საქართველოს მორაგბეთა ეროვნულმა ნაკრებმა რუსეთის ნაკრები რაგბი ევროპის ჩემპიონატის მე-4 ტურში 33:0 დაამარცხა, რაც აბსოლიტურად მისაღები ანგარიშია, მაგრამ ტრიბუნაზე მისულმა მაყურებელმა სასურველი თამაში მხოლოდ დასკვნითი 15 წუთი იხილა.
მანამდე და განსაკუთრებით პირველ ტაიმში, “ბორჯღალოსნებმა” გვარიანად გვანერვიულეს, რაც ჩვენი შეცდომების ბრალი უფრო იყო, ვიდრე მეტოქის სიძლიერისა, თუმცა, გარჯა არც სტუმრებს უნდა დავუკარგოთ. რუსეთის ნაკრებმა საათზე მეტხანს გაძლო და მათ დამრტყმელ რამილ გაისინს უკეთესი მიზანი რომ ჰქონოდა, ეგებ ტაიმიც მოეგო, მაგრამ ნებისმიერ შემთხვევაში, ჩვენი მორაგბეების და მთლიანობაში გუნდის კლასი “დათვებისაზე” მაღალი რომაა, ვფიქრობ, შედეგი მაინც ლოგიკური დადგებოდა.
სამართლიანები უნდა ვიყოთ და მილტონ ჰეიგის გეგმები პირველი ტაიმის შუაში მგეზავი ლაშა ხმალაძის ტრავმამ მნიშვნელოვნად შეცვალა. მისი შეცვლის შემდეგ მანამდე ფილბეკად მოთამაშე მერაბ კვირიკაშვილმა მგეზავად გადაინაცვლა, ფულბეკად გარემარბი გიორგი აფციაური გადავიდა, ხოლო ამ უკანასკნელის პოზიცია შეცვლაზე ნაადრევად შესულმა თამაზ მჭედლიძემ დაიკავა. აუცილებლად უნდა ავღნიშნოთ, რომ მჭედლიძემ თამაში მაგრად გაამწვავა და მეტოქის დაცვას დიდი პრობლემევი შეუქმნა, მაგრამ მთლიანობაში, გადაადგილებებმა და იმ ექსპერიმენტებმა, რომლებიც მწვრთნელბმა მატჩამდე დაგეგმეს, ბოლომდე ვერ გაამართლა.
პირველ ტაიმში განსაკუთრებით ბევრი შეცდომა დავუშვით. წინა მატჩების მსგავსად არ იმუშავა დერეფანმა, რის გამოც რამდენიმე ჩვენი მოწოდებაც დავთმეთ; ტრადიციულად, რამდენჯერმე წინ დაგვივარდა ბურთი და ამის გამო სახიფათო იერიშები ჩაგვეშალა; დაცვაში რამდენიმე შეცდომა დავუშვით, რამდენჯერმე დავჯარიმდით და კარგია, რომ ამის გამოსწორება მეორე ნახევარში მოხერხდა; ეპიზოდებში ინდივიდუალურმა მოთამაშეებმა შეცდომები დაუშვეს და მეტოქე უფრო მაღალი კლასის რომ ყოფილიყო, ამისათვის დავისჯებოდით.
დასაწყისი ჩვენი იყო - რუსეთი დებიუტშივე დაჯარიმდა და სტადიონზე შეკრებილმა 28 ათასამდე გულშემატკივარმა და სრულიადსაქართველომ, მერაბ კვირიკაშვილის ჯარიმით გაიხარა - 3:0. აღსანიშნავია, რომ “მეკომ” ეს თამაში უმაღლეს დონეზე ჩაატარა. მისი კარში დარტყმების მაჩვენებელი 100 პროცენტია - 7-იდან შვიდივე ჯერზე ბურთმა ძელებსშუა გაიარა და ეგეც რომ არა, ღია თამაშში შეუდარებელი იყო. ის კარგად ჭრიდა ხაზს, სწორად აფასებდა სიტუაციას და საოცარ პასებს არიგებდა. განსაკუთრებით ლამაზი იყო მისი მოქმედება მესამე ლელოს დროს, თუმცა ამაზე ქვემოთ ვისაუბროთ.
