო დარჩა და რუმინელთა რბევა დაასრულა - 49:10.

ნახევარფინალში ქართველთა მეტოქე დღეს საღამოს გამოვლინდება. მასპინძელი პორტუგალია გერმანიას ეთამაშება და ბოლო წლების შედეგების გათვალისწინებით, ალბათ ნახევარფინალში სწორედ“უმცროსი ლობუში“ გვერგება.

„მეტოქისგან უფრო მეტს ველოდით. თამაშმა წვიმის ფონზე ჩაიარა და ამის გამო ტენიკური წუნი გვქონდა, თორემ ანგარიშში სხვაობა ბევრად დიდი იქნებოდა. ვდომინირებდით დერეფანში და შერკინებაში, თამაში სრულად ჩვენი კარნახით წარიმართა და ჯამში შედეგით კმაყოფილი ვართ. მცირე ხნით გავიხარეთ და ამ წუთიდან ვიწყებთ მზადებას შემდეგი თამაშისთვის. მოწინააღმდეგე ჯერჯერობით უცნობია, მაგრამ ჩვენი ამოცანაა შეცდომები გამოვასწოროთ და ნახევარფინალში უფრო ლაღი თამაში ვაჩვენოთ“ - უთხრა worldrugby.ge-ს 18-წლამდელთა მწვრთნელმა მიხეილ სუჯაშვილმა.

კიდევ ერთ დასრულებულ მეოთხედფინალში, ბელგიის ნაკრებმა რუსეთს 8:6 სძლია.

ზურა ქსოვრელი


კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
0.08333