გატანილი ჯარიმის შემდეგ ყველაფერი თავდაყირა დადგა. ქართველები ბურთის შენარჩუნებას ვერახერხებდნენ, მასზე კონტროლი რუსებმა დაამყარეს და მე-10 წუთზე თითქმის იმავე პოზიციიდან, საიდანაც კვირიკაშვილმა ანგარიშმა გახსნა, წონასწორობის აღდგების შანსი მიიღეს, მაგრამ გაისინმა არაზუსტად დაარტყა. 4 წუთში მას კვლავ 30 მეტრიდან შეეძლო 3 ქულის აღება და ისევ არაზუსტად დაარტყა. ამ პერიოდში უკვე გამოიკვეთა, რომ ჩვენ შერკინებასთან რუსებს შანსი არ ჰქონდათ, დერეფანში კი, ვალში არ დაგვრცნენ და შეცდომები მათაც მრავლად დაუშვეს.
მე-20 წუთზე “დათვებს” ლელოს გატანის შანსი მიეცათ. ფეხით შეცურებული ბურთისკენ ერთბაშად სამი სტუმარი დაიძრა, მაგრამნ ახალგაზრდა აფციაურმა სიტუაცია კარგად შეაფასა და მოიერიშე როგორც კი ბურთს წაეტანა ეგრევე გვერდით ხაზს იქით გადაიყვანა. ლელოს გადავრჩით, თუმცა თამაში ვერ დავალაგეთ და მალე გაისინმა კიდევ ერთი შანსი მიიღო, მაგრამ გაისინმა 40 მეტრიდან კვლავ არაზუსტად დაარტყა. მალე უკვე ფულბეკად გადასულმა აფციაურმა ბურთთან განშორება დააგვიანა და რადგან მასზე ერთბაშად სამი შემტევი გავიდა, ხიფათის საშიშროების წინაშე აღმოვჩნდით, თუმცა ახალგაზრდა “ბორჯღალოსანმა” სიტუაციიდან საუკეთესო გამოსავალი ნახა, ხაზი გაჭრა და სახიფათო შეტევაც წამოიწყო, რომელსაც მეტოქის დაჯარიმება მოყვა და კვირიკაშვილმა 40 მეტრიდან ზუსტად დაარტყა.
ტაიმის ბოლოს საქართველოს ნაკრებს ლელოს გატანის შანსი ჰქონდა. მეტოქის შერკინების მოგების შემდეგ ბექა ბიწაძემ კარგად შეუტია, იერიში ჯერ მარცხნივ გაიშალა, დარტყმების სერიას დაცვაში სივრცეების გაჩენა მოყვა და მარჯვენა ფლანგზე ოთხი შემტევი ორი მცველის წინააღმდეგ რჩებოდა, მაგრამ აფციაურმა პასუ ვერ შეიმაგრა. მერე 5-მეტრა დერეფნიდან მოლის აგორების შანსი იყო, თუმცა აუტმა არ ივარგა და ტაიმი 6:0 დასრულდა.
მეორე ტაიმის პირველმა 20-მა წუთმა კვლავ ბრძოლაში, შეცდომების ფონზე ჩაიარა, მაგრამ უკვე გამოიკვეთა ქართველთა ტერიტორიული უპირატესობა. ანგარიშიდან გამომდინარე, 55-ე წუთზე კვირიკაშვილმა თითქმის ცენტრიდან ჯარიმის კარში დარტყმა გადაწყვიტა და არც შემცდარა - 9:0. რუსები აირივნენ და თამაშში ბურთი ვერ შეიყვანეს, მჭედლიძემ ის სწრაფად აიტანა ცენტრალურ ხაზთან და შეცვლაზე შესული ზურაბ ჟვანიაც კარგად მიყვა. “სტად ფრანსეს” კვაჭი ფლანგზე დაიძრა და 22-მდე კარგადაც იარა, თანაც გზად ხელის კვრით მბოჭავები არ მიიკარა, მაგრამ ერთ-ერთ ეპიზოდში მისი ფეხი გვერდით ხაზს შეეხო.
დერეფანის შემდეგ მეტოქეს ბურთი ავართვით და რეფერი ჩვენს სასარგებლოდ ჯარიმის დანიშვნას გეგმავდა, მაგრამ გვერდით მსაჯს მოუსმინა, ჯარიმა რუსების სასარგებლოდ დანიშნა და მიხეილ ნარიაშვილი გაასინბინა. კაცნაკლულმა ქართველებმა აბურთავებული რუსებისგან თავი ისე დაიცვეს, რომ მეტოქეს უკან დაახევინეს, მერე ჯარიმის შესრულების უფლება მოიპოვეს და კვირიკაშვილმა მასპინძელთა უპირატესობა 12:0 გახადა. აი აქ რუსები გატყდნენ, მით უმეტეს, რომ 66-ე წუთზე ყვითელი ბარათი ნიკოლაი სერკოვმა მიიღო და მეტოქეთა რაოდენობა გათანაბრდა.
მალე საქართველოს ნაკრების შემადგენლობა შეივსო და შერკინებიდან წამოწყებულ კომბინაციას პირველი ლელო მოყვა: შეტევა ბიწაძემ დაიწყო, გიორგი ნემსაძემ ხაზი გაჭრა და 10 მეტრა იარა, რაქიდან მამუკა გორგოძემ კიდევ უფრო წინ წაიწია, მარცხენა ფლანგზე მეტობა შეიქმნა ბურთიც იქ სწრაფად ჩათამაშდა, მერან შარიქაძემ დავით კაჭარავას უპასა, რომელმაც 20 მეტრი მცველებთან ბრძოლით დაფარა და მე-80 სანაკრებო შეხვედრაში თავისი მე-17 ლელო გაიტანა. ასე აღნიშნა რუსული “ენისეის” მოთამაშემ საიუბილეო სანაკრებო თამაშის ჩატარება. გარდასახვისას კვირიკაშვილი არ შეცდა - 19:0.
მალე ყვითელი ბარათი პაველ ბუტენკომ მიიღო და სტუმრების საქმე მთლად უკან წავიდა. ჯერ შარიქაძე ერთ მცველს გაექცა და მურაზ გიორგაძეს უფრო მარცხნივ ზუსტი პასი რომ გაეხერხებინა, ლელო გარდაუვალი იქნებოდა, მაგრამ ასე არ მოხდა. მერე რუსებს ბურთი ავართვით, ბიწაძე ზედ ხაზთან შეაჩერეს, ზედახორა რამდენიმე წამს გაგრძელდა, მერე ბურთი ჟვანიამ მოიხელთა და რუსები იქვე მეორედ დაალელოვა. კვირიკაშვილი ზუსტი იყო.
დრო კიდევ რჩებოდა და მალე მესამე, ლამაზი ლელო გავიდა. დერეფნის შემდეგ კარლენ ასიეშვილმა შეუტია, მერე ლაშა ლომიძემ დაარტყა, კვირიკაშვილმა ცრუმოძრაობაზე ორი მცველი დაიჭირა, კიდევ ორს შორის გაძვრა და ჯვარზე შეტევის დამწყები ასიეშვილი შეიყვანა, რომელიც ვეღარავინ შეაჩერა და “ბრივის” ბურჯმა მე-9 სანაკრებო მატჩში თავისი პირველი ლელო გაიტანა. კვირიკაშვილმა გარდასახვით საბოლოო ანგარიში დააფიქსირა - 33:0 და წინაა გადამწყვეტი მატჩი რუმინეთთან, რომელიც ბუქარესტში 21 მარტს გაიმართება.
ჩვენმა მომავალმამეტოქემ და უმთავრესმა კონკურენტმა რუმინეთმა, გერმანია არ შეაფასა და სტუმრად მძიმე ბრძოლაში დიდი გაჭირვებით იმარჯვა. “მუხებმა” ანგარიში ჯარიმით გახსნეს, მასპინძლებმა არეკნით უპასუხეს, მე-20 წუთზე რუმინეთი ლელოთი დაწინაურდა, მაგრამ გარდასახვა ვერ გაიტანა და 23-ე წუთზე გაშვებული ჯარიმის შემდეგ, ტაიმი მხოლოდ 8:6 მოიგო. გერმანიამ 58-ე წუთზე ჯარიმა გაიტანა და ერთი ქულით დაწინაურდა, სტუმრებმა უპირატესობა 69-ე წუთზე ჯარიმით დაიბრუნეს, მაგრამ 75-ეზე ჯარიმა თავადაც გაუშვეს და 12:11 - სენსაციის სუნი დატრიალდა. მაგრამ საქართველოს ვადაზე ადრე გაჩემპიონება არ ეწერა, რუმინეთმა დარჩენილ დროში ორი ჯარიმა გაიტანა და 17:12 იმარჯვა, რითაც აქართველოსთან 2-ქულიანი ჩამორჩენა შეინარჩუნა. მამაცმა გერმანიამ პირველი ქულა მრისხანე რუმინეთთან მატჩში ჩაიწერა.
ტურის კიდევ ერთ მატჩში ესპანეთი პორტუგალიას ლისაბონში 8:0 უგებდა, მაგრამ ტაიმი 8:8 დასრულდა. თამაში რომ განახლდა 20 წუთი უქულოდ მიილია, მერე ესპანეთმა ორი ჯარიმა და მათ შორის ერთი ლელო გაიტანა და 19:8 იმარჯვა.
რაგბი ევროპის 2015 წლის ჩემპიონატი
IV ტური. 14 მარტი
თბილისი. “მიხეილ მესხი”. 28 000 მაყურებელი
საქართველო - რუსეთი 33:0 (6:0)
საქართველო: 15. მერაბ კვირიკაშვილი, 14. გიორგი აფციაური, 13. დავით კაჭარავა, 12. მერაბ შარიქაძე, 11. ალექსი ხუციშვილი (23. მურაზ გიორგაძე 77), 10. ლაშა ხმალაძე (22. თამაზ მჭედლიძე 20), 9. ვასილ ლობჟანიძე (21. ვაჟა ხუციშვილი 70); 1. მიხეილ ნარიაშვილი (17. კარლენ ასიეშვილი 68), 2. სიმონ მაისურაძე (16. ზურაბ ჟვანია 45), 3. დავით ზირაქაშვილი (18. ლევან ჩილაჩავა 70), 4. გიორგი ნემსაძე, 5. ვახტანგ მაისურაძე (19. კოტე მიქაუტაძე 52), 6. შალვა სუთიაშვილი (კაპ.), 7. მამუკა გორგოძე (20. ლაშა ლომიძე 75), 8. ბექა ბიწაძე (17. კარლენ ასიეშვილი 61+68).
3 ლელო: კაჭარავა (71), ჟვანია (79), ასიეშვილი (80+)
3 გარდასახვა: კვირიკაშვილი
4 ჯარიმა: კვირიკაშვილი
1 სინბინი: ნარიაშვილი (58)
მთავარი მწვრთნელი: მილტონ ჰეიგი (ახალი ზელანდია)
მწვრთნელები: ილია მაისურაძე, ილია ზედგინიძე, ირაკლი მაჩხანელი, მაიკლ ბრედლი (ირლანდია), დიდიე ბესი (საფრანგეთი)
რუსეთი: 15. ვასილ არტემიევი (22. იური კუშნარიოვი 37), 14. მიხაილ ბაბაევი, 13. დმიტრი გერასიმოვი, 12. ვლადიმირ რუდენკო (23. ანდრეი ოტროკოვი 11), 11. იგორ კურაშოვი, 10. რამილ გაისინი, 9. ალექსეი შჩერბანი (21. რუშან იაგუდინი 72); 1. სერგეი ნოვოსელოვი (17. სერგეი სეკისოვი 45), 2. სტანისლავ სელსკი (16. ვლადიმირ კორშუნოვი 65), 3. ინოკენტი ზიკოვი (18. ანდრეი იგრეცოვი 72), 4. ანდრეი გარბუზოვი, 5. ანდრეი ოსტრიკოვი (20. ნიკოლაი სერკოვი 45), 6. ანდრეი ტემნოვი (კაპ.), 7. პაველ ბუტენკო, 8. ვიქტორ გრესევი (19. არტიომ ფათახოვი 72).
2 სინბინი: სერკოვი (66), ბუტენკო (73)
მთავარი მწვრთნელი: ალექსანდრ პერვუხინი
რეფერი: ნილ ჰენესი (უელსი)
გერმანია - რუმინეთი 12:17
პორტუგალია - ესპანეთი 8:19
საქართველო | 4 | 4 | 0 | 0 | 143:36 | 17 | 1 |
რუმინეთი | 4 | 3 | 0 | 1 | 96:46 | 15 | 3 |
ესპანეთი | 4 | 2 | 0 | 2 | 83:83 | 9 | 1 |
რუსეთი | 4 | 2 | 0 | 2 | 82:111 | 9 | 1 |
პორტუგალია | 4 | 1 | 0 | 3 | 44:79 | 5 | 1 |
გერმანია | 4 | 0 | 0 | 4 | 45:138 | 1 | 1 |
V ტური. 21 მარტი
რუმინეთი - საქართველო
რუსეთი - პორტუგალია
ესპანეთი - გერმანია
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია